in

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას დაშვებული 15 შეცდომა

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ადამიანების უმეტესობა, ისინიც კი, ვინც ამისთვის საგანგებოდ ემზადება, მაინც უშვებს შეცდომებს. დღევანდელ სტატიაში  ტექნიკის შერჩევისას დაშვებულ ძირითად შეცდომებს შემოგთავაზებთ და მოგიყვებით, როგორ აირიდოთ ისინი თავიდან.

  1. ტექნიკური პარამეტრების უგულებელყოფა

უმთავრესი შეცდომა, ტექნიკის პარამეტრების საფუძვლიანი ანალიზის ნაცვლად, მხოლოდ რეკლამით ხელმძღვანელობაა. აუცილებელია, გაეცნოთ მიმოხილვებს, მოწყობილობის ძირითადი პარამეტრები სხვა მოდელებისას შეადაროთ და ასე მიიღოთ გადაწყვეტილება.

  1. არჩევანის გაკეთება მხოლოდ იერსახის მიხედვით

იერსახე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა მაცივრის ან ღუმლის მხოლოდ გარეგნული მახასიათებლის მიხედვით შეძენა არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა. როგორც წესი, უმაღლესი ხარისხის ტექნიკის მწარმოებლები დიზაინზეც საგულდაგულოდ ზრუნავენ. ამიტომ, ასეთი მოდელების შეძენით ორმაგად მოგებული დარჩებით. ამის მიუხედავად, გირჩევთ, მოწყობილობის შერჩევისას მის ტექნიკურ მახასიათებლებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

  1. იაფფასიანი მოდელის შერჩევა

იაფფასიანი ტექნიკა იშვიათად მუშაობს კარგად. ასეთი პროდუქციის მწარმოებლები ფულს ზოგავენ მასალაზე, ტექნოლოგიასა და წარმოების ხარისხზე. ამიტომ, გირჩევთ, ენდოთ ხალხურ სიბრძნეს: „ძუნწი ორმაგად იხდის“.

  1. ძვირადღირებული მოდელის შერჩევა

მხოლოდ ძვირადღირებული ტექნიკის შეძენაც ასევე არასწორია. შესაძლოა, კონკრეტულ მოდელში საკმაოდ ძვირი გადაიხადოთ და აღმოჩნდეს, რომ იმავე პარამეტრების მქონე პროდუქტი გაცილებით იაფი ღირს. უმჯობესია, ფასზე ნაკლებად გაამახვილოთ ყურადღება და საიმედო მწარმოებელი აირჩიოთ. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საჭიროებები და პროდუქტიც ამის მიხედვით შეიძინეთ.

  1. რაც მეტი ფუნქცია აქვს, მით უკეთესია.

ეს სიცრუეა. რა თქმა უნდა, ბევრი რეჟიმი და ფუნქცია კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ნამდვილად იყენებთ. თუკი მხოლოდ ერთ ან ორ რეჟიმს რთავთ, სინამდვილეში, დანარჩენი ფუნქციები არ გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობაში ზედმეტი გადაიხადეთ.

  1. ტექნიკური მომსახურების საკითხის გაუთვალისწინებლობა

ბევრი არ ითვალისწინებს, რომ შეძენილ მოწყობილობას როგორც საგარანტიო, ასევე პოსტსაგარანტიო მომსახურება უნდა ჰქონდეს. ხარისხიანი ტექნიკის შეძენის შემთხვევაშიც კი პრობლემები მაინც იქმნება. მნიშვნელოვანია, მწარმოებელმა გასცეს ოფიციალური გარანტია, ხოლო გამყიდველმა კომპანიამ მყიდველს მოწყობილობის შეკეთება საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგაც შესთავაზოს.

  1. მონტაჟის საკითხის უგულებელყოფა

კიდევ ერთი აუცილებელი მომსახურება, რომელიც ბევრს სრულიად ავიწყდება, მონტაჟია. ტექნიკა კარგად მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა სწორადაა დამონტაჟებული. მონტაჟის პროცესში დაშვებულმა უმცირესმა შეცდომამაც კი, შესაძლოა, უდიდესი პრობლემები შექმნას.

  1. ტექნიკის შეძენა ავეჯის გამყიდველი კომპანიისგან

ეს ყოველთვის ცუდი გადაწყვეტილება არაა, რადგან სამზარეულოს ავეჯის ბევრი მწარმოებელი ტექნიკის საიმედო მწარმოებელთან თანამშრომლობს. თუმცა, თუ ავეჯზე ფულის დაზოგვა გინდათ, მისი მწარმოებელი კი აქტიურად ცდილობს, ამა თუ იმ მოწყობილობის შეძენაში დაგარწმუნოთ, სჯობს, სიფრთხილე გამოიჩინოთ. უმჯობესია, წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია სასურველი პროდუქტის შესახებ და შემდეგ შეუკვეთოთ ავეჯი კონკრეტული ზომებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩაშენებულ ტექნიკას ეხება.

