in

ძველი სამლოცველოს საინტერესო გარდასახვა — მყუდრო სახლი ინგლისში

Banner M2
Banner M2

ინგლისში, კოტსვოლდის რეგიონში მდებარე მე-19 საუკუნის სამლოცველოს, ინტერიერის დიზაინის სტუდია — „nune“-მა ახალი სიცოცხლე შესძინა და ძალიან მიმზიდველ, მყუდრო სახლად აქცია. ნაგებობის რესტავრაციას ოთხი წელი დასჭირდა, სარემონტო სამუშაოებს კი მშენებელთა და ხელოსანთა გამოცდილი გუნდი უძღვებოდა.

სახლი მაღალი ჭერით, მშვიდი ფერთა პალიტრით ხასიათდება, ხოლო მასალად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია გამოყენებული. საცხოვრებლის ირგვლივ ბაღი და ყვავილების მდელოა მოწყობილი, რაც ნაგებობას საოცარ მომხიბვლელობას სძენს.

სამლოცველო და მის გვერდით არსებული სასულიერო პირთა საცხოვრებელი 1862 წლით თარიღდება. ნაგებობა უხეში ქვითაა ნაგები,  ერთ მათგანს ფიქლის შედარებით სწორი, მეორეს კი წაწვეტებული სახურავი აქვს. ქვისგან ნაშენი წინ გამოწეული კონსტრუქცია შენობის შესასვლელს გამოკვეთს.

მაღალი ჭერი სივრცის მოცულობას ზრდის, დიდი თაღოვანი ფანჯრები და მუხის იატაკი კი ინტერიერის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

სახლში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გაერთიანებული სივრცე, რომელიც სამ ზონად — სამზარეულო, სასადილო და მოსასვენებელ კუთხედ იყოფა. ღია ფერის კედლებს კონტრასტულად ეხამება მუქი სავარძლები და ხის ავეჯი. ოთახის მომხიბვლელობას სანათებიც განსაზღვრავს, რომლებიც ჭერზე მიბჯენილი არაა და დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს. ამასთანავე, ხელოვნური განათება ოთახს უხვი სინათლით ამარაგებს.

დერეფანში მთლიან კედელსა და ჭერზე მასიური კარ-ფანჯრებია დამონტაჟებული, რაც ორიგინალურ და ნათელ სივრცეს ქმნის.

ერთ-ერთი მისაღები ოთახი სამუშაო ზონად გადაკეთდა, სადაც ბუხარი, წიგნების თარო, ფანჯარასთან მდგომი პატარა ხის მაგიდა და სკამია განთავსებული. ინტერიერი სადაა და უბრალოა, თუმცა ნახატები, აქსესუარები და გამწვანება  სიხალისეს სძენს.

მთავარ მისაღებში, კედელზე  პანელებს ვხვდებით, რაც სივრცეს ამდიდრებს. მუქი ფერის კომფორტული დივანი კი დომინანტურ თეთრ ფერს გემოვნებიანად ეხამება.

საძინებლებში მინიმალისტური ინტერიერი მეორდება, რომელიც სადა, დახვეწილი ხის ავეჯითა და დიზაინობიექტებითაა მორთული.

აბაზანაში წყნარი, მშვიდი ატმოსფერო იგრძნობა, რაც ხის, მარმარილოს ელემენტებითა და ტერაკოტას ფილების სინთეზით მიიღწევა.

ორ შენობას შორის სივრცეში პატარა სასადილო კუთხეა მოწყობილი, სადაც, ასევე, ხის მაგიდა და სკამებია განლაგებული. სახლის უკანა მხარეს  აუზია დაპროექტებული. მსგავსად ინტერიერისა, ექსტერიერიც დახვეწილი დიზაინით ხასიათდება და მშვიდ, მყუდრო დასასვენებელ ადგილს ქმნის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მინიმალისტური ბინა ბაგებში – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

5 გზა სახლში საშემოდგომო განწყობის შემოსატანად