in

რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას საქართველოში? – 6 რჩევა ექსპერტისგან

უძრავი ქონების შეძენა ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელია, ამ პროცესს მაქსიმალური სიფრთხილითა და ყურადღებით მოვეკიდოთ, რათა თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი.

როგორც ცნობილია, უძრავი ქონების სექტორი საკმაოდ მრავალმხრივი და პრობლემურია. არაერთი განცხადებისა და შესაძლო ვარიანტის მიუხედავად, ხშირად რთულია შესაფერისი საცხოვრებლის პოვნა, რადგან განცხადებების უმეტესობა არასაიმედოა. პრობლემები ასევე გამოწვეულია იმ მიზეზითაც, რომ ადამიანები, რიგ შემთხვევაში, არაპროფესიონალ უძრავი ქონების აგენტებს მიმართავენ. ამიტომ დღეს იმ ძირითად რჩევებს გაგაცნობთ, რომლებიც უძრავი ქონების სწორად და უსაფრთხოდ შეძენაში დაგეხმარებათ.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად კი უძრავი ქონების სააგენტოს, Sakura Properties-ის დამფუძნებელს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის განათლების კომიტეტის წევრს, ვიქტორია საკუროვას მივმართეთ.

როგორც ვიქტორია გვიამბობს, არსებობს 6 ძირითადი ფაქტორი, რაც უძრავი ქონების მაძიებელმა აუცილებელად საწყის ეტაპზე უნდა გაითვალისწინოს:

1. შეისწავლეთ ფასები – პირველ რიგში, სასურველი საცხოვრებლის ძიებისას, აუცილებელია შეისწავლოთ ფასები, გაეცნოთ შესაბამის უბნებს, მსგავსი ტიპის შენობებს და შეიქმნათ გარკვეული წარმოდგენა ბაზარზე არსებული მდგომარეობისა, რათა გაგაჩნდეთ რეალური მოლოდინები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი მოლოდინების არსებობისას ეს პროცესი გაიწელება და გართულდება.

2. მიმართეთ პროფესიონალ უძრავი ქონების აგენტს – უძრავი ქონების ძიების პროცესში რეკომენდებულია კვალიფიციური, გამოცდილი აგენტის ჩართულობა, რათა უსაფრთხოდ და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეიძინოთ სასურველი სივრცე. სწორი და კეთილსინდისიერი კადრის მოძიება არც ისე მარტივია, რადგან ამ სფეროში უამრავი არაპროფესიონალი მუშაობს. სწორედ ამიტომ, ვიქტორია გვირჩევს, რომ მივმართოთ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას: “ასოციაციის წევრი კომპანიები მუდმივად გადიან საერთაშორისო ტრენინგებს, იცნობენ ამერიკული მუშაობის სტანდარტებს და იცავენ ეთიკის ნორმებს, ამიტომ ამ პროცესში პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით მოგემსახურებიან”.

3. იქონიეთ მოთმინება – ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც შესაბამის აგენტს მოძებნით, მნიშვნელოვანია, მას გულწრფელად გაანდოთ თქვენი სურვილები და მოთხოვნები, ის კი დაგეხმარებათ, შეგექმნათ სწორი მოლოდინები და დაინახოთ რეალური სურათი. ამის შემდგომ კი აუცილებელია მოთმინება. რადგან შესაფერისი საცხოვრებლის ძიება ხშირად დიდ დროს მოითხოვს. ამ ხანგრძლივ პროცესში კი არ უნდა აჩქარდეთ, რადგან არ მიღოთ არასწორი გადაწყვეტილება და არ დაუშვათ შეცდომა.

4. შეისწავლეთ განცხადება “ყველა პლატფორმა სანდოა, რადგან პლატფორმა უბრალოდ ხელსაწყოა, არასანდო შეიძლება მასზე განთავსებული განცხადება იყოს. როდესაც თქვენ ამა თუ იმ უძრავი ქონების ვებ გვერდს სტუმრობთ, აუცილებლად შეისწავლეთ განცხადება დეტალურად – დააკვირდით ფოტოებს, მათ ხარისხს, რადგან ადეკვატური და სწორი ფოტოების შემთხვევაში, მიხვდებით, რომ ეს განცხადება სანდოა და მას სავარაუდოდ აგენტი ხელმძღვანელობს, ასევე, წაიკითხეთ ტექსტი, რამდენად ამომწურავი, დეტალური და ინფორმაციულია.”

5. შეისწავლეთ დოკუმენტაცია – იდეალურ შემთხვევაში, სჯობს იურისტს მიმართოთ, თუმცა თუ მისი დახმარების გარეშე აპირებთ სახლის შეძენას, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ კონკრეტული სივრცის არსებობა და მისი დოკუმენტაცია. სახლის გამყიდველს გამოართვით შესაბამისი საკადასტრო კოდი (უნიკალური კოდი, რომელიც უძრავ ქონებას და ხაზობრივ ნაგებობას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ენიჭება), რის შემდეგაც ონლაინ, უძრავი ქონების რეესტრში მარტივად გადაამოწმებთ, თუ რამდენად არის ქონება ნამდვილად აღნიშნულ პიროვნებაზე გაფორმებული და არის თუ არა ის იპოთეკით დატვირთული. შედეგად, თავიდან აიცილებთ თაღლითობის შემთხვევასა და სამომავლო საფრთხეებს. ამასთანავე, აუცილებელია შესყიდვის ხელშეკრულების დეტალური ანალიზი, რათა არ გახდეთ სიცრუის მსხვერპლი.

6. მოინახულეთ საცხოვრებელი ადგილზე – შესყიდვამდე აუცილებელია ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. სიტუაციაში უკეთ გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო გზა მეზობლების გამოკითხვაა. ამ გზით გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენს უბანსა და იმ ადამიანებზე, რომელთა გვერდით მომავალში მოგიწევთ ცხოვრება.

სტატიები მსგავს თემაზე:

მაკლერი, უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი, რეალტორი – რა განსხვავებაა მათ შორის?

რამდენად ღირს ყიდვა/გაყდვა/გაქირავება უძრავი ქონების აგენტის დახმარების გარეშე?

ყოფილი საათების მაღაზია, რომელიც თბილ საოჯახო სახლად იქცა

ვილა ბელგიაში განათების, მასალებისა და ემოციის საინტერესო კომბინაციით