არქიტექტურულ თუ დიზაინ პროექტებში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც უკვე არსებული, მრავალჯერ გადაკეთებული სივრცის ხელახლა მოწყობა და მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგება ხდება აუცილებელი, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დღევანდელ სტატიაში სწორედ მრავალჯერ სახეშეცვლილი საცხოვრებელი შენობების სპეციფიკას განვიხილავთ და საინტერესო რჩევებს გაგაცნობთ, რომელსაც სტუდია „Studio Murmuration“-ი გვიზიარებს.
„შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, ჩვენ ხშირად მოგვმართავენ დამკვეთები, რომლებმაც შეიძინეს ან ცხოვრობენ ისეთ სახლებში, სადაც მრავალჯერადი გადაკეთების, მიშენებისა თუ დაშენების მიუხედავად, მაცხოვრებლების კომფორტი უზრუნველყოფილი არ არის. ასეთი ნაგებობების რეკონსტრუქცია, წესრიგში მოყვანა კი საკმაოდ საინტერესო, რთული და საპასუხისმგებლო პროცესია“, — აღნიშნავს “Studio Murmuration” –ის დამფუძნებელი ანუკი ბაბაკიშვილი.
ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობას პროფესიონალთა ჯგუფი თავდაპირველად შენობის შესწავლითა და მშენებლობის ეტაპების კვლევით იწყებს, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიურ დასკვნას აკეთებს, კონსტრუქტორთან თანამშრომლობით კი, ყველა მონაცემის საფუძველზე, ახალ პროექტს ადგენს.
„Studio Murmuration“-ის წარმომადგენელი მაგალითისთვის სტუდიის ერთ-ერთ რეალიზებულ პროექტს გვიზიარებს, რომელმაც არაერთი ცვლილება განიცადა სასურველი შედეგის მისაღებად.
როგორც დარგის ექსპერტი გვიხსნის, შენობა თავდაპირველად ერთსართულიანი იყო. მასზე მოგვიანებით მეორე სართული დააშენეს და კიბე დაამონტაჟეს. მეტი კომფორტისთვის აივანიც კედლებით შემოსაზღვრეს. სველი წერტილის არარსებობის გამო კი სახლის გვერდზე პატარა შენობა მიაშენეს, რომლის დონე არსებულ შენობასთან შედარებით, ნახევარი სართულით დაბლა აღმოჩნდა. საბოლოოდ, მაცხოვრებლებისთვის არაკომფორტული, უფუნქციო სივრცე შეიქმნა, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებდა.
გეგმარებითი და სარემონტო სამუშაოების შედეგად, შენობის გვიანდელი მინაშენების დემონტაჟი განხორციელდა, რამაც ოთახებს შორის განიავებისა და განათების შესაძლებლობა უზრუნველყო. ამასთანავე, სახლს ავტოფარეხი და აუზიც შეემატა, კიბის ქვეშ კი სველი წერტილი განთავსდა, რამაც სწორად გადანაწილებული, ფუნქციური და პრაქტიკული საცხოვრისი განაპირობა.
„დამკვეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ შევჯერდით, რომ შენობის ფართობი არ განსაზღვრავს შენობის ხარისხს. მას ჩამოვაშორეთ ყველაზე გვიანდელი მინაშენი, რითაც გამავალ ოთახებს დავუბრუნეთ ინსოლაცია და განიავების საშუალება. დამკვეთის თხოვნით, შენობის სახურავი ვაქციეთ ტერასად, დავამატეთ დახურული ავტოფარეხი და აუზი. ასევე, კიბესაც შევუცვალეთ დიზაინი და მის ქვეშ მოვაქციეთ სველი წერტილი“.
