in

სამზარეულოს გამწოვი -ტიპები, მახასიათებლები და პრაქტიკული რეკომენდაციები

სამზარეულოში საჭმლის სუნის გასაქრობად გამწოვს იყენებენ, თუმცა, ის ყოველთვის ეფექტურად არ მუშაობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მანძილი გამწოვსა და ღუმელს შორის. დღეს განვიხილავთ, რა სიმაღლეზე უნდა დავამონტაჟოთ გამწოვი იმისათვის, რომ მან ხანგრძლივად, ეფექტურად და ეკონომიურად იმუშაოს.

რისთვის გვჭირდება გამწოვი?

გამწოვის მთავარი ამოცანა წვის პროდუქტების შეწოვა და ჰაერის გაწმენდაა. გარდა ამისა, ის ხელს უშლის სამზარეულოში ცხიმისა და ჭვარტლის ნაწილაკების გავრცელებას და უსიამოვნო სუნს აქრობს. მოწყობილობა დაბინძურებულ ჰაერს იწოვს, შემდეგ კი ასუფთავებს ან ოთახიდან განდევნის მას. ზოგიერთ მოდელს ოთახში სუფთა ჰაერი შემოაქვს, რაც სასიამოვნო მიკროკლიმატს ქმნის.

გამწოვის ტიპები

სამზარეულოს გამწოვები განსხვავებულია, რაც საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა გარემოსთვის შესაფერისი მოწყობილობა შეარჩიოთ. ქვემოთ განვიხილავთ გამწოვის ძირითად ტიპებს.

წმენდის მეთოდის მიხედვით

განასხვავებენ ნაკადურ და ცირკულაციურ სისტემებს. პირველი ტიპის მოწყობილობა ჰაერის ნაკადს სამზარეულოდან, სავენტილაციო შახტის გავლით, ქუჩისკენ მიმართავს. ასეთი მოდელები ეფექტური, პრაქტიკული და გამძლეა, თუმცა მათი დამონტაჟება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც სავენტილაციო სისტემა მუშაობს.

ცირკულაციური მოწყობილობები განსხვავებულია. ისინი იწოვს და ატარებს ჰაერის ნაკადს სისტემაში, რომელიც რამდენიმე ფილტრისგან შედგება. გაწმენდილი ჰაერი სამზარეულოში ბრუნდება. ცირკულაციური მოწყობილობები დროთა განმავლობაში არაეფექტური ხდება, რადგან ფილტრები ჭუჭყიანდება. ამის თავიდან ასარიდებლად, პერიოდულად მათი გამოცვლაა საჭირო, რაც საკმაოდ ძვირია. ასეთი მოდელები შეგიძლიათ ისეთ ადგილებში დაამონტაჟოთ, სადაც სავენტილაციო სისტემა არ არის.

მონტაჟის ადგილის მიხედვით

მონტაჟის ადგილის მიხედვით, განარჩევენ სამი ტიპის გამწოვს. პირველი დასაკიდი მოდელია. იგი კედელზე, ღუმელის ზემოთ მონტაჟდება. მისი დამალვა ან შენიღბვა შეუძლებელია, რაც მოწყობილობის ნაკლოვან მხარედ მიიჩნევა.

მეორე ტიპის მოდელი ჩაშენებული გამწოვია, რომელიც კედლის კარადის შიგნით მონტაჟდება და, ამის წყალობით, უხილავია. ჩაშენებული გამწოვი ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ საიმედო და ეფექტურია.

მესამე ტიპის გამწოვი კუნძულოვანი მოწყობილობაა. ის ჭერზე მონტაჟდება. ასეთი მოდელების ჰაერსატარი ყოველთვის სწორი ფორმისაა, რაც მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს. „კუნძულები“ შეიძლება უმოძრაო ან დინამიკური იყოს. ეს უკანასკნელი ზედაპირიდან საკმაოდ მაღლა მონტაჟდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მანძილის შემცირებაც შეიძლება.

რის მიხედვით განისაზღვრება მონტაჟის სიმაღლე?

