კომფორტული სამეცადინო კუთხის მოსაწყობად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული საწერი მაგიდა და სკამია, რადგან ბავშვები სწავლის პროცესში უმეტეს დროს სწორედ აქ ატარებენ. არასწორი მოდელი მოზარდს ხელს უშლის ეფექტურ მეცადინეობაში და რაც მეტად მნიშვნელოვანია, წარმოშობს ჯანმრთელობის პრობლემებს. შეუსაბამო, დაბალი მაგიდა ხერხემლისა და კუნთების დაძაბულობას, სკოლიოზის განვითარებას უწყობს ხელს, მაღალი კი კუნთების დაჭიმულობასა და ტკივილს იწვევს. ამიტომ, მოზარდის ჩამოყალიბებისა და სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვზე მორგებული ავეჯის შეძენა. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას საწერ მაგიდასა და სკამის სწორად შერჩევაზე გავამახვილებთ.
რა სიმაღლის უნდა იყოს სამეცადინო მაგიდა და სკამი?
სანამ მაგიდის შეძენას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი შვილის ასაკისთვის რა სიმაღლის მაგიდაა რეკომენდებული, რათა ერგონომიული და კომფორტული სამეცადინო კუთხე შექმნათ. სპეციალისტების მიხედვით, საუკეთესო გამოსავალი რეგულირებადი მაგიდის შერჩევაა, რომელიც ასაკობრივ ზრდასთან ერთად, მოზარდის სიმაღლის მიხედვით იცვლება და სასურველ პოზიციას ერგება. ამგვარი მოდელი გაცილებით მოსახერხებელი და რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიანია, რადგან ყოველწლიურად ავეჯის შეცვლა არ მოგიწევთ.
სპეციალისტების აზრით, რეკომენდებული მაგიდის სიმაღლე, ბავშვის ასაკთან მიმართებით, შემდეგნაირად გამოიყურება:
1— 2 წლის ბავშვისთვის უმჯობესია 30 — 33 სმ.-ის სიმაღლის მაგიდა
2 — 4 წლის ასაკისთვის – 35 — 43 სმ.
4 — 6 წლის ასაკისთვის – 43 — 48 სმ.
6 — 10 წლის ასაკისთვის – 50 — 56 სმ.
10 — 13 წლის ასაკისთვის – 58 — 74 სმ.
13 — 14 და + ასაკის მოზარდებისთვის – 66 — 76 სმ.
რაც შეეხება სკამის სიმაღლეს:
1 — 2 წლის ასაკისთვის – 17 სმ.
2 — 3 წლის ასაკისთვის – 21 სმ.
3 — 4 წლის ასაკისთვის – 26 სმ.
4 — 6 წლის ასაკისთვის – 31 სმ.
6 — 8 წლის ასაკისთვის – 35 სმ.
8 — 11 წლის ასაკისთვის – 38 სმ.
11 — 14 წლის ასაკისთვის – 43 სმ.
14 — + წლის ასაკისთვის – 46 სმ.
ამავდროულად, უმჯობესია, მაგიდა ოდნავ დახრილი იყოს და მისი დახრილობის კუთხე 0 — 30 გრადუსამდე რეგულირების შესაძლებლობას გვაძლევდეს, რათა მოზარდის აღნაგობას ზუსტად მოერგოს და მხედველობის პრობლემები არ განვითარდეს. ასევე, ბავშვსა და მაგიდის ზედაპირს შორის მანძილი დაახლოებით 30-40 სმ. მაინც უნდა ვივარაუდოთ, მუხლი კი 90 გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს მოხრილი, რათა ხერხემალი სწორ პოზიციაში მოექცეს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სკამს არ ჰქონდეს ხელის ჩამოსადები, რადგან ნებისმიერი მიმართულებით დაყრდნობის შემთხვევაში ხერხემალი დეფორმირდება, ამიტომ აუცილებელია, მეცადინეობის დროს ბავშვი სწორ მჯდომარე პოზიციაში იმყოფებოდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოზარდისთვის მოსახერხებელია, თუ სავარძელს ფეხების დასადები, სპეციალური საყრდენი ექნება, რომელიც ჯდომას გაუადვილებს.
მაგიდის შერჩევასთან ერთად, სასურველია იფიქროთ სასკოლო ნივთების სათავსოებზეც, რომლებიც რეკომენდებულია, რომ ბავშვის ხელის გაწვდენის მანძილზე მდებარეობდეს, რათა სხეული ზედმეტად არ დაიძაბოს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია განათებაც. გარდა ბუნებრივი განათებისა, რომელიც უმჯობესია, საწერ მაგიდას ეცემოდეს, აუცილებელია ისეთი სანათების შერჩევა, რომლებსაც დანათების კუთხის რეგულირება შეეძლებათ. კომფორტულია სანათები, რომლებიც მაგიდის კიდეზე ან კედელზე მაგრდება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შუქი ზედმეტად არ კაშკაშებდეს, რადგან თვალისთვის არასასიამოვნოა. ამიტომ აჯობებს, 60 -80 ან 7-10 ვატიანი დიოდური ნათურების შერჩევა, რაც მეცადინეობის პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.