წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სამზარეულოს ზედაპირისა და წინსაფრის გადაბმა პლასტმასის პლინტუსით ან ალუმინის სხმულით იყო დაფარული. რას გვთავაზობს თანამედროვე დიზაინი მოძველებული გადაწყვეტების ნაცვლად? დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
სამზარეულოს ზედაპირის მასალისგან დამზადებული პლინტუსი
ვიწრო ჩანართი, რომელიც სამზარეულოს ზედაპირისთვის გამოყენებული მასალისგანაა დამზადებული, ლითონისა და პლასტმასისგან განსხვავებით, უცხოდ სულაც არ გამოიყურება. მართალია, ზოგჯერ პლასტმასასაც შეიძლება ჰქონდეს სამზარეულოს ზედაპირის მსგავსი ტექსტურა, თუმცა, პრაქტიკული და ვიზუალური თვალსაზრისით, არც ისე კარგი ვარიანტია.
როგორც წესი, ასეთი პლინტუსები შეგიძლიათ სამზარეულოს ზედაპირთან ერთად შეუკვეთოთ. თუ მწარმოებელი სრულ კომპლექტს არ გთავაზობთ, შეგიძლიათ, გარდამავლობის ეფექტი შექმნათ, თუმცა, ხისა და ბუნებრივი ქვის ელფერის გათვალისწინებით, ეს არც ისე მარტივი იქნება. მზა ნაკრების შეძენა საქმეს გაცილებით გაგიმარტივებთ.
პლინტუსი-წინსაფარი
რამდენიმე წლის წინ მოდური იყო სამზარეულოში წინსაფრის სრული არარსებობა. ამასთან ერთად, ხშირად გამოიყენებოდა მაღალი პლინტუსები, რომლებიც წინსაფარს ჰგავდა. ეს ტენდენცია კვლავაც აქტუალურია.
პლინტუსი-წინსაფრის სიმაღლე, როგორც წესი, დაახლოებით 20 სმ-ია, რაც საშუალებას გაძლევთ, კედელი წყლისა და ცხიმის შხეფებისგან დაიცვათ. მისი დანარჩენი დანარჩენი ნაწილი ერთ ფერის წყალგაუმტარი ზედაპირითაა დაფარული.
მაღალი პლინტუსის ფერი შეიძლება ზედაპირს შეუხამოთ, თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, ეს ორი ელემენტი ერთი და იმავე მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.
ჯერ – ზედაპირი, შემდეგ – წინსაფარი
ამ შემთხვევაში პლინტუსები იმისთვისაა საჭირო, რომ ორ ზედაპირს შორის არსებული სიცარიელე დაფაროს. მონტაჟის ყველაზე მარტივი გზა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ეს ორი ელემენტი ერთმანეთს ჰარმონიულად დაუკავშიროთ, ასეთია: ჯერ დაამონტაჟეთ სამზარეულოს ავეჯი, ხოლო შემდეგ — წინსაფარი. ეს ეხება ნებისმიერ შემთხვევას, მოდური რელიეფური ფილებისგან დამზადებული წინსაფარი კი მხოლოდ ამ გზით იქმნება. რისგანაც უნდა იყოს დამზადებული წინსაფარი, მონტაჟის ამ მეთოდით მასა და კედელს შორის სიცარიელე არ რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლინტუსის გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო.
თუ წინსაფარი და ზედაპირი სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული, შეერთებები საგულდაგულოდ იფარება გამჭვირვალე ჰერმეტული მასალით ან ეპოქსიდური ფუგით, რომელიც, ცემენტისგან განსხვავებით, წყალგამძლეა.
არსებობს კიდევ ერთი გზა — სამზარეულოს ზედაპირი შეგიძლიათ ლითონის დასაკეც კუთხეზე დაამონტაჟოთ. ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმე გვაქვს ფილებისგან დამზადებულ წინსაფართან, რომლის პირველი რიგი ლითონის პროფილზეა მოთავსებული. იმისთვის, რათა კუთხის ხილული ნაწილი საერთო სურათისგან არ გამოირჩეოდეს, გამოყენებული ლითონი სახელურებს, ნიჟარას ან ონკანს უნდა შეუხამოთ.
ორი განსხვავებული ზედაპირის შეერთება საკმაოდ რთულია. უმჯობესია, ყველაფერი წინასწარ გათვალოთ, რათა საბოლოოდ არასასურველი გადაწყვეტილების მიღება არ მოგიწიოთ.