გამწოვის ნებისმიერ ადგილას დამონტაჟება არ შეიძლება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც სამუშაო ზედაპირსა და გამწოვს შორის საჭირო მანძილს განსაზღვრავს:

  • გამწოვის წარმადობა და ტიპი;
  • გაზქურის ტიპი და ზომები;
  • სავენტილაციო სისტემის არსებობა-არარსებობა და მისი სიმძლავრე;
  • ჭერის სიმაღლე;
  • ოთახის განლაგება;
  • ადამიანის სიმაღლე.

მოწყობილობის ნორმალური მუშაობისთვის მისი ზომები გაზქურის პარამეტრებს 70-80 მმ-ით ან მეტით უნდა აღემატებოდეს. თუ ამას არ გაითვალისწინებთ, დაბინძურებული ჰაერის ნაწილი სამზარეულოში დარჩება.

როგორც წესი, გამწოვის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია მონტაჟის პარამეტრები. ამ რეკომენდაციების დაცვა სასურველია, თუ ისინი უსაფრთხოების სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება. გირჩევთ, მოცემულ პარამეტრებს 5-10 სმ-ზე მეტით არ გადააჭარბოთ, რადგან ამან, შესაძლოა, მოწყობილობის ეფექტურობა შეამციროს.

ყიდვამდე საჭიროა, სწორად განსაზღვროთ გამწოვის სიმძლავრე. სასურველია, იმაზე ოდნავ მძლავრი მოდელი შეარჩიოთ, ვიდრე რეალურად გჭირდებათ, რათა მოწყობილობამ გადატვირთვისა და ზედმეტი ელექტროენერგიის მოხმარების გარეშე იმუშაოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მის აწევასაც შეძლებთ, რაც დასუფთავების ხარისხზე არ იმოქმედებს. წარმადობის შერჩევისას აუცილებელია, გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ოთახის მოცულობა, არამედ ჰაერსატარის ფორმა, მწეველთა რაოდენობა, სავენტილაციო სისტემის არსებობა-არარსებობა.

საუკეთესო მოწყობილობის შერჩევა მხოლოდ ზემოჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

გაზქურიდან რა სიმაღლეზე მონტაჟდება გამწოვი?

გამწოვის ადგილმდებარეობა, უპირველესად, გაზქურის ტიპის მიხედვით განისაზღვრება. არსებობს გაზქურის ორი ტიპი — გაზზე მომუშავე და ელექტროტექნიკა.

გაზზე მომუშავე ტექნიკა

გაზქურაზე საჭმელი ღია ცეცხლზე მზადდება, რაც პოტენციურ საფრთხეს ქმნის. შესაძლებელია, გამწოვის კორპუსი დადნეს ან მისი ფილტრი აალდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხიმით არის დაბინძურებული. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს გაზქურის ზემოთ დამონტაჟებული გამწოვის სიმაღლეს. თუ მოდელის ჰაერსატარი სწორია და ზუსტად სანთურების პარალელურად არის მოთავსებული, მინიმალური მანძილი 75 სმ. უნდა იყოს, მაქსიმალური კი — 85 სმ. დახრილი კონსტრუქციებისთვის ეს პარამეტრები, შესაბამისად, 55 სმ-სა და 65 სმ-ს შეადგენს.

ელექტროტექნიკა

ვინაიდან ამ შემთხვევაში ღია ცეცხლი არ გამოიყენება, ელექტროგაზქურები უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა.

თანამედროვე სტანდარტები გამწოვის სამუშაო ზონასთან უფრო ახლოს დამონტაჟების საშუალებას იძლევა. ასე რომ, სწორი მოდელებისთვის მინიმალური სიმაღლე 65 სმ-ია, მაქსიმალური კი — 75 სმ. დახრილი მოწყობილობებისთვის სტანდარტები შემდეგნაირად იცვლება: მინიმალური მანძილი ქვედა კიდიდან 45 სმ-ია, მაქსიმალური კი — 55 სმ.

მანძილის არასწორად შერჩევით გამოწვეული პრობლემები

თუ სიმაღლის სტანდარტები დაცული არ არის, ჩნდება უამრავი პრობლემა, რაც მოწყობილობის მუშაობას ართულებს.

