სამზარეულოს კუნძული მრავალფუნქციური ნივთია, რომელიც ნებისმიერი ზომის ბინასა თუ სახლს უხდება. დღეს რამდენიმე ვარიანტი გვინდა შემოგთავაზოთ, რომელიც დარწმუნებული ვართ, თქვენთვის კარგი შთაგონების წყარო გახდება.
უჟანგავი ფოლადი და მასიური ხე
ბრიტანელი ბიზნესმენისა და კოლექციონერის ბინის სამზარეულო არქიტექტორმა ტიციანო ვუდაფიერიმ (Tiziano Vudafieri) უჟანგავი ფოლადისგან და მასიური ხისგან შექმნა. ცენტრალური ელემენტი ეს კუნძული გახდა, რომელშიც ხელსაბანი და ღვინის შესანახი თაროებია ჩაშენებული.
30 კვადრატულ მეტრში ჩატეული პრაქტიკულობა
საპროექტო დავალების მიხედვით, მოცემულ ინტერიერში ყველაფერი აუცილებელი უნდა ჩატეულიყო 30 კვადრატულ მეტრში. სწორედ ამიტომ, სრულფასოვანი მაგიდის ნაცვლად, დიზაინერმა სამზარეულოს კომპაქტური კუნძული აირჩია, რომელსაც სამუშაო ზედაპირი ავსებს. ამ გზით მოხერხებული სასადილო ზონის ორგანიზება და სამუშაო ზედაპირის გაზრდა გახდა შესაძლებელი.
დიჯეის ბინა გრაფიტის ფერში
ამ ბინის მეპატრონე დიჯეია, რომელიც ორ ქვეყანაში ცხოვრობს. მას ლაკონიური სივრცის შექმნა სურდა, სადაც კარგად დაისვენებდა. დიზაინერმა მთელი ინტერიერი გრაფიტის ფერში გააფორმა. ამავე ელფერშია შესრულებული სამზარეულოს კუნძულიც, რომელიც გარემოს კარგად ერწყმის და სამზარეულოსა და სასტუმროს ზონებად ყოფს.
გაერთიანებული კუნძული და სასადილო მაგიდა
ამ შემთხვევაში დიზაინერის მთავარი ამოცანა მყუდრო და ფუნქციური ინტერიერის შექმნა იყო, სადაც არაფერია ზედმეტი. სამზარეულოში ადგილის დასაზოგად დიზაინერმა კუნძული დააპროექტა, რომელიც სასადილო მაგიდასთანაა გაერთიანებული. კუნძულის მასალა ნაწილობრივ კედელზეც გადადის და სრულყოფილების განცდას ქმნის.
რბილი ფორმები
დიზაინერმა ინტერიერი ახალგაზრდა ოჯახისთვის შექმნა. მან კუნძულიანი სამზარეულო დააპროექტა, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილისა და საუზმის ფუნქციასაც ასრულებს. მისი რბილი ხაზები სანათების მომრგვალებულ ფორმებს ერწყმის, ხოლო კუნძულის ფაქტურა და სამზარეულოს ფასადები ინტერიერს უფრო დასრულებულ იერს სძენს.
მწვანე ელფერი და მარმარილო
არქიტექტორები ემილ ჰუმბერტი (Emil Humbert) და კრისტოფ პოიე (Christophe Poyet) ჭეშმარიტად საავტორო ინტერიერებს ქმნიან, სადაც თითოეული დეტალია გააზრებული. ამ პარიზული ბინისთვის სტუდია “Humbert & Poyet“-მა სამზარეულო ტრადიციულ სტილში დააპროექტა. ღია მწვანე ელფერის ხის ფასადებს სპილენძის ფურნიტურა ამშვენებს. კუნძული “Arasbecato“-ს მარმარილოს სამზარეულოს ზედაპირითაა დაგვირგვინებული.
მომრგვალებული ფორმები სამზარეულოში
მოცემული სამზარეულოსა და მისი კუნძულის მომრგვალებული ფორმა თაღებისა და კოლონების ფორმებს ეხმიანება და თბილ გარემოს ქმნის. ამ ეფექტის გაზრდისთვის დიზაინერმა სამზარეულოს გაფორმებისთვის ბუნებრივი ტონები გამოიყენა, რომელიც ხის ბუნებრივ ტექსტურას შეესაბამება.