in

შუქ-ჩრდილების თამაშით შექმნილი საცხოვრებელი სახლი წყნეთში – სტუდია Abigroup-ის ნამუშევარი

დღეს წყნეთში მდებარე ობიექტზე მოგითხრობთ, რომლის არქიტექტურაზე, ლანდშაფტის დიზაინსა და ინტერიერზე არქიტექტორმა გიორგი შანშიაშვილმა და ნინი ლაფაურმა იმუშავეს. პროექტის საერთო ფართობი 500 კვადრატული მეტრია.

დიზაინერებმა კონცეფციის შემუშავება ადგილმდებარეობის შესწავლით დაიწყეს. მათთვის პრიორიტეტული იყო დღის ყველა მონაკვეთში სივრცეში საინტერესო შუქ-ჩრდილების შექმნა, ამიტომ მნიშვნელოვანი გახდა მზის მოძრაობისა და ხედების განსაზღვრა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკვეთს ულამაზესი ხედი აკრავს გარს, პროექტის ავტორებს სურდათ ინტერიერში გარე სივრცის მაქსიმალური ინტეგრაცია. გეგმარებისას კი გათვალისწინებული იქნა დამკვეთის სურვილები მაქსიმალურად მოსახერხებელი გარემოს შესაქმნელად.

ნინი და გიორგი ობიექტის მუშაობის პროცესში ნაკვეთის შერჩევის დღიდან იყვნენ ჩართულები და საავტორო ზედამხედველობას ყოველდღიურად ახორციელებდნენ. შესაბამისად, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი პარალელურად დამუშავდა, რამაც საბოლოო სახე და წარმატებული შედეგი განსაზღვრა.

მზის მოძრაობის ტრაექტორიის შესწავლის წყალობით სახლში დღის ყველა მონაკვეთში საინტერესო შუქ-ჩრდილები იქმნება. წინა და უკანა ეზოს ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ხედის ხაზგასასმელად კი სახლმა მაქსიმალურად გამჭოლი სახე მიიღო – სხვადასხვა წერტილიდან, ვიტრაჟების წყალობით, შიდა და გარე კონცეფცია გაერთიანდა და უწყვეტი ხედი შეიქმნა, შედეგად კი სივრცეში უხვი ბუნებრივი განათება გაჩნდა.

ექსტერიერსა და ინტერიერში გამოყენებული მასალები ერთმანეთთან თანხვედრაშია – ბუნებრივი ხის ტექსტურები, ბეტონის ზედაპირები, თეთრი და ნაცრისფერი ტონები სხვადასხვა ვარიაციით მეორდება, რაც სივრცეს ერთიან, ჰარმონიულ სახეს აძლევს.

სახლის ფასადზე, შესასვლელის მხრიდან, უხეში ბეტონია გამოყენებული, რომელიც ბუნებრივი მუხის ვერტიკალური ელემენტებითაა დაბალანსებული. ექსტერიერის თეთრად შეღებილი უხეში ნალესი, შედარებით მსუბუქი ბეტონის ტექსტურებითა და მეტალის შავი ვერტიკალური მოაჯირებით ეზოს სიმწვანეს იდეალურად ეხამება.

დიდი და კომფორტული სამზარეულო, დაფარული დამხმარე სათავსოთი და საერთო ოთახით გარე ტერასასა და აუზს უკავშირდება. ამავდროულად, სივრცეში განთავსებულია ერთი კაბინეტი, ხუთი საძინებელი, ინტეგრირებული საგარდერობო ადგილებითა და სველი წერტილებით.

ვრცელი და მოცულობითი შემოსავლელი სივრცე სადა, ნათელი და მინიმალისტური ინტერიერით ხასიათდება. ბეტონის დეტალები, რომლებიც ცივ და უხეშ გარემოს ქმნის, ხის კონსტრუქციითა და უხვად გამოყენებული მცენარეებითაა დაბალანსებული.

უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა განათებას, რომელიც სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებული სანათებითა და მთლიან კედელზე არსებული დიდი ზომის მინის ფანჯრებით მიიღწევა.

შედარებით დატვირთულია გაერთიანებული მისაღები და სასადილო სივრცე. სისადავისა და საერთო ხასიათის შესანარჩუნებლად აქაც თეთრი ფერი დომინირებს, თუმცა აქცენტის სახით გვხვდება შავი ტონალობაც, რომელიც მას ელეგანტურობასა და მრავალფეროვნებას ანიჭებს. მოცულობითი დივანი, ტელევიზორის კუთხე, ხალიჩა და მცენარეები კი ოთახს მყუდრო და კომფორტულ შტრიხებს სძენს.

