in ,

ერთსართულიანი სახლი წყნეთში – ქეთუნა ყრუაშვილის პროექტი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული პროექტის გამორჩეული სტილი და დახვეწილი დიზაინი ერთი შეხედვით იპყრობს მნახველის ყურადღებას. ეს თანამედროვე სახლი დაბა წყნეთში მდებარეობს და მასზე დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა იმუშავა.

“შენობის დაპროექტებისას დიდ დროს ვატარებთ ნაკვეთზე. ვაკვირდებით ხედებს, მზეს და გარემოს. ვესაუბრებით დამკვეთებს. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მათ შესახებ: როგორ უყვართ ცხოვრება, დღის გატარება…  ამის შემდეგ კი იბადება იდეა. წყნეთის სახლის კონცეფციაც სწორედ ამ პროცესის შედეგია”, – გვიყვება ქეთუნა ყრუაშვილი.

აღნიშნულ პროექტში გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ორ ქუჩას შორის მოქცეული რელიეფური ნაკვეთი ხასიათდება საკმაოდ დიდი ვარდნით. ამას გარდა, მისასვლელი ქვედა ქუჩა მჭიდროდაა დასახლებული, მაღალი ღობეების მწკრივებით. ხედი ჩრდილოეთის მხარეს იშლება, ხოლო სამხრეთით რელიეფია.

როგორც ქეთუნა ყრუაშვილი იხსენებს, დამკვეთებს განსხვავებული ხედვა ჰქონდათ მომავალ სახლთან დაკავშირებით. ქმარს ორსართულიანი სახლი სურდა, ვინაიდან ხედით ტკბობა მეორე სართულის დონიდან იყო შესაძლებელი. თუმცა ცოლი ერთსართულიან კონსტრუქციას ანიჭებდა უპირატესობას. ამ ამოცანის გადაჭრა პროექტის ავტორებმა საკმაოდ ორიგინალური გზით შეძლეს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ ერთსართულიანი სახლი მთლიანად მეორე სართულზე აგვეტანა, ეზოიანად. ამისთვის რელიეფი შუა დონეზე გავასწორეთ, უკან მოჭრილი მიწა წინ დავყარეთ. ქუჩის მხრიდან მაღალი ღობე ამავდროულად ეზოს საყრდენია. სახურავზე ბალახის ზედაპირია, რომელიც ისე უერთდება ზედა დონეზე არსებულ ეზოს, რომ ზღვარი ფაქტიურად უხილავია. უკან მოჭრილ მიწაში გავაჩინეთ შიდა ეზოები და სამხრეთის მზე მივიღეთ სახლში. წინ კი ერთიანი დიდი ეზოა, რომელსაც არც ღობე აქვს და არც  მეზობელი ჩანს. საბოლოო ჯამში, ერთსართულიანი სახლიდან საოცარი ხედი იშლება”, – ამბობს დიზაინერი

 


     

 

არქიტექტურული სტუდია: NOAStudio

“A” ფორმის ხის კაბინა კალიფორნიაში – იანა პრიდალნას კონცეპტუალური პროექტი

მინიმალისტური სახლი ოკინავას კუნძულზე, იაპონიაში