in

Salone del Mobile Italiano – საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა მილანში

Salone Internazionale del Mobile არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა ავეჯის მწარმოებელთა სექტორისთვის. ღონისძიება 1961 წლით თარიღდება მილანში, ქალაქში, რომელიც მას დღესაც მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ მილანი Salone Internazionale del Mobile-ს მასპინძელი მინიმუმ 2032 წლამდე იქნება.

სამოციანი წლების მიჯნაზე იტალია, ისევე როგორც გერმანია, შენობების რეკონსტრუქციის დიდი პროცესის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მსოფლიო ომის შემდეგ საჭირო იყო ძველი კონსტრუქციების აღდგენა. ცარიელი შენობების ამხელა მოცულობებმა მოითხოვა მათი ავეჯით და სხვა აქსესუარებით შევსება. იტალიურ და გერმანულ ინდუსტრიას სჭირდებოდა მომხმარებლებთან კონტაქტის დამყარება. სწორედ ამიტომ, 1960 წელს გერმანიამ ხელახლა გახსნა ისტორიული გამოფენა კიოლნში, რომელიც სწორედ სახლისა და ავეჯის სექტორს მოიცავდა.

გერმანიის მიერ შექმნილ გამოფენას საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც იტალიელი მეწარმეების ჯგუფმა – Alta Italia-მ ტიტო არმელინის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ მსგავსი ღონისძიების შექმნა იტალიაშიც იყო შესაძლებელი. ასე დაარსდა “Salone del Mobile Italiano-ს საორგანიზაციო კომიტეტი”. 1961 წელს კი მილანის ბაზრობაზე Salone del Mobile-ს პირველი გამოფენა გაიხსნა. 11860 კვადრატული მეტრის ფართობზე 328 კომპანია იყო წარმოდგენილი, გამოფენას, საბოლოო ჯამში, 12100 მნახველი ჰყავდა, საიდანაც 800 საზღვარგარეთიდან სწორედ ამ ღონისძიების გამო ჩამოვიდა.

ამავე პერიოდში, იტალიის გარკვეული უბნების მაცხოვრებლები გამოფენაზე ჩამოსულ ადამიანებს აძლევდნენ უფლებას, მათ სახლები დაეთვალიერებინათ, რათა უკეთ შეეგრძნოთ იტალიური დიზაინის ხიბლი და სტილი. თითოეულ მათგანს სურდა დიზაინერებისა და ფართო საზოგადოების გაერთიანება ერთ სივრცეში, რათა ხელი შეეწყოთ იტალიური წარმოების პოპულარიზაციისთვის.

წლების განმავლობაში გამოფენა გლობალურ მოვლენად იქცა, რომელიც არა მხოლოდ ავეჯისა და დიზაინის ბაზარს, არამედ უკვე იდეებისა და თანამშრომლობის გაცვლასაც ემსახურებოდა. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მილანის “დიზაინის დედაქალაქად” ჩამოყალიბებას.

Salone del Mobile-ს, რომელიც 1967 წელს უკვე საერთაშორისო ღონისძიება გახდა, დროთა განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა სავაჭრო ბაზრობაც შეუერთდა. 1974 წელს იყო Eurocucina, 1976 წელს – Euroluce, რომელსაც მოჰყვა Eimu, მოგვიანებით კი  Salone ufficio და Salone Satellite. 2005 წლიდან გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკსა და მოსკოვშიც.

თავად Salone del Mobile არის გამოფენა, რომელიც იმართება Fiera Milano-ს საგამოფენო ცენტრში. უშუალოდ ღონისძიება ფოკისირებულია ინტერიერის დიზაინსა და ინოვაციებზე. გამოფენის მსვლელობის პერიოდში სხვადასხვა დიზაინის სახლები ფართოდ ხსნიან კარებს დამთვარიელებლებისთვის. ამას გარდა, ინდივიდუალური დიზაინერები ან კომპანიები აორგანიზებენ კერძო ტურებს შოურუბებსა და სხვადასხვა სახლებში.

დღეს გამოფენაზე ჩასულ ადამიანებს ძალიან იზიდავთ ისტორიული ფონი და კერძო სახლების დათვალიერების ტრადიცია, რომელიც მილანის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ბრერაში კვლავ აქტუალურია. ბრერა მილანის ცენტრში მდებარეობს და ცნობილია მისი მხატვრული და კულტურული მნიშვნელობით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამოფენის პერიოდში მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.

სწორედ ბრერაში იმართება Brera Design District-ის სახელით ცნობილი ღონისძიებაც, რომელიც Salone del Mobile-ს განუყოფელი ნაწილია. ღონისძიების ფარგლებში რაიონი თანამშრომლობს სხვადასხვა დიზაინერებთან, შოუ რუმებთან და ბრენდებთან, რათა შექმნას ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ 1967 წლიდან ღონისძიება ყოველ მეორე წელს იმართებოდა, 1991 წლიდან კი მას ყოველწლიური ხასიათი მიეცა. 1991 წელს მას 1959 მონაწილე ჰყავდა, საიდანაც 258 უცხოური კომპანია გახლდათ. გამოფენა 144000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო და 147000 მნახველი ჰყავდა. 2020 წელს ღონისძიება COVID-19-ის გამო შეჩერდა, თუმცა მალევე განახლდა და წელს (16-21 აპრილს) კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მსოფლიოს საერთაშორისო ავეჯის კომპანიებსა და სხვადასხვა ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებს.

Flexform – ავეჯის იტალიური ბრენდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა

ერთ-სართულიანი სახლი ბუნებაში – beef architekti-ს პროექტი