ნარინჯისფერი სკამები და ღია ხისფერი მაგიდა სასადილო სივრცეს ფერადოვანს ხდის და სახლის საერთო ინტერიერს აცოცხლებს. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დიზაინის მქონე ფერადი სანათები, რომლებიც გარემოს უფრო მიმზიდველს წარმოაჩენს.

სამზარეულოში ნათელი ტონალობა და კლასიკური სტილი გვხვდება. აღნიშნული სივრცის მინიმალისტური ინტერიერი მსუბუქ და მშვიდ გარემოს ქმნის და სისადავის განცდას ბადებს. ყურადღებას იქცევს სამზარეულოს წინსაფარზე არსებული ფანჯარა, რომელიც ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკური დატვირთვის მქონეა. აქვე გვხვდება უხილავი საკუჭნაო, რომელში შესვლაც სამზარეულოს ფასადის მხრიდანაა შესაძლებელი.

საძინებლები სადა და დახვეწილი დიზაინით ხასიათდება. მათში მსგავსი სტილი მეორდება – პასტელური ფერები, ხის დეტალები, ნაკლებად გადატვირთული სივრცე, ნათელი ოთახები და მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გარემო. თითოეულ მათგანში დამატებით გამოყოფილია საგარდერობო ზონა, რომელიც მას მოსახერხებელს და მაცხოვრებელთა საჭიროებებზე მორგებულს ხდის.

მრავალფეროვანი სააბაზანო სივრცეები სახლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ დეტალს წარმოადგენს. ისინი თანამედროვე, მიმზიდველი და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და ერთი ნახვით იქცევს ყურადღებას.

დიზაინერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო, კიბის უჯრედზე მუშაობა აღმოჩნდა. როგორც გიორგისა და ნინისგან ვიგებთ, მათ 2 ტიპის საფეხურები მოარგეს სამკუთხა სივრცეს და სამნაირი მოაჯირი ფუნქციურად ერთმანეთს შეუსაბამეს. შედეგად, შეიქმნა კიბის უჯრედი, რომელიც საცხოვრებლის კონცეფციის მატარებელია და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. შესასვლელი ადგილი კი ერთგვარი გამანაწილებელი სივრცეა აქტიურ და პასიურ ზონებს შორის.

რაც შეეხება ლანდშაფტის დიზაინს, ხედთან მაქსიმალურად ინტეგრირების მიზნით, რელიეფი დამკვეთის სურვილის მიხედვით მოსწორდა და არასტანდარტული, მოაჯირის ტიპის ღობე დამონტაჟდა. აუზი დაგეგმარდა ყველაზე მზიან ადგილას, მცენარეები კი ნაკვეთის პერიმეტრზე განთავსდა, რათა ხედი არ დაფარულიყო. სიცოცხლის მისაცემად, უხეში ბეტონი მარადმწვანე, მცოცავი მცენარეებით მოირთო, მეტი სიმწვანის მისაღწევად კი სავალ ნაწილზეც ბალახის ქვაფენილი დაიგო, რათა ვიზუალურ სილამაზესთან ერთად, ეზო ფუნქციურიც გამხდარიყო. სახლის საერთო იერსახის განსაკუთრებული ნაწილია სამზარეულოს ფანჯრიდან არსებული ხედი – ულამაზესი ნეკერჩხლის ხე, რომელიც ყოველ სეზონზე ფერს იცვლის.

სახლი წყნეთში წარმოადგენს სადა, ფუნქციურ არქიტექტურას, რომელშიც საინტერესო დეტალებითა და ხარისხიანი მასალის გამოყენებით ერთიანი სურათი მიიღება. ინტერიერი ხასიათდება ნათელი, თანამედროვე და ზომიერი დიზაინით, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ.

აღსანიშვანია, რომ სახლი ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი. 

დიზაინ სტუდია: Abigroup

პროექტის ავტორები: გიორგი შანშიაშვილი, ნინი ლაფაური

იატაკის საფარი: კერამო გრანიტი Marazzi, პარკეტი Dani

აბაზანის ფილები: Diesel, Fiandre, Ariostea, Marazzi, Ceramica ribesalbes

შემრევები: Paffoni, Palazzani

კედლის მოპირკეთება: Caparol, Marazzi

განათება: New light

ალუმინის საფასადო ვიტრაჟი –  ALUMINCO

ფასადის ფაქტურული ლესვა და დეკორატიული ლესვა ბეტონის ეფექტით – კაპაროლი

მოსრიალე ინტერიერის გამყოფი ტიხარი –  KLEIN

სამშენებლო ქიმიკატები – FIXA

სისტემის შუალედური ჭები – PIPELIFE GEORGIA

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი?

ProfilDoors – კარების საერთაშორისო ბრენდი უკვე საქართველოშია!