დღეს ინტერიერის დიზაინერ ნია მგელაძის ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 120 კვ. მ-ია. ის ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის. დამკვეთის სურდა, ორი მოზარდისთვის იზოლირებული ზონები მოწყობილიყო, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სივრცეს შექმნიდა. შედეგად, ორი პატარა ბინა შიდა გამავალი კარით გაერთიანდა და ახალგაზრდა წყვილისა და მათი შვილებისთვის დამოუკიდებელი ზონები მოეწყო.
მშობლებისთვის განკუთვნილი ნაწილი მისაღებსა და სამზარეულოს, სველ წერტილს სტუმრებისთვის, სამუშაო ოთახს და მთავარ საძინებელს აერთიანებს; ბავშვების ზონა ორი საძინებლის, ერთი სველი წერტილისა და მოსასვენებელი კუთხისაგან შედგება.
დიზაინერის თქმით, პროექტში განსაკუთრებულ ადგილს პატარა ზომის განათებები იკავებს, რომლებსაც ნია თავის პროექტებში ხშირად იყენებს. დამატებითი განათება ფუნქციების მიხედვით ერთმანეთისაგან მიჯნავს სხვადასხვა ზონას.
ინტერიერში საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის მასალებია გამოყენებული, მაგალითად, ლამინატი – იატაკისა და ავეჯის დიდი ნაწილისთვის. ერთი ტონალობის კედლის ქაღალდი ორ სივრცეს ჰარმონიულად აკავშირებს, შემოსასვლელის გამყოფი ტიხარი დეკორის სახითაა გამოყენებული; რბილი ავეჯისა და საწოლების ტექსტილი კედლის ქაღალდის ფაქტურასა და ფერთა გამას იმეორებს; ერთი ფერის ფილებით მოპირკეთებული აბაზანა დეკორატიული სანათებითა და სარკეებითაა გაფორმებული.
გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო სისადავითა და სიმსუბუქით ხასიათდება. ღია ფერის ავეჯი კედლების ფერს ჰარმონიულად ერწყმის. ზონას განსაკუთრებულ მყუდროებას ჰმატებს კომპაქტური სამზარეულო, რომელშიც თეთრი და რძისფერი ჭარბობს. სივრცეს ვიზუალურად ამდიდრებს მრგვალი სასადილო მაგიდა, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მთლიანი ბინის მსგავსად, განათება აქაც დიდ როლს ასრულებს – გამოკვეთს ზონას და ხაზს უსვამს მის იერსახეს.
ყურადღებას იქცევს დეკორატიული ტიხარიც, რომელიც ინტერიერს მეტ მომხიბვლელობას სძენს და სამზარეულოსა და მისაღებს შემოსასვლელ სივრცესთან აკავშირებს. მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ შემოსასვლელს მცირე ფართობი აქვს, თუმცა, სარკის წყალობით, გაცილებით დიდი ჩანს.
პროექტის ავტორის თქმით, მთავარი გამოწვევა მცირე ფართობი იყო, ამიტომ შეეცადა, თავისუფალი სივრცეები მაქსიმალურად აეთვისებინა. ამის ნათელი მაგალითია საძინებლის ტევადი სათავსო, რომელიც აბაზანის კარზე გარედანაა შემოვლებული და დეკორატიულ კედელს ქმნის.
მყუდრო, კომფორტული საძინებლები ერთ ტონალობაშია გადაწყვეტილი. ინტერიერში სასიამოვნო განწყობა და თბილი ატმოსფერო იგრძნობა, რაც საწოლისა და ფარდის ტექსტილითა და განათებებით მიიღწევა. ოთახები ისეა განაწილებული, რომ საძილე, სამუშაო და საგარდერობო ზონები გამიჯნულია, რისი წყალობითაც მოსახერხებელი და პრაქტიკული სივრცეები იქმნება. საძინებლებში ძირითადად ნეიტრალური ტონებია გამოყენებული: ღია ნაცრისფერი, ღია ყავისფერი, თეთრი და კრემისფერი.
სააბაზანო ოთახებში ვხვდებით ღია მწვანე ტონალობას, რომელიც ინტერიერს ამდიდრებს. მეტი მრავალფეროვნებისთვის გამოყენებულია დეკორატიული სარკეები და საინტერესოდ დამონტაჟებული განათება.
ნია მგელაძე მიიჩნევს, რომ ბინა საკმაოდ მყუდრო და პრაქტიკულია. პროექტი ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნებს ზუსტად ერგება. სადა, ნათელ, მინიმალისტურ ინტერიერს საინტერესო განათება კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდის.
პროექტის ავტორი: ნია მგელაძე
გამოყენებული მასალა:
ფილები – „იდეალი“, „კაფელის სახლი“
ლამინატი – „დანი“
კედლის ქაღალდი – „ჯაოკენი“
რბილი ავეჯი – „ნიუ ჰოუმი“
განათება – „Brand R“, „ახალი ნათება“, „მირას ლაითი“.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის