ინტერიერის დიზაინერ სალომე გულორდავას შემოქმედება ღრმა, გააზრებული დიზაინითა და ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა, რომელიც, გარდა ესთეტიკური და პრაქტიკული დანიშნულებისა, სახასიათო ემოციითა და გრძნობებით ხასიათდება. სალომე გულორდავა მიიჩნევს, რომ დიზაინის დანიშნულება სწორედ ესაა — მომხმარებელს შესთავაზოს ჰარმონიული გარემო, რომელიც მასში კონკრეტულ ემოციას აღძრავს და საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება. სალომე ინტერიერის დიზაინით პატარა ასაკიდან დაინტერესდა და მამის საქმიანობის დამსახურებით, აქტიურად ჩაერთო სივრცის ფორმირების პროცესში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მან პანდემიის პერიოდში მიიღო, თეორიული ცოდნა გაიღრმავა და საბოლოოდ იმ საქმეს შეუდგა, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. დღეს ის საკუთარ გამოცდილებასა და ისტორიას ჩვენს მკითხველს უზიარებს.
სალომე, როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით? იქონია თუ არა გარკვეული გავლენა იმ გარემომ, რომელშიც გაიზარდეთ?
შეიძლება ითქვას, რომ გარემომ ნამდვილად იქონია გარკვეული გავლენა ჩემს პროფესიულ არჩევანზე. მამა სამშენებლო კომპანიის მფლობელია და ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ობიექტის გეგმარებისა თუ დიზაინის მოწყობის პროცესში, რამაც ძალიან დიდი პრაქტიკული ცოდნა მომცა. რაც შეეხება ამ სფეროსთვის აუცილებელ ხედვასა და გემოვნებას, ვფიქრობ, ეს ადამიანის შინაგანი სამყაროს ხელშესახები ვიზუალიზაციაა, რომლის ფორმირებაც დაბადების მომენტიდან მიმდინარეობს.
ინტერიერის დიზაინით სერიოზულად დაინტერესება, სხვა პროფესიების პარალელურად, თინეიჯერობის ასაკიდან იწყება, თუმცა პანდემია აღმოჩნდა გარდამტეხი პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ მხოლოდ ამის კეთება მინდოდა. ამიტომ გავიარე სხვადასხვა ევროპული ვიწრო სპეციალობის ონლაინ კურსი. ამასთანავე, ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა ბევრი სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობის გამოცდილება, როგორებიცაა — საცხოვრებელი სახლები, შოურუმები, მაღაზიები, გაყიდვებისა და სამუშაო ოფისების დიზაინი, რამაც ხელი შემიწყო პროფესიულ წინსვლაში.
რა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი კარიერული მდგომარეობა?
როგორც აღვნიშნე, უკვე 18-20 წლის ასაკში დიდი პრაქტიკული ცოდნა მქონდა სარემონტო სამუშაოების სწორად და ხარისხიანად შესრულების შესახებ. ვაგებდი 3D ვიზუალებს სხვადასხვა მარტივ პროგრამაში, თუმცა ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამდი და მარკეტინგის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა და მუშაობა, რაც შემდეგ ძალიან დამეხმარა საკუთარი სტუდიის სწორ პოზიციონირებაში, დამკვეთთან კომუნიკაციასა და, რაც მთავარია, კომერციულ ობიექტებზე მუშაობაში. უნდა ითქვას ისიც, რომ მარკეტინგის სფეროში ყოფნის დროს პროექტებზე მუშაობა სამოყვარულო დონეზე არასდროს შემიწყვეტია, რაც პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევდა. შემდეგ ვიწრო სპეციალობის კურსებმა და პანდემიამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და რაშიც დახარჯული დროც არ მენანებოდა. დღესდღეობით პროექტების პარალელურად ვარ მენტორი და ვატარებ ინტერიერის დიზაინის კურსებს, ვცდილობ, ჩემი ცოდნა გავუზიარო ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებს.
რა პრინციპებს ემყარება თქვენი მუშაობის ფილოსოფია? როგორ ფიქრობთ, რა არის დიზაინის მთავარი დანიშნულება?