მსგავსი ტიპის შენობების რეკონსტრუქციისთვის „Studio Murmuration“-ი რამდენიმე საინტერესო რჩევას გვიზიარებს:
სივრცის ერთიანობის შენარჩუნება
არქიტექტორ-დიზაინერი ანუკი ბაბაკიშვილი გვირჩევს, რომ პრობლემის მოგვარებას ლოკალურად არ ვეცადოთ. თავი შევიკავოთ ცალკეული სივრცეების გადაკეთებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხოვრებლის მთლიანობა დაირღვევა და სივრცეში დისკომფორტი შეგვექმნება.
„ნუ მოაგვარებთ სივრცით პრობლემებს ლოკალურად. თქვენი სახლი ერთი ორგანიზმია, ცალკეული სივრცეების გადაკეთებამ კი შესაძლოა, შენობა მოუხერხებელ საცხოვრისად აქციოს, გაზარდოს სარემონტო სამუშაო და მისი ხარჯები“.
უფუნქციო სივრცეების დანგრევა
ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, უფუნქციო სივრცეებს ადვილად გამოვეთხოვოთ და არ ვეცადოთ მათ შენარჩუნებას, რადგან ისინი საცხოვრებლის ფუნქციურ გამოყენებას ხელს უშლის.
„რაც არ უნდა გვენანებოდეს აწ უკვე აშენებულის დანგრევა, თავს ვიმართლებდეთ, რომ კონკრეტულ სივრცეებს ნამდვილად გამოვიყენებთ, სახლში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად სჯობს ეს მსხვერპლი გაიღოთ და არ შეიკავოთ თავი მსგავსი ზონების დემონტაჟისგან“.
სამოძრაო ბილიკების გეგმარება
ანუკი ბაბაკიშვილი საუბრობს სამოძრაო ბილიკების განსაზღვრაზეც, რა დროსაც უმჯობესია მსგავსი დანიშნულების ზონები გავაერთიანოთ, რათა სივრცე დავზოგოთ. ასევე, რეკომენდებულია თავი ავარიდოთ სივრცეში დიაგონალურად განლაგებულ ღიობებსა თუ კარს, რადგან ამგვარი განლაგება ავეჯის სწორად და ფუნქციურად გადანაწილებაში გვიშლის ხელს.
დერეფნისა და ოთახების ერთმანეთისგან გამიჯვნა
„ხშირად ვაწყდებით ფაქტს, როდესაც ამდენი მიშენება-დაშენებისგან საკმაოდ დიდი ოთახები ითავსებს დერეფნის ფუნქციას, საუბარია ე.წ. გამავალ ოთხებზე. მათ არ აქვთ არც ფანჯარა და არც განიავების რაიმე ალტერნატივა. ასეთ ოთახებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სიჯანსაღე და მათგან დერეფნის ფუნქციის გამოყოფა ტიხრით ან ავეჯის საშუალებით მაინც უნდა მოხდეს“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა
დარგის ექსპერტი გვირჩევს, ფინანსები სწორად გადავანაწილოთ და მისი რაციონალურად გამოყენებისთვის მივმართოთ პროფესიონალს — არქიტექტორსა და დიზაინერს, რომელიც თავიდან აგვარიდებს უფუნქციო სივრცეების კეთილმოწყობას და საცხოვრებელს ჩვენი საჭიროებებისა და მოთხოვნების მიხედვით გადააკეთებს.
„თუ სახლის გადაკეთებისთვის საჭირო სრული ბიუჯეტი ხელთ არ გაქვთ, ნუ მიიღებთ მარტივ გადაწყვეტილებებს ახლა. ნუ დახარჯავთ თანხას ისეთი სივრცეების მოწესრიგებაში, რომლებიც მომავალში შესაძლოა დასანგრევი გახდეს. ანდეთ საქმე არქიტექტორს, მას შეუძლია როგორც თქვენი სახლის დაგეგმარება, ასევე მისი მშენებლობის ეტაპებად დაყოფა, ამგვარად კი თქვენ შეძლებთ საბოლოო მიზნის მიღწევას ზედმეტი დანაკარგების გარეშე“, — „Studio Murmuration“.