in

სამზარეულოს ოპტიმალური ზომები – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დაპროექტებისას

სახლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ზონა სამზარეულოა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. კერძების მომზადების გარდა, ეს ოჯახის წევრების თავშეყრის საუკეთესო ადგილია.

მომხმარებელთა უმეტესობა უპირატესობას ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ სამზარეულოს ავეჯს ანიჭებს, რომელიც ზუსტად ერგება დამკვეთის მოთხოვნებს და მის სურვილებსა და გემოვნებას ითვალისწინებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული სამზარეულოს ავეჯის უპირატესობები.

სამზარეულოსთვის განკუთვნილ სივრცეს ზუსტად ერგება – შეგიძლიათ ისეთი დიზაინის მოდელი შეუკვეთოთ, როგორიც გინდათ და ზუსტად მოარგოთ ოთახის ზომებს, რაც სივრცის სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს დაგეხმარებათ, გარემო ბევრად უფრო მოსახერხებელი გახადოთ, თქვენს საჭიროებებს მოარგოთ და მცირე ფართის შემთხვევაშიც კი საკმაოდ ტევადი სამზარეულო მიიღოთ.

ფუნქციური გადანაწილების შესაძლებლობა – სამზარეულოში, როგორც წესი, ტევადი კარადებია განთავსებული. ინდივიდუალური შეკვეთისას მათ პირადი საჭიროებისამებრ დააპროექტებთ და საკმარისი რაოდენობის სათავსოებსაც მოაწყობთ. ჩაშენებული ტექნიკის შემთხვევაში, ზუსტად განსაზღვრავთ მისთვის საჭირო სივრცეს და სურვილისამებრ დაამონტაჟებთ.

სამზარეულოს ინტერიერს ზუსტად მიესადაგება – მზა ავეჯისგან განსხვავებით, ინდივიდუალური შეკვეთისას თავად ირჩევთ დიზაინს, არ ხართ შეზღუდული მასალის, ფერის, ზომისა და განლაგების თვალსაზრისით, ამიტომ თქვენი გემოვნებით დამზადებული ავეჯი ინტერიერსაც მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს და ინდივიდუალურ, მყუდრო, მიმზიდველ გარემოს ქმნის.

რა უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს დაპროექტებისას?

სამზარეულოს ავეჯის ოპტიმალურ ზომებსა და მონტაჟის სპეციფიკაში უკეთ გასარკვევად ავეჯის მწარმოებელ კომპანია „GIOF“-ს მივმართეთ. მისი წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში, უმთავრესია კომუნიკაციებისა და ოთახის გეგმარების გათვალისწინება. ასევე, მნიშვნელოვანია ფუნქციური ზონების სწორად გადანაწილებაც, რათა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მომხმარებელს დისკომფორტი არ შეექმნას.

„სამზარეულო საკმაოდ რთული დასაპროექტებელია, რადგან სწორედ აქაა თავმოყრილი ყველაფერი, რაც ყოველდღიურად გვჭირდება – შესანახი, მზადების, გამწოვი და გამაგრილებელი ზონები. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეგმარებას და ფუნქციურ გადანაწილებას. სამზარეულოს გეგმარებისას ვიყენებთ ე. წ. სამკუთხედის პრინციპს და დაპროექტებას თანმიმდევრულად მივყვებით. ვიწყებთ შენახვის ზონიდან, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, მაცივრისა და კარადებისთვის განკუთვნილ ადგილს ვაწყობთ, შემდეგ იქმნება მზადების ზონა – დაჭრის, რეცხვისა და დახარისხებისთვის, ბოლოს კი ცხელი ზონა იგეგმება – მოხარშვისა და შეწვის ფუნქციებით. ცხელი ზონის შემდგომ შესაძლებელია სასადილო სივრცის დაპროექტება, რომელიც მის გვერდით თავსდება, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრად მოსახერხებელია. მნიშვნელოვანია, თითოეულ ზონას შორის დაშორება მინიმუმ 60 სანტიმეტრი, 1 მეტრი (ნაბიჯი, ნაბიჯ-ნახევარი) მაინც იყოს, რათა ზედმეტად მჭიდრო და არაკომფორტული სივრცე არ მივიღოთ“, – ამბობენ „GIOF“-ში.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ აუცილებელია გაზქურასა და ნიჟარას შორის დაშორება მინიმუმ 40-50 სმ. მაინც იყოს. მათი მონტაჟი კედელთან, კუთხეში, არ არის რეკომენდებული, რადგან არც ისე მოსახერხებელი სივრცე იქმნება. ასევე, არ არის სასურველი, გაზქურა შენახვის ზონასთან ახლოს დავამონტაჟოთ, რადგან შენახვისა და ცხელ ზონებს შორის მზადების ზონა უნდა განთავსდეს. ექსპერტის თქმით, ეს მიმდევრობა არ უნდა დაირღვეს, ვინაიდან, როდესაც პროდუქტებით დატვირთული ადამიანი სახლში ბრუნდება, პირველად მაცივარსა და სათავსოებთან ჩერდება (შენახვის ზონა), შემდეგ პროდუქტებს ახარისხებს – რეცხავს, ჭრის (მზადების ზონა), ბოლოს კი უშუალოდ კერძს ამზადებს (ხარშავს, წვავს, აცხობს). ამიტომ ე. წ. სამკუთხედის გეგმარების პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია.