ჩემი მუშაობის ფილოსოფია გულისხმობს იმას, რომ შევქმნა როგორც კონსტრუქციულად გამართული, ისე ემოციურად და შეგრძნებებით სავსე დიზაინი, რომელიც თავად მოჰყვება თავის და მისი მფლობელის ისტორიას. ჩემი აზრით, ინტერიერის დიზაინერის მოვალეობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სივრცის იდეალური იერსახის შექმნა. ჩვენი საბოლოო და მთავარი დანიშნულებაა, შევქმნათ ემოციები და გრძნობები კონკრეტული სივრცის გარშემო, ამიტომ ჩემი ნამუშევრებიც, ალბათ, ინდივიდუალიზმით, ნაკლები ტრენდული აქცენტებითა და სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.
როგორ იქმნება კონკრეტული ნამუშევარი? გვიამბეთ უფრო ვრცლად შემოქმედებით პროცესზე.
პროექტზე მუშაობისას, შთაგონება ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, არამხოლოდ ვიზუალური ხატები, არამედ ემოციები, განწყობები, სიზმრები და ბუნების ნებისმიერი ქმნილებაც.
შემოქმედების პროცესი კი სივრცის გაცნობისა და დამკვეთთან პირველი შეხვედრის მომენტიდან იწყება. ჩემსა და დამკვეთს შორის თუ ემოციური კავშირი არ დამყარდა, თუ ნდობა და პატივისცემა არ გაჩნდა, არაფერი გამოდის. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ მსგავსი მიზეზის გამო პროექტზე უარიც მითქვამს, რადგან ჩემთვის დიზაინზე მუშაობა უბრალოდ სამსახური არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე პროცესისგან სიამოვნებას ვერ მივიღებთ, არაფრის სანაცვლოდ არ მიღირს დროისა და ენერგიის რესურსის დახარჯვა. ამიტომ ჩემს ყველა პროექტს, მგონია, აქვს სპეციფიკური ხასიათი და ემოცია, რომელიც დამკვეთისგან გადმომეცა და საშუალებას მაძლევს, სწორი მიმართულებით განვავითარო პროცესი.
ვისაუბროთ ქართულ რეალობაზე. თქვენი აზრით, დიზაინის მხრივ, რამდენად შეესაბამება ქართული პროექტები მსოფლიო სტანდარტებს?
ბევრი ადამიანისგან და უშუალოდ ხელოსნებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე საზღვარგარეთ მუშაობენ, მსმენია, რომ იმ დონისა და გემოვნების დიზაინ-პროექტები, როგორიც საქართველოში იქმნება, ძალიან იშვიათია ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც კი. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ზედმიწევნით მიჰყვებიან გლობალურ ტრენდებს.
საქართველოში ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში იზრდებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? რამდენად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ დღეს დიზაინერები მომხმარებლებს?
ვფიქრობ, ყველა შემოქმედს მუშაობის საკუთარი პრინციპი აქვს და ამ პრინციპების მიხედვით ხდება დიზაინერისა და დამკვეთის დაკავშირება. შესაბამისად, ხარისხსაც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი განაპირობებს. რაც შეეხება მოთხოვნის ზრდას, რა თქმა უნდა, ის გაზრდილია, რადგან სამყაროში საკმაოდ რთულად ვითარდება პროცესები და ადამიანები მიხვდნენ, ადგილი, სადაც ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია, სახლია. ასევე ბიზნეს-სექტორიც აანალიზებს, რომ როგორც მომხმარებლებს, ისე დასაქმებულ ადამიანებს უნდა შეუქმნას სასიამოვნო გარემო. ამიტომ ბიზნესის დამფუძნებლები მნიშვნელოვან რესურსებს დებენ მათი სამუშაო თუ სარეალიზაციო ობიექტების ვიზუალურ ჰარმონიზაციაში.
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო მეტად განვითარდეს?
სექტორს სჭირდება კვალიფიციური კადრები, მასალების მრავალფეროვანი არჩევანი, იმპორტირებული მასალის თუ ავეჯის ხარისხის კონტროლი და ფასების რეგულაცია. ასევე, ვფიქრობ, ხარისხიანი გამოფენების მოწყობა გაზრდიდა და გაამყარებდა სექტორში შემავალი ყველა რგოლის ურთიერთკავშირს, რაც გაამარტივებდა სიახლეების გაცნობის პროცესს და ერთმანეთთან დააკავშირებდა საჭირო ადამიანებსა თუ კომპანიებს.
დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ გეგმებზე.
ძალიან საინტერესო რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ თბილისის შემოგარენში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დეველოპერებთან და იგეგმება მასშტაბური სამუშაოები. ვაგრძელებ სტუდენტებთან მუშაობას და თავადაც არასდროს ვწყვეტ სწავლასა და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.