სამზარეულოს გამწოვი ტექნიკის ის ელემენტია, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოს ნებისმიერმა მაცხოვრებელმა, რათა სივრცეში ჯანსაღი გარემო, ჰიგიენა და კომფორტი უზრუნველყოს. გამწოვი რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საცხოვრებელში:
აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს — ამცირებს საჭმლის მომზადებისას წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს, ცხიმსა და ორთქლს. ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას. ამავდროულად, ხელს უშლის ალერგიებისა და მავნე ნივთიერებების გავრცელებას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.
უზრუნველყოფს სისუფთავის შენარჩუნებას — გამწოვის ეფექტური მუშაობით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ცხიმისა თუ ჭვარტლის დაგროვების რისკები კედლებსა და ავეჯზე, რაც დასუფთავების საჭიროებას ამცირებს და ბევრად უფრო ეფექტურ და სუფთა გარემოს განაპირობებს.
არეგულირებს ტემპერატურას — გამწოვი დიდ როლს ასრულებს ტემპერატურის კონტროლის პროცესში, რადგან ხელს უწყობს ეფექტურ გაგრილებას კერძების მომზადებისას. ასევე, ამცირებს ტენიანობას და ხელს უშლის ობის წარმოქმნას.
აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს — ხელს უშლის მავნე ნივთიერებების, ნამწვისა და აირების შიდა სივრცეში დაგროვებას, რაც სასიკეთოდ აისახება როგორც გარემოს უსაფრთხოებაზე, ასევე მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე.
ზრდის კომფორტს — გამწოვი ამცირებს საჭმლის მომზადებისას წარმოქმნილ დისკომფორტსა და უსიამოვნო სუნს და ქმნის ბევრად სასიამოვნო, მოსახერხებელ გარემოს სამზარეულოში.
ინტერიერს მიმზიდველობას სძენს — თანამედროვე ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ტიპის გამწოვი არსებობს, რომელთა დიზაინი ადვილად შეიძლება მიუსადაგოთ თქვენს ინტერიერს და მას საინტერესო აქცენტები შემატოთ.
დღეს არსებობს სამზარეულოს გამწოვის არაერთი ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან სამონტაჟო ადგილითა თუ დიზაინით განსხვავდება. თუმცა მონტაჟის სპეციფიკა უმრავლეს შემთხვევაში ერთნაირია. დღევანდელ სტატიაში სწორედ კედელზე, ჭერზე დასამაგრებელ და ჩასაშენებელი მოდელების ინსტალაციის თავისებურებაზე ვისაუბრებთ და მონტაჟის ღირებულებას გაგაცნობთ.
დარგის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, მონტაჟამდე გათვალისწინებული იყოს გამწოვის სამონტაჟო ადგილი, ზომა და სავენტილაციო მილი, საიდანაც დაბინძურებული ჰაერი უნდა გავიდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამწოვის სამონტაჟო პროცედურა რემონტის ბოლო ეტაპზე უნდა ჩატარდეს.
სპეციალისტი გვირჩევს, რომ გამწოვი იატაკიდან მინიმუმ 1,8 მ. სიმაღლეზე მოთავსდეს, ხოლო ქურიდან დაახლოებით 65-75 სმ. უნდა ვივარაუდოთ.
შემდეგ ეტაპზე საჰაერო მილისთვის შესაბამისი ნახვრეტი კეთდება, რომელიც კედელსა თუ ჭერში იხვრიტება. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ჭრილის ზომა დამოკიდებულია გამწოვის სიდიდეზე, თუმცა სტანდარტულად, ნახვრეტის დიამეტრი საშუალოდ, 6-8 სმ-ია.
მომდევნო ნაბიჯი გამწოვის კონსტრუქციის კედელსა თუ ჭერში დამაგრებაა. სპეციალისტი გვიხსნის, რომ გამწოვზე მითითებულია სპეციალური ნიშნულები, რომელთა დახმარებითაც კედელსა თუ ჭერზე შესაბამისი ნახვრეტები კეთდება. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ ნახვრეტები ერთმანეთის მოპირდაპირედ სწორად უნდა განლაგდეს, ერთ სიმაღლეზე. ნახვრეტებში ე.წ. დუბელები თავსდება, შემდეგ კი ხრახნების დახმარებით, კედელსა თუ ჭერზე გამწოვის კონსტრუქცია დგება და სავენტილაციო მილი გამწოვს უერთდება.
რაც შეეხება მონტაჟის ფასს, სპეციალისტის თქმით, სტანდარტული გამწოვების შემთხვევაში, ფასი 40-70 ლარია, ხოლო თუ გამწოვი დიდი ზომისაა, სავენტილაციო მილი კი გამწოვის ჭრილთან აცდენილია და კარგად ვერ უერთდება გამწოვს, დამატებითი სამუშაოა შესასრულებელი, რაც ღირებულებას ზრდის და ფასი 70-100 ლარს აღწევს.