დღევანდელ სტატიაში გიამბობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „SAMI_“-ის შესახებ, რომელიც თანამედროვე ქართულ დიზაინსა და არქიტექტურაში საინტერესო პროექტებს ქმნის. „SAMI_“-ის დამფუძნებლები საკუთარ კარიერულ გზასა და კომპანიის დაარსების ისტორიას Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებენ.
როგორ გარემოში იზრდებოდით, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ
თამო მოსიაშვილი: გულწრფელად რომ ვთქვა, ბავშვობიდან რომელიმე კონკრეტული სფეროს მიმართ ინტერესი არ მქონია, ამიტომ პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი მშობლებმა ითამაშეს. მამა არქიტექტორი იყო, დედა კი კონსტრუქტორია. ახლა ვფიქრობ, რომ პროფესიულ არჩევანში ძალიან გამიმართლა. მზად ვარ, მთელი ცხოვრება არქიტექტურა სიამოვნებით ვაკეთო. ეს პროფესია, ერთი მხრივ, ზუსტი მეცნიერებაა, მეორე მხრივ კი მუდმივი ექსპერიმენტების, განვითარების, შესაძლებლობებისა და თავგადასავლების სამყარო, სადაც ვერ მოიწყენ.
ციცი მანაგაძე: ოჯახში, სადაც სამედიცინო პროფესია მთავარ და დომინანტ საქმიანობად მიიჩნეოდა, დედაჩემმა დიდი როლი იქონია ჩემი არქიტექტურისადმი აღმოჩენილი ინტერესის გაღვივება-აღიარებაში. მან სწორედ დაინახა ის ინტერესი, რომელიც რთულია, 16 წლის ასაკში დაინახო. ეს მოხდა არა ძალდატანებით, არამედ სწორი რეკომენდაციითა და რჩევებით. დედამ დამაფიქრა პროფესიაზე, რომელიც გახდა ჩემთვის ერთი-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი და გადაწყვეტილება ცხოვრებაში. ამიტომ მიხარია, რომ გავიზარდე გარემოში, სადაც ლაღმა ბავშვობამ იქონია გავლენა, ამერჩია საუკეთესო პროფესია, რომელსაც ჩემი სუბიექტური ხედვით, სჭირდება მუდმივი განვითარება, სწავლა და წინსვლა, რაც შედეგად, თავისუფლების განცდას იძლევა.
ნატალია მანჯგალაძე: ჩემს შემთხვევაშიც დიდი გავლენა იქონია გარემომ, რომელშიც გავიზარდე. დედა არქიტექტორია, რამაც განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანიც. პატარა ვიყავი, ხატვაზე რომ შემიყვანა. მახსოვს, მასთან ერთად ვაკვირდებოდი სახლებსა და ბინების დეკორს. ინტერიერის მნიშვნელობა მაშინ გააზრებული არც მქონდა, თუმცა, ერთხელ, რვა წლის ასაკში, დედას ყვავილების ლარნაკი ვაჩუქე, რამაც ძალიან გააკვირვა. შემდგომში, შეგროვებული ფულით სულ სახლის ნივთებს ვყიდულობდი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან მიტაცებდა ეს სფერო.
გვიამბეთ სად მიიღეთ განათლება?
თამო მოსიაშვილი: განათლება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის მიმართულებით მივიღე, სადაც საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები დავასრულე. უნივერსიტეტში სწავლისას მამას ძალიან უნდოდა დამხმარებოდა და სწავლის პროცესში აქტიურად ჩართულიყო, თუმცა ყოველთვის მერჩივნა, ესა თუ ის პროექტი ან დავალება დამოუკიდებლად შემესრულებინა, რამაც უფრო გამზარდა. პროფესიული ცოდნის განვითარებაში დიდი როლი პირველმა სამსახურმაც ითამაშა, სადაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძირითადი მიმართულება და ინტერესის სფერო ყოველთვის არქიტექტურა იყო, მას შემდეგ, რაც კომპანია დავაარსეთ, ინტერიერის დიზაინითაც დავინტერესდი და აქტიურად ჩავერთე ამ პროცესში, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ერთ-ერთ პარტნიორს, ნატალია მანჯგალაძესაც მიუძღვის.
