in

სამზარეულოს ფანჯრები თაროებით – როგორ იყენებენ დიზაინერები ამ ხრიკს დამატებითი სივრცის შესაქმნელად

სამზარეულოს დაპროექტება ერთი შეხედვით დიდი თავსატეხია, რადგან გამორჩეულ დიზაინთან ერთად, მას უნდა ჰქონდეს ფუნქციური და პრაქტიკული თვისებები, საკმარისი ადგილი ნივთების შესანახად, სწორად შერჩეული განათება და სხვა. ინტერიერის დიზაინერები ფიქრობენ, რომ ყოველივე ამის მარტივად მიღწევის საუკეთესო საშუალება ფანჯრებთან განთავსებული თაროებია. ერთი შეხედვით, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ფანჯარასთან ადგილი საჭიროა სასაუზმე ადგილის მოსაწყობად ან რაიმე მსგავსი ზონის გამოსაყოფად, მაგრამ სინამდვილეში, თაროები შესანიშნავი იდეაა სტილისა და ფუნქციური კუთხის შესაქმნელად.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ფანჯრების გასწვრივ განლაგებული თაროები სამზარეულოში ნამდვილად გჭირდებათ, რადგან ისინი ქმნის სათავსო სივრცეს და საკმაოდ სანახაობრივადაც გამოიყურება. მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ იღებთ სარგებელს მზის შუქისა და ბუნებრივი ჰაერის ნაკადისგან და გაქვთ მარტივი წვდომა თაროებზე განთავსებულ ჭურჭელსა თუ სხვა ნივთებზე.

სამზარეულოს ფანჯრების ქვეშ თაროების განათებამ შესაძლოა ძალიან ელეგანტური ეფექტი შექმნას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეარჩევთ თეთრ ან ამრეკლავ მასალას, რაც პარალელურად ხელს შეუწყობს მკვეთრი განათების შემცირებას და დააბალანსებს მზის სხივებს მთელს ოთახში.

ამასთან, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ამგვარ თაროებს აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარეც, მათ შორის მთავარი კი არის ის, რომ თაროები ბლოკავს ხედს და მზის შუქის ფონზე შესაძლოა ზედაპირები მუდმივად გასაწმენდი ან მტვრიანი გეჩვენებოდეთ. აქედან გამომდინარე, რეგულარულად დაგჭირდებათ მტვრის გაწმენდა და თაროების მოწესრიგება ისე, რომ მკვეთრ განათებაში ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდეს.

მანამ, სანამ უშუალოდ თაროების გაფორმებაზე გადახვალთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე საინტერესო რჩევა, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები საკუთარ პროექტებზე მუშაობისას მუდმივად იყენებენ.

გამოიყენეთ ჩაშენებული კარადები და თაროები

სამზარეულოსთვის ჩაშენებული სათავსო სივრცეები ჭკვიანური გზაა სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად და ფუნქციური ზონების შესაქმნელად. გარდა ამისა, კარადები დაგეხმარებათ ისეთი ნივთების შენახვაში, რომლებსაც ყოველდღიურობაში არ იყენებთ და გსურთ, რომ თვალისგან მოშორებით განათავსოთ. ჩაშენებული თაროები ასევე დაგეხმარებათ იმაშიც, რომ სამზარეულოს ეს კუთხე მაქსიმალურად მოწესრიგებული და ვიზუალურად სასიამოვნო იყოს, თაროებსა და ფანჯრებს შორის კი არ იგრძნობოდეს უხეში გადასვლები.

დაამაგრეთ თაროები პირდაპირ ფანჯრებზე

ჩაშენებული სივრცეების ერთ-ერთი საინტერესო ჩანაცვლება თაროების პირდაპირ ფანჯრებზე დამაგრებაა. ეს ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო მეთოდია, რომელიც ინარჩუნებს ფანჯრების მთლიანობას და ქმნის ძალიან გამორჩეულ, დახვეწილ ინტერიერს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში საკმარისი ადგილი დარჩება ფანჯრის სიახლოვეს სასაუზმე ან სხვა საჭირო კუთხის მოსაწყობად. ასეთი მეთოდი დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ჭურჭლისა და აქსესუარების თაროებზე განთავსებაში, რაც სამზარეულოს ინდივიდუალურ სტილსა და ხიბლს შესძენს.

ამგვარი გადაწყვეტა შედარებით უფრო თამამი და დომინანტური მიდგომაა ფანჯრების მიმართ, მაგრამ უზრუნველყოფს საკმარის ბუნებრივ განათებას, საინტერესო ხედებსა და დახვეწილ დიზაინს, რომელიც შექმნის სამზარეულოს საერთო ესთეტიკას.

ყურადღებით შეარჩიეთ თაროების დიზაინი

იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც აღვნიშნეთ, თაროები საკმაოდ დომინანტურ როლს თამაშობს სამზარეულოს ინტერიერში, დიზაინერები გვირჩევენ, რომ მათი მაქსიმალურად ვიწრო და დახვეწილი მოდელები შევარჩიოთ იმისთვის, რომ კარგად მოვარგოთ ოთახის საერთო ატმოსფეროს. ეს არის ძალიან პრაქტიკული და საინტერესო მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ელეგანტური და მოწესრიგებული სივრცეების შექმნას.

დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ადგილი თქვენი საყვარელი ნივთებისა და ჭურჭლის მოსათავსებლად. საინტერესო გადაწყვეტილებაა მინისგან დამზადებული თაროების გამოყენებაც, რადგან მინაში სინათლე მაქსიმალურად მსუბუქად გადის და ქმნის ძალიან ბუნებრივ შეგრძნებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მინის მასალას გაცილებით უფრო მკვეთრად და აშკარად ემჩნევა მტვრისა და ჭუჭყის ნაკვალევი.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ბინა ნეიტრალურ ტონებში

სამზარეულოს გამწოვი – მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე