in

როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე? – ელენე სხვიტარიძის რჩევები

სახლსა თუ სამსახურში სამუშაო კუთხის სათანადოდ მოწყობა აუცილებელია, რადგან მყუდრო გარემო თქვენს შრომისუნარიანობას ზრდის. ინტერიერი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის განწყობასა და ემოციებზე, ამიტომ ისეთ ადგილას, სადაც ხანგრძლივი დროის გატარება გიწევთ, ინტერიერი თქვენზე მორგებული, კომფორტული უნდა იყოს.

დღეს ინტერიერის დიზაინერი ელენე სხვიტარიძე სამუშაო სივრცის მოწყობის ძირითად პრინციპებზე გვესაუბრება.

„სამუშაო სივრცეზე მუშაობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მისი იერსახე პირდაპირ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და შრომისუნარიანობაზე“, – აღნიშნავს ელენე.

დიზაინერის თქმით, საოფისე სივრცის მოწყობისას ორი რამ უნდა გვახსოვდეს:

  1. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ.
  2. ამ ადამიანებს სხვადასხვა პროფესია, ხასიათი და შეხედულებები აქვთ, რაც ინტერიერზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

„ცხადია, რთულია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ყველასათვის თანაბრად მისაღები იქნება, თუმცა, მთავარია, სივრცე ჰარმონიული იყოს და ყოველდღიურ რუტინას ამსუბუქებდეს“, – გვეუბნება ელენე.

სამუშაო სტილის შესწავლა

ინტერიერის დიზაინში მხოლოდ ესთეტიკა, ფუნქციური მხარის გარეშე, ვერასდროს იქნება სრულყოფილი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კონკრეტული დაწესებულების მუშაობის სტილის, თავისებურების, დღის წესრიგისა და დინამიკის გაცნობა, რათა ზუსტად მივხვდეთ, როგორ მოვარგოთ სამუშაო სივრცე ადამიანებს და როგორ შევუმსუბუქოთ მათ ყოველდღიური სირთულეები. დეტალების გათვალისწინებით შესაძლებელია, თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად ვაგრძნობინოთ, რაც მათ თვითშეფასებასა და შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება.

დაგეგმარება

დაგეგმარებისას ფუნქციური ზონები და კაბინეტები სწორი თანმიმდევრობითა და დისტანციით უნდა გადანაწილდეს. აუცილებელია, ვიცოდეთ სამუშაო ციკლი, მაგალითად, რომელ განყოფილებებს აქვს ყველაზე ხშირი ურთიერთობა ერთმანეთთან. ამის მიხედვით ჯგუფდება სივრცეებიც, რათა თანამშრომლებმა ზედმეტი დრო და ენერგია არ დახარჯონ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომელ განყოფილებას რა ფუნქცია ეკისრება, რამდენად მშვიდი გარემო სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარი მოვალეობა ხარისხიანად შეასრულოს. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, როგორ განვალაგებთ სამუშაო მაგიდებს, როგორი ხედი გადაეშლებათ მაგიდასთან მსხდომებს, რადგან თეთრი კედელი და თავისუფალი სივრცის ხედი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ასეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, დეტალები დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურ განწყობაზე.

განათება

სამუშაო სივრცის მოწყობისას განათების სწორად გადანაწილებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან ის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. განათების სწორი გადანაწილება აუცილებელია როგორც ბუნებრივი, ასევე, ხელოვნური სინათლის არსებობისას.

„ხშირად საოფისე სივრცეებში არ გვხვდება დღის შუქის წყარო, ან ის იმდენად მცირეა, რომ მთელ სივრცეს არ ჰყოფნის. ასეთ დროს ვცდილობთ, უხვი ხელოვნური განათება შევქმნათ. აუცილებელია საგანგებო სტანდარტების დაცვაც, რომლებშიც გაწერილია, რომელ სივრცეს რა სიმძლავრის განათება სჭირდება. ასეთი მონაცემები მათემატიკური ოპერაციებით გამოითვლება, რაც საშუალებას იძლევა, ყველა დეტალი წინასწარ განისაზღვროს“, – აღნიშნავს დიზაინერი.

ფერისა და მასალის შერჩევა

ინტერიერის მოწყობისას აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკაზე თითოეული ფერი სხვადასხვანაირად მოქმედებს. იმის მიხედვით, თუ როგორი რიტმი და სამუშაო სტილი აქვს კონკრეტულ დაწესებულებას, შეგვიძლია შესაბამისი ფერები და ტონები შევარჩიოთ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ასაკობრივ ჯგუფებსა და ყოველდღიურად შესასრულებელი საქმის სირთულეზე, რადგან ფერების მრავალფეროვნებამ, შესაძლოა, ადამიანები გადაღალოს.

სასურველია, სამუშაო სივრცეში ბუნებრივი მასალა და მცენარეები შევიტანოთ. ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნება ადამიანის გონებას ადუნებს და მის განწყობაზეც დადებითად მოქმედებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

თეთრ პალიტრაში გადაწყვეტილი სკანდინავიური სტილის ბინა სხვენში

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის მონტაჟისა და მისი გამოყენების დროს – ექსპერტის რჩევები