  1. სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობების შერჩევა

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, ერთი ბრენდის პროდუქტები შევარჩიოთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ერთი და იმავე ბრენდის მოწყობილობები ტექნიკურად იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ზოგიერთს წყვილში მუშაობაც შეუძლია;
  • მათ ჰარმონიული იერსახე აქვს;
  • მოდელების ზომები ერთმანეთს ერგება, შესაბამისად, მათი დამონტაჟება უფრო ადვილია, მნიშვნელობა არ აქვს, ჩაშენებულ ტექნიკას ირჩევთ, თუ ცალკე მდგომს.
  • „ჭკვიანი“ სახლის სისტემასთან ტექნიკის დასაკავშირებლად და სმარტფონიდან მის სამართავად მხოლოდ ერთი აპლიკაციაა საჭირო.
  1. სტილების იდეალური შერწყმის სურვილი

ბევრს ეჩვენება, რომ ქანთრის სტილის სამზარეულოს მხოლოდ ძველებური საყოფაცხოვრებო ტექნიკა უხდება, ხოლო კლასიკურ ინტერიერს — სრულად ჩაშენებული. სინამდვილეში, თუ სამზარეულოში სტერილური ინტერიერის შექმნა არ გინდათ, თავს ექსპერიმენტების უფლება უნდა მისცეთ. თანამედროვე ტექნიკა საინტერესოდ ერწყმის კლასიკურ ავეჯს, რეტროტექნიკა კი ორიგინალურად ერგება მინიმალისტურ ინტერიერს.

  1. მრავალფუნქციურობის უგულებელყოფა

თუ  უზარმაზარი სამზარეულო გაქვთ და დარწმუნებული ხართ, რომ მასში ყველაფრის დატევას მოახერხებთ, შეგიძლიათ, ეს პუნქტი გამოტოვოთ. თუმცა, თუ სამზარეულო პატარაა, მრავალფუნქციური ტექნიკის შეძენა შესანიშნავი არჩევანია — ასეთი მოწყობილობები ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

  1. შეზღუდული ფანტაზია

შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ისეთ ტექნიკას ვერავინ დაგიმზადებთ, როგორიც კონკრეტული კერძის მომზადებას სჭირდება. სინამდვილეში, თანამედროვე მწარმოებლები ნებისმიერი სახის ტექნიკას ქმნიან, ამიტომ, თუ ნამდვილად გიყვართ მზადება, გასაქანი მიეცით ფანტაზიას.

  1. მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკის გამოყენება

ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ჩაშენებულ და ცალკე მდგომ ტექნიკას ერთმანეთთან ვერ დააკავშირებს, რაც არასწორია. კონკრეტული მოწყობილობის (მაგალითად, გაზქურის ან ღუმლის) ჩაშენება გონივრული არჩევანია, მაგრამ არა – ყველანაირი ტექნიკისა (მაგალითად, სარეცხი მანქანის ან მაცივრის). ისე მოიქეცით, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.

  1. ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის უგულებელყოფა

მოწყობილობის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი მიუთითებს, რა მოცულობის ენერგია იხარჯება მისი მუშაობის დროს.

როგორც წესი, ენერგოეფექტური ტექნიკა უფრო ძვირია, თუმცა, საბოლოოდ, მასში გადახდილი „ზედმეტი“ თანხა აგინაზღაურდებათ და ბუნებაზე ზრუნვაშიც წვლილს შეიტანთ.

  1. შაბლონური აზროვნება

„ღუმელი აუცილებლად გაზქურის ზედა ნაწილის ქვეშ უნდა მოთავსდეს, ზედაპირს კი მხოლოდ ოთხი სანთურა უნდა ჰქონდეს. მაცივარი მხოლოდ სტანდარტული ზომის უნდა იყოს“, – ეს სტერეოტიპული მიდგომებია, რომლებიც სულაც არაა არასწორი, თუმცა მნიშვნელოვნად გიზღუდავთ თავისუფლებას. უპირველესად, დაფიქრდით, მართლა რა გჭირდებათ. მაგალითად, შესაძლოა, ორი სანთურა საკმარისი იყოს, რადგან უფრო ხშირად ღუმელს იყენებთ, ანდა სტანდარტული ზომის მაცივარი თქვენთვის ზედმეტად პატარა აღმოჩნდეს.

ნუ მოექცევით სტანდარტებში. შექმენით ისეთი სამზარეულო, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებს დააკმაყოფილებს.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

უხილავი კარი — მონტაჟის სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

Calm House – არქიტექტურული სივრცე დასვენებისა და განტვირთვისთვის