in ,

სანდრო წერეთლის ნიუ-იორკის შთაგონებით შექმნილი ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ, ახალგაზრდა იურისტს, სანდრო წერეთლელს ეკუთვნის. მისი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი საქმიანობებისგან შედგება: 5 წლის განმავლობაში სანდრო სამხედრო სამსახურში იყო ჩართული, დღეს კი ის ერთ-ერთი სპორტული დარბაზის დირექტორია. ეს მრავალფეროვნება მის სახლშიც მკაფიოდ იგრძნობა. გარდა იმისა, რომ ბინის დიზაინი, უმეტესწილად, სანდროს სურვილებზეა დაფუძნებული, მას ამ სურვილების განხორციელებაში საკუთარი დედა დაეხმარა, რომელიც პროფესიით ინტერიერის დიზაინერია.

სანდროს სურვილი იყო, რომ ბინა ნიუ-იორკის სტილში, სტუდიოს ტიპის ყოფილიყო და მართლაც – ფერები, განლაგება და სივრცის ფუნქციური გადანაწილება სწორედ ისეთია, როგორსაც ნიუ-იორკის ტიპურ ბინაში შევხვდებით. ბინის მოწყობის მთავარი პრინციპი სანდროსთვის იყო ის, რომ რაც შეიძლებოდა მაქსიმალური სივრცე გამოჩენილიყო. სწორედ ამიტომ, გარდერობისა და სველი წერტილების გარდა, ყველა ზონა გაერთიანებულია. მართალია, აქ კედლები მცირე რაოდენობითაა, თუმცა, რაც შენარჩუნებულია, ისინიც კი არ მიდის ჭერამდე – ესეც სივრცის გამოჩენის ერთგვარი ხერხია.

ბინაში გამოყენებული მთავარი მასალებია: ხე, რკინა, ბეტონი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახლში არსებული ავეჯისა და დეკორის ნაწილი არის ვინტაჟური და ისინი სანდრომ მშრალ ხიდზე შეიძინა.

სახლის კედლები ერთგვარად სამი ნაწილისგან შედგება, ესაა: თეთრი აგური, წითელი აგური და უბრალოდ ბეტონი. ისინი სივრცეების მიხედვით არის გადანაწილებული. მაგალითად, თუკი სამზარეულოში არის თეთრი აგური, საძინებლისკენ ვხვდებით წითელს, შემოსასვლელში კი ბეტონის კედლები გვხვდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახლში ყველა ის დეტალია, რაც სტუდიოს ტიპის ბინას ახასიათებს.

რაც შეეხება უშუალოდ სამზარეულოს, ესაა გამჭვირვალე, მეტალის კონსტრუქციისგან შექმნილი სივრცე, რომელიც საკმაოდ პრაქტიკულად გამოიყურება. ცალკე საკითხია ის, რომ მსგავსი ფორმის მეტალის სამზარეულო საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

განსხვავებით სამზარეულოს, მისაღები და საძინებელი ოთახებისგან, აბაზანა არის სრულიად გამოყოფილი, რაც კიდევ უფრო ანიჭებს მას სარელაქსაციო ზონის ფუნქციას. ესაა სივრცე, რომელიც იდეალურად ასრულებს სტუდიოს ტიპის ბინაში ერთგვარად პირადი ადგილის დანიშნულებას.

ბინას, შეიძლება ითქვას, კრავს კონკრეტული, წვრილ-წვრილი დეტალები, როგორებიცაა ძველი ნივთები, იქნება ეს: ვენტილატორი, ფირსაკრავი, რადიატორი, განათების საშუალებები, გაყვანილობა და ა.შ საბოლოო ჯამში, ეს არის ინტერიერი, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნამდვილად ნიუ-იორკში გვაგრძნობინებს თავს.

 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ბრაზილიური მოდერნიზმით შექმნილი ბინა სან-პაულუში

წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია