ვილა ილ პალაჯიო (Il Palagio) – მსოფლიო ვარსკვლავის დასასვენებელი საყვარელი ადგილია. სტინგი რამდენიმე სახლს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ მისი “კოლექიის” გამორჩეული მარგალიტი მე-16 საუკუნეში აშენებული ვილა ილ პელაჯიოა.
აქ დასვენება მომღერალს თავის მეუღლესთან, მსახიობ ტრუდი სტაილერთან ერთად უყვარს. ვილა კიანტის რეგიონშია, ფლორენციიდან 45 წუთის სავალზე. მის ტერიტორიაზე არსებულ ექვს კოტეჯს მომღერალი აქირავებს. შესაბამისად, აქ დასვენება და ადგილობრივი ღვინის მარნების სტუმრობა ყველა მსურველს შეუძლია.
სტინგმა ილ პელაჯიო 1999 წელს, ჰერცოგ სიმონ ვინჩენცო ველუტტი დი სან კლემენტესგან რამდენიმე ნაკვეთთან ერთად შეიძინა. აქ ბრიტანული ესტრადის ვარსკვლავი სოფლის ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბება.
უხვი ვენახებისა და ზეთისხილის ბაღების გარდა, მომღერალს აქ ღვინის საკუთარი მარნები, ზეთის სახდელი და ფუტკრის სკები აქვს. ვილის საიტზე მომღერლის მამულების ღვინის სამი და თაფლის ხუთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი.
სტინგმა არსებული შენობების კაპიტალური რემონტი ჩაატარა და სახლის სამლოცველოში ბუდის სამ მეტრიანი ქანდაკება დადგა. როგორც ცნობილია, ის თითქმის 20 წელია იოგას მისდევს და მედიტაციისათვის ვილაზე განსაკუთრებული ადგილი გამოყო.
ვილის მოიჯარეებს აუზით, ბაღში არსებული შეზლონგებით, ტერასაზე მოთავსებული უზარმაზარი ჭადრაკის დაფითა და ღვინის მარნით სარგებლობა შეუძლიათ. უკანასკნელში საბანკეტო მაგიდის გაშლა და მფლობელის ღვინოების დეგუსტაციაა შესაძლებელი. ახლომდებარე ტერიტორიაზე არის ტბა, კვიპაროსის ტყე და ზაფხულის სამზარეულო.
„მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ უზარმაზარ სახლს შევიძენდი. დილა აქ ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ნისლის დროს. გეჩვენება, თითქოს, ახლომდებარე ბორცვები აზვირთებული ზღვიდან ამოდის. საღამოობით, დაისის ცაზე უსასრულოდ შემიძლია მოძრავი ღრუბლების თვალიერება“ – ამბობს მომღერალი.