in

შეუძლია თუ არა სამზარეულოს გამწოვს არასასიამოვნო სურნელის სრულად გაქრობა?

გამწოვი სამზარეულოში უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ელემენტია, რომელიც წვის შედეგად დაგროვილ მავნე აირებს წმენდს, ავეჯის ზედაპირს ცხიმისა და ჭავლის მოხვედრისგან იცავს და ოთახში  უსიამოვნო სუნს მაქსიმალურად ამცირებს.

გამწოვის მთავარი ფუნქციაა სივრცე მავნე ნივთიერებებისგან, ნამწვისგან და სუნისგან გაწმინდოს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, გამწოვი ვერ ახერხებს სრულად სუნის გაწოვას, რაც დისკომფორტს უქმნის მომხმარებლებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შემაწუხებელი სტუდიოს ტიპის ბინებშია, სადაც სამზარეულო და მისაღები ზონა გაერთიანებულია, კერძის მომზადება კი უსიამოვნო სუნთან და შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, რაც ცუდ მდგომარეობაში აყენებს მაცხოვრებლებს და მათ ყოველდღიურობას ართულებს.

გამწოვის აქტიური მოხმარების მიუხედავად, სუნი შესაძლოა სრულად არ აღმოიფხვრას და ოთახში მაინც დარჩეს უსიამოვნო შეგრძნება, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია.

1. რეგულარული მოვლა — გამწოვის სრულფასოვანი და შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელია მისი რეგულარული გასუფთავება და პერიოდულად ფილტრების წმენდა, რათა მოწყობილობამ ეფექტურად იმუშაოს და სუნის განეიტრალება მაქსიმალურად შეძლოს.

2. მონტაჟის სისწორე — დარწმუნდით, რომ გამწოვი სწორად არის დაყენებული და მისი მდებარეობა დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება. არასწორმა ზომებმა და ინსტალაციამ შეიძლება გამწოვის შეფერხება გამოიწვიოს და ტექნიკამ სათანადოდ ვერ გაწმინდოს სივრცე ნამწვისა და სუნისგან.

3. სივრცის შესაფერისი მაღალი ხარისხის გამწოვის შერჩევა — გამწოვის ეფექტური მუშაობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად ერგება კონკრეტული მოდელი თქვენს სივრცეს, რამდენად სწორადაა არჩეული სიმძლავრე და გამწოვის ტიპი. ამასთანავე, აუცილებელია ხარისხიანი ტექნიკის შეძენა, რადგან დაბალი ფასის, არა ბრენდული ნაწარმი ხშირ შემთხვევაში მალე ფუჭდება და ვერც ეფექტურად ახერხებს სუნის გაწოვას.

4. სამზარეულოს ვენტილაცია — გამწოვის იდეალური მუშაობისთვის სასურველია, ოთახში კარგი ვენტილაცია და ჰაერის მიმოქცევა იყოს. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს მავნე ნივთიერებისა და უსიამოვნო სუნის ოთახიდან გაწოვის პროცესს და სასურველ გარემოს უზრუნველყოფს.

იმის გამო, რომ მომხმარებლებში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ გამწოვი სუნს აუცილებლად სრულად უნდა აქრობდეს, როდესაც ასე არ ხდება, ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, რამდენად სწორია მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამწოვის მთავარი ფუნქცია სამზარეულოში საკვების შედეგად წარმოქმნილი სუნის სრულად გაქრობაა? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ჩვენ Miele, Liebherr და Elica ბრენდების ოფიციალური იმპორტიორი კომპანიის, შპს „Zigie”-ის დირექტორს, ნინო კომახიძეს მივმართეთ.

ჩვენთან საუბრისას ნინო აღნიშნავს, რომ გამწოვის მთავარი ფუნქცია, პირველ რიგში, მავნე ნივთიერებებისა და ნამწვის გაწოვაა. რაც შეეხება არასასიამოვნო სუნს, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენი რესპონდენტი საინტერესო რჩევას გვიზიარებს:

„გამწოვის უპირველესი მიზანია ბუნებრივი აირის, მავნე ნივთიერებებისა და ნამწვის გაწმენდა, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. შესაბამისად, გამწოვის ხმარებისას სუნი ოთახში მაინც რჩება და სივრცე ბოლომდე არ სუფთავდება. თუმცა, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გირჩევთ, კერძის მომზადებამდე გამწოვი 20-30 წუთით ადრე დაბალ სიჩქარეზე ჩართოთ, ეს ხელს შეუწყობს ოთახში არსებული სუნის გასუფთავებას და კერძის მომზადებისას არასასურველი სურნელი უფრო ეფექტურად გაიწოვება. ასევე, გამწოვის შეძენამდე ყურადღება უნდა მიაქციოთ ხმაურის დონეს, რადგან ზოგჯერ დაბალი ხარისხის მოდელი იმდენად ხმამაღლა მუშაობს, რომ ყოველდღიურ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ამიტომ სწორი სიმძლავრისა და დიზაინის შერჩევასთან ერთად, ეს ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“, — გვირჩევს ნინო კომახიძე.

რომ შევაჯამოთ, დარგის სპეციალისტების თანახმად, გამწოვის მთავარ ფუნქციას მავნე ნამწვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გაწოვა წარმოადგენს. ამას გარდა, ის ხელს უწყობს ავეჯის ზედაპირის ცხიმისა და ჭავლისგან დაცვას და არასასიამოვნო სუნს მაქსიმალურად ამცირებს, თუმცა არ აქრობს ბოლომდე. გამწოვის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია მისი რეგულარული დასუფთავება, სწორი მონტაჟი და სივრცისთვის შესაფერისი, ხარისხიანი მოდელის შერჩევა, რათა მოწყობილობამ შეუფერხებლად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 ადგილი საქართველოში, სადაც დომოფონის ყიდვას შეძლებთ

Eames Plastic Armchair – ჩარლზ და რეი იმსების მიერ შექმნილი მოდელი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა