in

6 რჩევა ფულის დასაზოგად სამზარეულოს გაფორმებისას

როგორც ცნობილია, ნებისმიერი რენოვაციისას ბევრი ფული იხარჯება – დიზაინერები ამბობენ, რომ რემონტის დროს წინასწარ გამოყოფილი ბიუჯეტი შეიძლება გამრავლდეს ორზე, რადგან რეკონსტრუქციის დროს ფულის დაზოგვა, როგორც წესი, ადვილი არ არის. თუმცა, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებიც კი შეგვიძლია გარკვეულ ბიუჯეტს მოვარგოთ. დღეს გთავაზობთ 6 რჩევას, რომლებიც სამზარეულოს განახლებისას თანხების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

  1. ტექსტურული კედლები

თუ სამზარეულოში შპალერის ფენის ქვეშ ტექსტურული აგურის ან ბეტონის კედელი აღმოჩნდება, იგი სასწრაფოდ წარმოაჩინეთ. ასეთ ფონზე ადვილია ნათელი, უნიკალური ინტერიერის შექმნა.

  1. გამძლე იატაკი

თუ იატაკის გამოცვლას გეგმავთ, მოსწორებაზე ფულის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო, იატაკი დაზიანდება. ზოგჯერ შესაძლებელია უფრო იაფი მასალა, მაგალითად, ლინოლეუმი აირჩიოთ. დღეს ის მზადდება ეკოლოგიურად სუფთა და ჰიპოალერგიული მასალებისგან და გარეგნულად ზოგჯერ მისი გარჩევა ძვირადღირებული ანალოგებისგან რთულია. ამ მასალის კიდევ ერთი უპირატესობა არის ინსტალაციისა და მოვლის სიმარტივე. ლინოლეუმი არათანაბარ იატაკზეც კარგად გამოიყურება და სამზარეულოს გარემოს აგრესიულ ეფექტს არ განიცდის.

  1. ელეგანტური ჭერი

სამზარეულოში ჭერის განახლების ყველაზე ბიუჯეტური გზა არის ზედაპირის გაპრიალება და წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით დაფარვა. თუმცა, მზად იყავით იმისთვის, რომ ჭერი პერიოდულად უნდა განახლდეს. ეს საღებავი ტენიანობის მიმართ ძალიან მდგრადი არ არის. ალტერნატიული ვარიანტია ჭერის გაწმენდა საფარისგან და მასზე შპალერის გაკვრა. სქელი ხაოიანი ფაქტურა ან ვინილის მასალები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფულის დაზოგვას, არამედ სამზარეულოს ორიგინალური ინტერიერის შექმნას.

  1. ბიუჯეტური ავეჯი

სამზარეულოს ნაკრებების შეძენა რემონტის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. მაგრამ ფულის დაზოგვის გზებიც არსებობს. ბევრი მსხვილი მწარმოებელი იმავე ბრენდის რამდენიმე ნივთის შესყიდვისას ფასდაკლებებს გვთავაზობს. ამასთან, ნუ უგულებელყოფთ ძველ ავეჯს. თუ სხვადასხვა კომპლექტიდან რამდენიმე სკამი გაქვთ დარჩენილი, განათავსეთ ისინი სასადილო მაგიდის გარშემო და სამზარეულო განახლებული კარადებით გაალამაზეთ. ხშირად, დიზაინერები ანტიკვარულ მაღაზიებში სპეციალურად ეძებენ ძველ ავეჯს ვინტაჟური ინტერიერის შესაქმნელად.

  1. ოპტიმალური ზედაპირი

ასევე, შესაძლებელია ფული ზედაპირების თვალსაზრისითაც დაზოგოთ. ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტი ბუნებრივი ქვებია. შედარებით იაფი არჩევანი კი ხელოვნური ქვაა. თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, შეგიძლიათ, პირველი ან მეორე კლასის მარტივი, ქვის ზედაპირი შეარჩიოთ – ღარების, რთული ან მომრგვალებული კიდეების, სანათურების დამჭერების ან სხვა აქსესუარების გარეშე. ამასთან, ზოგჯერ ლითონის ზედაპირიც შესაფერისია ინდუსტრიული სტილის სამზარეულოს შემთხვევაში.

  1. ძვირადღირებული დეტალები

ზოგჯერ სამზარეულოს დიზაინის შექმნისას, შეიძლება, რაიმე უახლესი მოდელი, ულტრათანამედროვე ფასადები ან მოდური დეკორი გსურდეთ.  ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მცირე დეტალებად გვეჩვენება, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვნად ზრდის პროექტის ღირებულებას – უბრალოდ, სავარაუდოა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში თქვენი თვალი შეეჩვევა ამ „წვრილმანებს“ და შეწყვეტთ მათ შემჩნევას.

რა თქმა უნდა, მეტად სანახაობრივია, როდესაც სამზარეულოს ზედა კარადები ზევითკ იღება, ნაცვლად სტანდარტული გამოსაღები კარებისა. თუმცა, თუ ამგვარი გაღების მექანიზმს ჩვეულებრივი ანჯამებით შეცვლით, დანაზოგი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება (ზოგჯერ ორმაგიც კი). იგივე ხდება ფარული უჯრების, მინის კედლებისა და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარით აღჭურვილი დეტალების შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უჯრების შიდა განათებასა და ჭურჭლის საშრობ განყოფილებაზე, მაგრამ თუ შედარებით შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, შეგიძლიათ მეტად მარტივი განათებისა და ლითონის აქსესუარების გამოყენება, რომლებიც ყველაფერს უპრობლემოდ ეხამება.

ავეჯის მაღაზიები თბილისში – Homeis.ge-ს 10 რჩეული ვარიანტი

ტური დენ აბრამსის ნიუ იორკის სახლში