ფუნქციურ გადანაწილებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ სახლის რომელ ნაწილშია სამზარეულო განთავსებული, გვხვდება თუ არა იქ ფანჯრები, აივანზე გასასვლელი, როგორ არის გაყვანილი კომუნიკაციები – წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის წყაროები. მნიშვნელოვანია უჯრებისა და კარების გაღების მიმართულების განსაზღვრაც. თითოეული კომპონენტის გათვალისწინების შემდგომ მზადდება ავეჯის პროექტი და დიზაინი.

სამზარეულოს კარადების სიგანე, საშუალოდ, 60-80 სანტიმეტრია. რაც შეეხება იატაკიდან ავეჯის ზედაპირამდე სიმაღლეს, მინიმუმ 82 სმ., მაქსიმუმ კი 92 სმ. უნდა ვიანგარიშოთ, რათა ჩაშენებული ტექნიკის ზომებიც გავითვალისწინოთ. სამზარეულოს ქვედა და ზედა კარადებს შორის მანძილი, საშუალოდ, 60 სანტიმეტრია, თუმცა, ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, არასტანდარტული სიმაღლეც დასაშვებია. სასურველია, დავამზადოთ დიდი სიმაღლის უჯრები, რათა მათში განსხვავებული ზომის ჭურჭელი თავისუფლად მოთავსდეს. უჯრების ოპტიმალური სიმაღლე, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 35-დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს. რაც შეეხება მათ მექანიზმს, გაღების სიგრძე 60 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

მნიშვნელოვანია სამზარეულოს ავეჯის რეგულირებადი ფეხების მონტაჟიც, რათა იგი რომელიმე მიმართულებით არ გადაიხაროს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ავეჯის ფეხების სიმაღლე 10-12 სანტიმეტრამდე მერყეობს და მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ – ხშირად ფარულ უჯრას ათავსებენ ან ოთხფეხა მეგობრებისთვის პატარა საკვებ ზონას აწყობენ.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, უმჯობესია ერთი დიდი, განიერი ხელსაბანის დაპროექტება. რაც შეეხება ნიჟარის ერთი მოდულის ზომას, ის, საშუალოდ, 60-120 სმ. უნდა იყოს. აუცილებელია სასადილო ზონის გათვალისწინებაც, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხელ ზონასთან ახლოს უნდა მოეწყოს. სასადილო ზონის სტანდარტული სიმაღლე 75 სანტიმეტრია.

„GIOF“-ში მასალისა და მონტაჟის ღირებულებასაც გვაცნობენ: „ფასი დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და ფერზე. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში თურქული მასალით დაპროექტებული სამზარეულოს ავეჯის ფასი, საშუალოდ, 1 მ2-ზე 500-550 ლარიდან იწყება. რაც შეეხება მაღალი ხარისხის მასალას, შეღებილი, შპონირებული და ქარხნული მდფ-ის შემთხვევაში, 1 მ2-ის ღირებულება 1300-1350 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასში არ შედის სამზარეულოს ზედაპირი, რომლის ფასი, ხარისხის გათვალისწინებით, განსხვავებულია, რადგან მომხმარებელი მასალას თავად ირჩევს. ასევე, შესაძლებელია სამზარეულოს ავეჯში სენსორზე მომუშავე განათების მონტაჟიც, რომელსაც 1 მ2-ზე, საშუალოდ, 50 ლარი ემატება“.

როგორც ხედავთ, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული სამზარეულოს დაპროექტებისას გასათვალისწინებელია – კომუნიკაციების განლაგების, ოთახის გეგმარებისა და ფუნქციური ზონების სწორად გადანაწილება. გეგმარებისას ყველაზე ეფექტური ე.წ სამკუთხედის პრინციპის გამოყენებაა, რომელიც შენახვის, მომზადებისა და ცხელ ზონებს მოიცავს, სამზარეულოს ავეჯის ოპტიმალური ზომების წინასწარ განსაზღვრა კი მოსახერხებელი სივრცის შექმნის გარანტია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინებით განახლებული სახლი შვედეთში

ღირს თუ არა ყავის აპარატის შეძენა სახლისთვის?