ციცი მანაგაძე: სწავლა-განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისევე მაგისტრატურის პროგრამის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე. სწორედ აქედან დაიწყო პროფესიული ინტერესი, რომელსაც პარალელურად სხვადასხვა სამუშაო ადგილი ენაცვლებოდა. უშრეტია ჩემი პროფესიის შესაძლებლობა, შესაბამისად, ყოველი ახალი სამსახური თუ პრაქტიკული სამუშაო მეტ ინტერესს და გამოცდილებას მძენდა ყველა ეტაპზე. ცხადია, ზოგიერთი სამსახური არ იყო საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობის ადგილი თუმცა, ეს გახდა იმ მთავარი იდეის განხორციელების საფუძველი, რომ დღეს მაქვს სივრცე, სადაც ჩემს მეგობარ არქიტექტორებთან ერთად, შემიძლია ვაკეთო ჩემი საქმე ისე, როგორ ვხედავთ ჩვენ. არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კეთება გახდა ჩემთვის ერთი მთლიანობა, რომელმაც თანაბარი ადგილი დაიჭირა ჩემს ყოველდღიურობაში. მათი ერთობლიობა გადაჯაჭვული გახდა ჩემს კარიერაში.
ნატალია მანჯგალაძე: სკოლის დამამთავრებელ კლასებში ინტერიერის დიზაინზე ჩაბარება გადავწყვიტე. დედამ შესაბამის პედაგოგთან მიმიყვანა, რადგან ხატვისა და ხაზვის ცოდნა აუცილებელი იყო. მახსოვს, პირველი გაკვეთილიდან დაბრუნებულმა ტირილი დავიწყე, რადგან ბევრი რამე გაუგებარი აღმოჩნდა. დედამ ნახაზის გაკეთება შემომთავაზე, მაშინ გავიაზრე, რომ დამოუკიდებლად უნდა გავრკვეულიყავი საკითხებში და სირთულეები თავად დამეძლია, ამიტომ უარი ვუთხარი. შედეგად, მისაღებ გამოცდებზე ხაზვის საგანში მაქსიმალური შეფასება მივიღე. ბაკალავრიატი ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, სამხატვრო აკადემიაში დავასრულე, შემდეგ კი მაგისტრატურის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი.
მოგვიყევით, საიდან და როგორ გაჩნდა სტუდია „SAMI_“-ის შექმნის იდეა, რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება და რა სირთულეებს წააწყდით თავდაპირველად?
„SAMI_“-ი, როგორც კომპანია, სულ რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა იგივე შემადგენლობით ჩვენ 2013 წლიდან სხვა სახელით ვსაქმიანობდით. თავდაპირველი სახელის ცვლილება სხვადასხვა გარემოებამ გამოიწვია. „SAMI_“-ის წარმოშობის ისტორია კი სინამდვილეში ძალიან ბანალურია. საკმაოდ მოკლე დროში უნდა მოგვეფიქრებინა ახალი კომპანიის სახელი, რადგან სტუდიას სამი დამფუძნებელი ჰყავდა, ასე მარტივად „SAMI_“-ი (Sustainable Architecture Modern Interior) დავარქვით.
გამომდინარე იქიდან, რომ „SAMI_“-ის დაარსებისას გარკვეული ბაზა გაგვაჩნდა, პრობლემები არ შეგვქმნია. უკვე გვქონდა ოფისი, კლიენტთა სია, გვყავდა კვალიფიციური თანამშრომლები, ამიტომ ეს პროცესი სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული.
როგორია თქვენი მუშაობის პროცესი და როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას?
მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის ფართო ჭრილში ვიკვლევთ თემას — ვსწავლობთ გარემოს, ისტორიას, ადგილმდებარეობას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს კრიტერიუმები ხდება შთაგონების წყაროც. აუცილებლად ვაწყობთ გუნდურ სამუშაო შეხვედრებს, სადაც ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ. ეს კომპონენტი მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ დროს ვუთმობთ გეგმარების დამუშავებასაც, რადგან პროექტის წარმატების გასაღები გამართულ გეგმარებით გადაწყვეტაშია.
