აღნიშნული სახლის ინტერიერის დიზაინი შრე სტუდიომ მაშინ შეიმუშავა, როცა სახლი უკვე აშენებული იყო. პროექტის ავტორების თქმით, დამკვეთების სურვილი და ხედვა უფრო ტრადიციული, ვინტაჟური სტილის ინტერიერის შექმნა იყო. თუმცა, შრე სტუდიოს გუნდის ხელწერა უფრო თანამედროვე, მინიმალისტური, სადა ფორმები და დიზაინ გადაწყვეტებია. ეს კი, როგორც ჩანს, საინტერესო გამოწვევა და ამავდროულად, შესაძლებლობა აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რადგან საბოლოო ჯამში, დიზაინ სტუდიამ დამკვეთს შესთავაზა სინთეზი ტრადიციული და თანამედროვე მინიმალისტური სტილისა.
შედეგად, მიღებულ იქნა უნიკალური და გამორჩეული ინტერიერი, რაც ყოველ ჯერზე ახდენს შთაბეჭდილებას სტუმრებზე. სამზარეულო ამის ყველაზე კარგი ილუსტრაციაა. ასევე საინტერესო გადაწყვეტები გვხვდება მისაღებში, სადაც დინამიური ფორმებისა და მკაცრი არქიტექტურული განმეორებითი, რითმული თაროების “გრიდი” ერწყმის ერთმანეთს.
მოძრაობა და დინამიკა შემოაქვს სართულებს შორის დამაკავშირებელ კიბეს, რომელიც შესრულებულია კორიანში და მეტალში. ყველა სივრცის გამაერთიანებელი კი თეთრი ფერია, რომელიც სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა მასალებთან ერთად გვხვდება. ამ ყველაფერს კი ხე და ხის ფერები აბანალსებს და ქმნის “სახლური” სითბოსა და სიმყუდროვის ატმოსფეროს.
მთავარი დიზაინერი: ივა მაზმანიშვილი
წარმოების ხელმძღვანელი: ლაშა გონგლაძე
ფოტოგრაფი: მახო ყიფშიძე