in

მრავალდონიანი სახლი წყნეთში საინტერესო დიზაინ გადაწყვეტებით — „Spott Studio“-ს ნამუშევარი

Spott Studio“-ს ახალი პროექტი დაბა წყნეთში მდებარეობს. სახლი სამი სართულისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 430 მ2-ს შეადგენს.

საპროექტო დავალება გულისხმობდა ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მორგებული იქნებოდა ახალგაზრდა ოჯახზე (ცოლ-ქმარსა და ორ მოზარდზე) და მყუდრო, კომფორტულ და ფუნქციურ საცხოვრებელს უზრუნველყოფდა, სადაც დამკვეთების ინტერესები და მოთხოვნები სრულად იქნებოდა გათვალისწინებული.

სახლი საინტერესო გეგმარებით ხასიათდება – სამ სართულიან შენობაში ტერასულად არის განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, რომლებში მოხვედრაც დამატებითი საფეხურების მეშვეობითაა შესაძლებელი. ამგვარი გეგმარება სივრცეს ბევრად პრაქტიკულს, ერგონომიულს და საინტერესოს ხდის, მაცხოვრებლებს კი გადასაადგილებლად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, საერთო სივრცეების გახსნილი გეგმარება და ტერასული განლაგება განსაკუთრებით მოითხოვდა მისაღები ოთახის, სამზარეულოს, შემოსასვლელისა და გასართობი სივრცეების ჰარმონიულ თანხვედრას. ერთიანობის მისაღწევად სახლში აქტიურადაა გამოყენებული ხის ფაქტურები, რომლებიც სიმყუდროვესთან ასოცირდება და ბეტონით, ქვითა და მეტალით გამოწვეულ “სიცივეს” აბალანსებს.

დიდ ყურადღებას იქცევს დერეფანი და მთავარი შემოსასვლელი კარი, რომელიც 6 მეტრიან კარის ილუზიას ქმნის, თუმცა რეალურად, მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი იღება, ზემოთ კი მყარი პანელია დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ კარის სისქე კედლის სისქის ტოლია, მოდელი ძალიან მსუბუქია და ვიზუალურად ერთიან სიბრტყეს ქმნის, ხოლო მყარ პანელთან გადაბმა მაქსიმალურად შეუმჩნეველია.

მისაღები ოთახი და სამზარეულო მეორე სართულზეა განთავსებული. სივრცეში გამოყენებულია ხის ტექსტურის მასალები, თეთრი, კრემისფერი და შავი ტონები. მისაღები მინიმალისტური დიზაინითა და სადა, დახვეწილი ინტერიერით ხასიათდება. ოთახში გვხვდება შავი ბუხარი, ტელევიზორის კედელი, კომფორტული ტახტი, სავარძლები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც სივრცეს ესთეტიკურად აფორმებს.

საინტერესო დეტალია ხის გამყოფი პანელური ტიხრები, რომლებიც მოძრაობს და სურვილის შემთხვევაში, საშუალებას იძლევა, ოთახები სრულიად იზოლირებული  გახდეს.

მისაღებს სამზარეულოსგან მიჯნავს მასიური შავი ტიხარი, რომელიც სათავსოს როლსაც ასულებს. განსხვავებულ ფუნქციურ ზონებს კი ერთმანეთთან პატარა კიბე აკავშირებს.

სამზარეულოს იატაკსა და კუნძულზე არსებულ კერამოგრანიტის ფილებს ჩაშენებული ხისფერი კარადები აბალანსებს, რომლებიც ოთახს სიმყუდროვეს მატებს. სამზარეულო საკმაოდ დიდია და ერგონომიულ, კომფორტულ, მაცხოვრებლებისთვის მოსახერხებელ პირობებს ქმნის.

სამზარეულოს კუნძული, რომელიც ერთგვარ გამყოფ წერტილს წარმოადგენს, სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ითავსებს. ხოლო ვიტრაჟებთან მოწყობილია შედარებით დიდი სასადილო კუთხე, რომელიც ნარინჯისფერი სკამებით არის გაფორმებული. მთელს კედელზე დამონტაჟებული ვიტრაჟები და წერტილოვანი განათება სივრცეს სინათლით ავსებს.

