in

ხუთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს კარადების ფერების შერჩევისას

როგორც თქვენი სახლის მრავალი ნაწილის შემთხვევაში, სამზარეულოს კარადების ფერის კუთხითაც დიდი არჩევანი არსებობს და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. მაგრამ, რადგან სამზარეულო ხშირად არის სივრცე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ფუნქციას და ესთეტიკას, მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადახედოთ ფერის ვარიანტებს. ასეთ დროს, აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რა იქნება თქვენთვის სტრატეგიულად მოგებიანი და პრაქტიკული. სწორედ ამიტომ,დღეს რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც გამოგადგებათ სამზარეულოს კარადების ფერების შერჩევის დროს.

არ მიჰყვეთ ტრენდებს ბრმად

გამომდინარე იქიდან, რომ სამზარეულო ბევრისთვისაა ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ის უნდა იყოს სასიამოვნოც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს სივრცე უფრო მეტად პირად ინტერესებსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული, ვიდრე ტრენდებზე. კარადების ფერის ტენდენციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი იცვლებიან ყოველ 4-6 წელიწადში ერთხელ, ხოლო სამზარეულოს რეკონსტრუქცია ჩვეულებრივ, როგორც წესი, ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც, როდესაც კარადების ფერის შერჩევაზე მიდგება ჯერი, გაითვალისწინეთ, რამდენად გამოგადგებათ კონკრეტული ფერი სამომავლო პერსპექტივაში.

იფიქრეთ მასალების კომბინაციაზე

თქვენ შეგიძლიათ, თქვენი კარადები არამხოლოდ ორი ფერით გაამრავალფეროვნოთ, არამედ მასალები შეურიოთ ერთმანეთს. მაგალითად, ხის კარადები სხვადასხვა ფერთან ერთად, იდეალური კომბინაციაა სამზარეულოში.

იფიქრეთ თეთრის გარდა სხვა ნათელ ვარიანტებზეც

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი სამზარეულო ღია და ჰაეროვანი იყოს, სტანდარტულ თეთრზე მეტი არჩევანი გაქვთ – თუნდაც, ღია ცისფერი ან ღია ყვითელი, კრემისფერი და ღია ნაცრისფერი.. თუკი უბრალოდ გნებავთ, რომ თქვენი სამზარეულო მუქისა და ღია ფერების კომბინაცია იყოს, ამ შემთხვევაში ღია ტონები თქვენი ზედა კარადებისთვის შემოინახეთ და უფრო თამამი ფერები – ქვედა ზონისთვის გამოიყენეთ.

ნუ ეცდებით, არსებული ფერი გამოიყენოთ კარადის განახლებისთვის

ზოგჯერ ძალიან საჭიროა ძველი ან დაზიანებული კარადის სრულად ან ნაწილობრივ შეცვლა. ადამიანები ასეთ შემთხვევაში ხშირად იყენებენ მსგავს საღებავს. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი ფერი არასოდეს არის ზუსტად ძველის ანალოგი და განსხვავება აუცილებლად იქნება. ამიტომ, ჯობს რაღაც სრულიად განსხვავებული გააკეთოთ, ვიდრე არასწორად განაახლოთ თქვენი სამზარეულოს ფერები.

ყოველთვის გაითვალისწინეთ გამძლეობა

სამზარეულოს კარადების ფერები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ხის სხვადასხვა სახეობა და სხვადასხვა ხარისხის ლაქები განსხვავებულად რეაგირებენ მზის ზემოქმედებაზე და დროთა განმავლობაში შეიძლება გაყვითლდნენ, ჩამუქდნენ ან პირიქით – გაღიავდნენ. ქვედა კარადები, როგორც წესი, მუდმივად ჩრდილშია ხოლმე – ამიტომაც, ისინი სხვა ფერის ხდებიან, ვიდრე ზედა კარადები, რომლებიც მუდმივად მზის შუქის ეპიცენტრში არიან. სამზარეულოს კარადების ფერის არჩევისას გაითვალისწინეთ მზის შუქის რაოდენობა, რომელიც თქვენს სივრცეში ხვდება და აუცილებლად დაადგინეთ საღებავის გამძლეობა, რათა იცოდეთ, შენარჩუნდება თუ არა ხარისხი წლების განმავლობაში.

#სადვიცხოვრო – 32 კვ.მ ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე

Moon Rabbit Store – სხვადასხვა მასალითა და ექსპერიმენტებით დამზადებული ინტერიერის ობიექტები