რაც შეეხება სტილს, ბევრ დამკვეთს უთქვამს, რომ გარკვეული შტრიხებით ჩვენი პროექტები გამოირჩევა, თუმცა ჩვენი აზრით, „SAMI_“-ის ხელწერა ისაა, რომ ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და ერთმანეთს არ ჰგავს. არასდროს გვიმუშავია ამ საკითხზე, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი სტილი შეგვექმნა.
საინტერესოა, თქვენს რომელიმე პროექტს თუ გამოარჩევდით?
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ყველა პროექტი ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა. თითოეულ მათგანზე დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ. თუმცა ალბათ, უფრო საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს — სასტუმროს, ოფისსა და რესტორანს გამოვარჩევდით. ასეთი ტიპის ობიექტებზე მეტად გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ინდივიდუალიზმი, ხედვა და ხელწერა გამოვავლინოთ, აპარტამენტებზე მუშაობისას კი ამაში ოდნავ შეზღუდულები ვართ, რადგან გარკვეულწილად, პროექტი მობინადრის სურვილებს უნდა მოვარგოთ.
როგორ შეაფასებდით ქართული არქიტექტურისა და დიზაინის სივრცეს?
ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე საუბარი რთულია. დღესდღეობით, ბევრი საინტერესო სტუდიაა, რომლებიც ძალიან ღირებულ და ხარისხიან პროექტს ქმნიან, თუმცა იმის ფონზე, რაც ზოგადად საქართველოს დიდ ქალაქებში ხდება მშენებლობის კუთხით, ეს საინტერესო პროექტები ზღვაში წვეთია. სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. პარალელურად, ინტერიერის დიზაინი უფრო ვითარდება, ბევრი საინტერესო კერძო და საზოგადოებრივი ობიექტი ჩნდება, რაც მისასალმებელია.
როგორი მოთხოვნაა ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე და რას იტყოდით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკის შესახებ?
ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა წლიდან წლამდე უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საქართველოში. ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა – თუ ადრე ინტერიერის დიზაინის პროექტი ფუფუნება იყო, ახლა ის თითქმის აუცილებელი გახდა. ეს ცვლილება ცხოვრების რეჟიმმა გამოიწვია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რამ დროა. თუ შეგიძლია შენი დრო სწორად დაგეგმო, პროფესიონალმა კი შენს ნაცვლად იზრუნოს, დაგაზღვიოს რიგი გაუთვალისწინებელი შეცდომებისგან და ლამაზი გარემო შეგიქმნას, უდიდესი კომფორტია.
ვფიქრობთ, დამკვეთს ეროვნება არ აქვს, ყველა ინდივიდუალურია და შესაბამის მიდგომას საჭიროებს. ჩვენს პროფესიაში ფსიქოლოგობაც მოგეთხოვება, რათა დამკვეთთან საუბრისას ზუსტად ამოიცნო მისი სურვილები, დაითანხმო სხვადასხვა გონივრულ გადაწყვეტილებაზე, დაარწმუნო შენი პროექტის სისწორეში, ამის მისაღწევად სწორი კომუნიკაცია უნდა შეგეძლოს.
დაბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი ამჟამინდელ და სამომავლო გეგმები
ახლა რამდენიმე საინტერესო მიმდინარე ობიექტი გვაქვს, მათ შორის, სასტუმრო, რესტორანი და ოფისების პროექტები, რომლებსაც საზოგადოება მალე იხილავს. სამომავლოდ კომპანიის შემადგენლობის გაფართოებას ვგეგმავთ, რაც დაკვეთების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული. გვინდა, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოს ბაზრით და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ, ამაზე აქტიურად მუშაობს ჩვენი გუნდი, რისი ერთ-ერთი მაგალითიც უკვე გვაქვს — მიმდინარე პროექტი ტაშკენტში. ამგვარად, გვსურს ეს მიმართულება მეტად გავააქტიუროთ.