მნიშვნელოვანი ფუნქციური და დეკორატიული ელემენტია კიბის ქვეშ განთავსებული უჩარჩოო კარი, რომელსაც დახრილი ფორმა აქვს. ვინაიდან კარის საფეხურები არ იძლეოდა მაღალი კარის გაკეთების საშუალებას, დიზაინერების გადაწყვეტილებით, დაბალი მოდელის ნაცვლად, დახრილი კარი დამონტაჟდა, რამაც ოთახს საინტერესო და განსხვავებული ესთეტიკა შესძინა.

საძინებლები მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით მოეწყო. მაგალითად, მთავარ საძინებელში, რომელიც საკმაოდ ვრცელია, საგარდერობო ზონაც დაპროექტდა, რომელიც ღია გეგმარებით ხასიათდება და საძილე ოთახისგან არ არის გამიჯნული. ინტერიერში ძირითადად ყავისფერი და ნაცრისფერი ტონალობები ჭარბობს, აქსესუარები და დიზაინ ობიექტები კი მცირე რაოდენობით გვხვდება. აღსანიშნავია კედლის დეკორატიული ჩანართი, რომელიც ინდივიდუალურ შტრიხებს სძენს სივრცეს.

რაც შეეხება აბაზანებს, რამდენიმე მათგანში „Wall & deco“-ს ბრენდის ულამაზესი, ლურჯ ტონალობაში გადაწყვეტილი დეკორატიული კედლის პანოებია გამოყენებული, რომლებსაც გამორჩეული განწყობა შემოაქვს სივრცეში.

გარდა პრაქტიკული ზონებისა, დამკვეთის გადაწყვეტილებით, განთავსებულია მარანი, საუნა და მაგიდის ჩოგბურთი, რაც საცხოვრებელს ბევრად მრავალფუნქციურს და საინტერესოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში დიდი უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ მასალებს და სადა, ნეიტრალურ ფერებს. მისაღებსა და საძინებელ ოთახებში გამოყენებულია „Haro“-ს ბრენდის სამშრიანი მუხის პარკეტი. დანარჩენი იატაკის საფარი, სამზარეულოს კუნძული და კედლები კი „Italgraniti“-ს, „Fiandre“-სა და „Ariostea“- ს კერამოგრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული.

მოძრავი ავეჯის ძირითადი ნაწილი ისეთი ევროპული ბრენდების პროდუქციითა დაკომპლექტებული, როგორებიცაა „Ditre Italia“, „Mogg“, „Bontempi“, „Calligaris“, „Ferm Living“. მყარი ავეჯი, სამზარეულო, კარადები და პანელები კი ინდივიდუალური შეკვეთით, ადგილობრივ ბაზარზეა დამზადებული. სახლი გაფორმებულია „&Tradition“, „Foscarini“, „Oluce“, „Floss“, „LedsC4“-ის სანათებით, რაც სივრცეს ესთეტიკურად უფრო დახვეწილს ხდის.

„Spott Studio“-ს ნამუშევარი მრავალფუნქციური, მაცხოვრებლებზე მორგებული სახლია, რომელიც საინტერესო დიზაინ გადაწყვეტილებებით ხასიათდება. მთავარი აქცენტი გახსნილი სივრცეების გეგმარებასა და მათ ტერასულ განლაგებაზე კეთდება, რომლებიც ხის გამყოფი მოძრავი პანელური ტიხრებით არის მოპირკეთებული. ინტერიერში უმეტესად ბუნებრივი მასალები — ხე, ბეტონი და ქვა არის გამოყენებული,  ფერების მხრივ კი ყავისფერი,  კრემისფერი, თეთრი და შავი ტონალობებია შერჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელში თითოეულ დიზაინ ელემენტს თავისი ფუნქცია აქვს და კონკრეტულად ამ ადგილისთვის არის შექმნილი, რაც მის ინდივიდუალურ დიზაინზე მეტყველებს.

პროექტის ავტორი: გვანცა ახალბედაშვილი, ელენე ძაძუა. 

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Spott Studio 

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: პარკეტი – „Design avenue“; კერამოგრანიტი -„Belle maison“

აბაზანის ფილები: „Veneto Design“, „Belle maison“

შემრევები: „Veneto Design“

კედლის მოპირკეთება: „Interio“, „Alcove“

განათება: „Archidea“, „Light studio“

ავეჯი: „Ditre Italia“, „Calligaris“, „Bontempi“, „Mogg“, „Ferm Living”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ევროპული სტანდარტი საცხოვრებელ კომპლექსში — 5 მთავარი უპირატესობა

Kitchen & Living-ის ვიტრინის სააღდგომო ინსტალაცია