in

სამზარეულოს გეგმარების ძირითადი პრინციპები — სალომე მეტრეველის რჩევები

სამზარეულო სახლში ყველაზე ფუნქციური ზონაა, რომელსაც ყოველდღიურად აქტიურად ვიყენებთ. ის მხოლოდ კერძების მოსამზადებელი სივრცე არაა, არამედ – ოჯახისა და მეგობრების შეკრების მთავარი ადგილი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სამზარეულოს გეგმარებას, რათა კომფორტული და მოსახერხებელი ზონა მივიღოთ. სამზარეულოს გეგმარების ძირითად პრინციპებს დიზაინერი სალომე მეტრეველი გაგვაცნობს.

სივრცის შერჩევა 

სალომეს თქმით, უპირველესად, შესაფერისი ადგილი უნდა შევარჩიოთ. საკმარისი ფართის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია, სამზარეულო ზონა დამოუკიდებელ ოთახში განთავსდეს, ან დეკორატიული ტიხრის მეშვეობით გამოიყოს. სასურველია, ფანჯარასთან ახლოს განლაგდეს სამზარეულოს ავეჯი, რაც საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივი განათება შევქმნათ და ჰაერიც მუდმივად გაიწმინდოს. პატარა ფართობის შემთხვევაში, უმჯობესია ჩასაშენებელი ტექნიკის გამოყენება, რადგან ამ ტიპის ტექნიკა მისაღებ ოთახთან მარტივად ინტეგრირდება.

განლაგების გეგმა

დიზაინერი გვირჩევს, ტექნიკა და სამუშაო სივრცე სწორად გადავანაწილოთ, რათა სივრცეში მოძრაობა გავიმარტივოთ. ორგანიზებული სამზარეულოს მისაღებად ყველა ნივთისთვის უნდა განისაზღვროს სათავსო, რათა მაქსიმალურად მოსახერხებელი გარემო მივიღოთ.

განათება

მნიშვნელოვანია, წინასწარ ვიფიქროთ ელექტროწერტილებსა და განათებაზე. ოთახისთვის საჭირო განათების გარდა, გასათვალისწინებელია სამუშაო სივრცისთვის, ნიჟარისა და გაზქურისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური განათებაც, რომელიც ინტერიერში ბრებისა თუ LED ნათების სახით შეიძლება შემოვიტანოთ.

სასადილო სივრცის მოწყობა

სასადილო სივრცე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილიამაგიდისა და სკამების გარდა, ის, შესაძლოა, კუნძულის დახმარებით შეიქმნას, რომელიც სამზარეულოს დამოუკიდებლად მდგომი გაგრძელებაა. იმის გარდა, რომ ის საკმაოდ ტევადი, მაგიდის ფუნქციასაც ითავსებ ერთდროულად სამუშაო სივრცეცაა და მეგობრების მისაღები ადგილი. თუ მაგიდ და კამებს გამოიყენებთ, უმჯობესია, მათი სამზარეულოს ავეჯთან დაშორება 150 სმ მაინც იყოსკუნძულის შემთხვევაში ეს მანძილი მინიმუმ 80 მ-ია“, — აღნიშნავს სალომე.
სასადილო სივრცეში მყუდროების შესატანად კუნძულის ან მაგიდის ზემოთ ჭაღის გამოყენებაც მშვენიერი იქნება.

მასალის შერჩევა და დიზაინი

დიზაინერის თქმით, მასალის შერჩევამდე ბიუჯეტის განსაზღვრა აუცილებელია, რადგან კონკრეტული თანხის გათვალისწინებით შეირჩეს პროდუქტი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს წყლის მიმართ მდგრად მასალას, რაც პროდუქტის ნაადრევ დაზიანებას თავიდან აგვარიდებს: ზედაპირისთვის ისეთი მასალის გამოყენებას გირჩევთ, რომელი ნაკლებად იკაწრება და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადია. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ კვარცი, რომელიც ბუნებრივ ქვებზე უფრო გამძლეა და, ამავდროულად, საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს საშუალებას გვაძლევს, სასურველი დიზაინი შევქმნათ. ასევე, კარგი არჩევანია გრანიტი, მარმარილო, კორეანი, , უჟანგავი ლითონი ან, თუნდაც, კერამიკული ფილები. არსებობს ზედაპირები, რომელთა გამოყენებაც კედელზე, ფილების მაგივრად, შეიძლება, რაც ერთიანი სივრცის შეგრძნებას ტოვებს.

სალომე ყურადღებას ამახვილებს ნიჟარის შერჩევის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ისეთი ნიჟარა უნდა შევარჩიოთ, რომელიც მდგრადობით გამოირჩევა და არ შეიცავს მეტალებს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უჟანგავ ლითონს, გრანიტს ან კვარცს. კვარცის მასალის უწყვეტი გადაბმით ზედაპირისა და ნიჟარის გაერთიანებაა შესაძლებელი.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ, თუ სამზარეულოს კედელი დიდია, შეგვიძლია კარადები ზედა ნაწილში საერთოდ არ განვათავსოთ და სივრცე მინიმალურად დავტვირთოთ, პატარა ოთახში სივრცის ყველა ნაწილი სრულყოფილად ავითვისოთ.

იატაკის საფარი

რაც შეეხება იატაკის საფარს, სალომე გვირჩევს, უპირატესობა ისეთ წყალგამძლე მასალას მივანიჭოთ, როგორიცაა: კერამიკა, გრანიტი, მარმარილო ან მიკროცემენტი. იმ შემთხვევაში, თუ მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთიანდება და გადაბმის გამოყენება არ გვსურს, შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ხის საფარი გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში კარგი არჩევანია ხალიჩის დაგებაც, რაც ზონირებისთვისაც გამოდგება და სიმყუდროვესაც შესძენს ოთახს.

ვფიქრობ, სამზარეულო მნიშვნელოვანი სივრცეა სახლის საერთო დიზაინის და განწყობის გადმოსაცემად. მასში უმთავრესი აქცენტები უნდა ჩანდეს და ინტერიერის ძირითად იდეას გამოხატავდეს. ვიმედოვნებ, აღნიშნული რჩევები მომხმარებელს დაეხმარება უკეთესად მოაწყობს სამზარეულო სივრცე და ის უფრო კომფორტული გახადოს“, — აღნიშნავს სალომე მეტრეველი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ კონდიციონერს შეიძენთ?

ხის მასალა ინტერიერში – Homeis.ge-ს რჩეული პროექტები საქართველოდან