თუ გამწოვი ზედმეტად დაბლაა დამონტაჟებული, მოსალოდნელია შემდეგი პრობლემები:

  • ფილტრის ელემენტის აალება, რომელზეც ცხიმები გროვდება. ეს განსაკუთრებით ეხება გაზის მოწყობილობებს, თუმცა, ზოგჯერ – ელექტროტექნიკასაც.
  • მაღალი ტემპერატურის მუდმივი ზემოქმედება გამწოვის ზედაპირზე უარყოფითად აისახება მის წარმადობასა და გამძლეობაზე. შესაძლებელია, მოწყობილობა დადნეს ან ფერი შეიცვალოს.
  • დისკომფორტი საჭმლის მომზადებისას ან მოწყობილობის გაწმენდისას; ჭვარტლისა და ცხიმის ნაწილაკების სწრაფი დაგროვება გამწოვის ფილტრსა და ზედაპირზე.

თუ მოწყობილობა ზედმეტად მაღლაა დამონტაჟებული, მოსალოდნელია შემდეგი პრობლემები:

  • ჰაერის არაეფექტური წმენდა. მოწყობილობა, უბრალოდ, ვეღარ შეძლებს დაბინძურებული ჰაერის შეწოვას.
  • გამწოვის მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობა. ამ რეჟიმის მუდმივად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მოწყობილობის რესურსებს სწრაფად ამოწურავს.
  • ტექნიკის მოვლისა და წმენდის სირთულეები.

სწორ სიმაღლეზე დამონტაჟებისას ზემოაღნიშნული პრობლემები არ შეიქმნება და მოწყობილობა სრული დატვირთვითა და ეფექტურობით იმუშავებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ სამონტაჟო ადგილის შერჩევისას?

იმისათვის, რომ სწორი ადგილი შეარჩიოთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რამდენად ახლოა მასთან ელექტროენერგიის წყარო. როზეტი უნდა მოთავსდეს იატაკის დონიდან 200-250 სმ-ის სიმაღლეზე, ისე, რომ კედლის კარადების კიდეზე 150-250 მმ-ით მაღლა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერსატარისა და როზეტის ერთ ხაზზე განთავსება არ შეიძლება. მათ შორის მანძილი დაახლოებით 150-200 მმ. უნდა იყოს.

აუცილებელია, ისეთი როზეტი გამოიყენოთ, რომელსაც დამიწება გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოწყობილობა გადაიწვას. სასურველია, დაპროექტებისას გაითვალისწინოთ სამზარეულოს კარადების მდებარეობა. კარადებსა და გამწოვის კორპუსს შორის სივრცე 50-100 მმ. მაინც უნდა იყოს. ეს მოწყობილობის თავისუფლად დამონტაჟებისთვის საკმარისი ადგილი იქნება და საჭიროების შემთხვევაში – მისი დემონტაჟისთვისაც. ეს არ ეხება ჩაშენებულ მოდელებს.

მონტაჟის მეთოდები

მონტაჟის მეთოდი დამოკიდებულია გამწოვის ტიპსა და მახასიათებლებზე. კედლის მოდელი მონტაჟდება სპეციალურ კრონშტეინებზე, რომლებიც კორპუსისთვის საყრდენია. მსუბუქი მოდელები შეიძლება დამონტაჟდეს ბაზაზე, ანჯამებზე დაფიქსირების საშუალებით. ძალიან მნიშვნელოვანია, კედლის მოდელების ჰაერსატარი რაც შეიძლება ნაკლებად მოხრილი იყოს, რათა მოწყობილობის სიმძლავრე არ შემცირდეს.

„კუნძულის“ შემთხვევაში ფიქსაციის სიძლიერეს სამაგრები განსაზღვრავს. ჩაშენებული მოდელები დამონტაჟებულია ავეჯის მოდულში, რომელიც კედელზეა მიმაგრებული. ამისათვის მის ძირში ამოჭრილია სამონტაჟო ხვრელი, რომელშიც ელექტრომოწყობილობა უნდა მოთავსდეს. მონტაჟი შესაძლებელია საგანგებო ყუთშიც. ამ შემთხვევაში სამონტაჟო ხვრელი საჭირო არ არის. ელექტრომოწყობილობა სტრუქტურის აწყობის ეტაპზე მონტაჟდება.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სახლი პატარა ინგლისურ სოფელში — Oliver Leech Architects-ის პროექტი

ბუნების სიყვარულით ნასაზრდოები არქიტექტურა – ინტერვიუ გივი მეტრეველთან