in

რამდენიმე რჩევა სამზარეულოს გამწვანებისთვის

ადრე სამზარეულო საკმაოდ ფუნქციონალური ოთახი იყო – შექმნილი მხოლოდ კერძების მოსამზადებლად და საკვები პროდუქტების შესანახად. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ ადგილმა სულ სხვანაირი დატვირთვა შეიძინა. დღესდღეობით სამზარეულოთი ხშირად მსჯელობენ ადამიანების გასტრონომიულ თუ ესთეტიკურ გემოვნებაზე.

ბიოფილური დიზაინის პოპულარობით და იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ ადამიანს ბუნებასთან კავშირი სჭირდება ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის, მცენარეებს აქტიურად იყენებენ სამზარეულოში.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა გაამწვანოთ თქვენი სამზარეულო:

მიუდექით სტრატეგიულად მცენარის განთავსებას

თუკი თქვენ ისეთ მცენარეს დადგამთ სამზარეულოში, რომელსაც ხშირი მორწყვა სჭირდება, მოათავსეთ ის ისეთ ადგილას, სადაც ხშირად გიწევთ ყოფნა – მაგალითად, ნიჟარასთან. თუკი პირიქით, წყლით გადატვირთვა არ უხდება თქვენს მცენარეს, ისეთი ადგილი შეურჩიეთ, ინტერიერსაც რომ მოუხდება და თქვენც ნაკლებად შეგაწუხებთ მის მორწყვაზე ფიქრი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრ მცენარეს სიცხე არ უყვარს და ისინი სითბოს წყაროდან მოშორებით უნდა დადგათ, სითბოს მოყვარულები კი – ახლოს.

განსაზღვრეთ და გაითვალისწინეთ ნათელი ადგილები თქვენს სამზარეულოში

თუკი თქვენ გამწვანების საკითხს სერიოზულად ეკიდებით, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, თუ მცენარის რომელი ჯიშები ხარობს იმ პირობებში, სადაც თქვენ იმყოფებით. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად ისე უნდა დადგათ მცენარეები თქვენს სამზარეულოში, როგორც ამას სინათლის და ჩრდილის ზონები გკარნახობენ. გაარკვიეთ, თქვენს მცენარეებს როგორ სიამოვნებთ სინათლის მიღება. მაგალითად, აფრიკულ იისფერ სენტპაულიას ირიბი სინათლე მოსწონს და არა მკვეთრი განათება, ამიტომაც ის მზეზე არ უნდა მოათავსოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ტენიანობა ყოველთვის კარგი იდეა არ არის

სამზარეულო ხშირად ხდება ტენიანი ადგილი, რადგანაც კერძების მზადებისას ხშირად გამოიყოფა ორთქლი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუკი ორქიდეას ძალიან სიამოვნებს ტენი, სეკულენტებს პირიქით, სრულიადაც არ მოსწონთ ის. ამიტომაც, თუკი იცით, რომ ზედმეტად ტენიანი სამზარეულო გაქვთ, ნუ შეარჩევთ ისეთ მცენარეებს, რომლებიც ასეთ პირობებს ვერ ეგუებიან.

უფრო მეტი გამწვანებისთვის შეარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომლებიც მარტივად მოსავლელია

არსებობენ ადამიანები, რომელთა სამზარეულოებიც სათბურებს ჰგავს. ნამდვილად ბევრს მოსწონს ზედმეტი გამწვანებაც კი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისინი ირჩევენ იმ ვარიანტებს, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. დიდი რაოდენობით პრეტენზიული მცენარეების მოვლა მთელ დღეს წაგართმევთ. ამიტომაც, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და უპრეტენზიო მცენარეები შეარჩიეთ.

აირჩიეთ მცენარე, რომელიც ლამაზთან ერთად პრაქტიკულიცაა

ასეთი შეიძლება იყოს მცენარე-მწვანილი, რომელსაც კერძებში მუდმივად გამოიყენებთ. ამგვარი მცენარე შეიძლება იყოს როზმარინი, შუქის მოყვარული ხახვი, ბაზილიკი, ორეგანო, პიტნა და ა.შ ისინი არამხოლოდ გააცოცხლებენ თქვენი სამზარეულოს ინტერიერს, არამედ ყოველ ჯერზე გამოგადგებიან.

რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები

7 ფაქტი მშენებლობის ძველი ტექნოლოგიების შესახებ

მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლი თანამედროვე დიზაინით