in

კინოთი შთაგონებული არქიტექტურა – ინტერვიუ სანდრო თაყაიშვილთან

სანდრო თაყაიშვილი პროფესიით არქიტექტორია. ამის გარდა, ბევრი გატაცებაც აქვს, რომლებიც ეხმარება, შემოქმედებითი სურვილები და ფიქრები საინტერესო პროექტებით გამოხატოს. როგორც თავად ამბობს, მისთვის უმთავრესი პროცესია – იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე. ამ დროს უამრავი საინტერესო და ჯადოსნური იდეა ებადება, რომლებიც ცნობიერისა და არაცნობიერის კომბინაციითაა შთაგონებული. სანდროს პროფესიული გზა  იმითაც საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი ნამუშევარი არქიტექტორთა და ინტერიერის დიზაინერთა გამორჩეული, მსოფლიოში აღიარებული ჟურნალის, Dezzen-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ამ პროექტის დეტალებსა და საკუთარ შემოქმედებით ხედვას სანდრო Homeis.ge-ს უზიარებს.

სანდრო, გვიამბეთ როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ის შემოქმედებითი გზა, რომელმაც თქვენი დღევანდელი ადგილი განსაზღვრა…

ჩემი პროფესიული არჩევანი, დიდწილად, იმ გარემომ და ოჯახმა განაპირობა, რომელშიც ვიზრდებოდი. მამა და ბიძა არქიტექტორები არიან, შესაბამისად, ჩემთვის ეს სფერო პატარა ასაკიდანვე ნაცნობი იყო. ბავშვობიდანვე მიყვარდა ხატვა, გატაცებული ვიყავი ხელოვნებით, ამ ყველაფერმა კი ჩემს შემდგომ განვითარებასა და ინტერესებზე დიდი გავლენა იქონია. სკოლის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების მიღების მიზნით, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მოგვიანებით ძირითადად ვმუშაობდი ე. წ. ფრილანსერ (შტატგარეშე მომუშავე ადამიანი) არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად, ფოტოგრაფად და დეკორაციის დიზაინერად ფილმებსა თუ რეკლამებში. ასეთმა მრავალფეროვანმა საქმიანობამ ჩემს არქიტექტორულ ხედვაზეც იმოქმედა და  პროფესიულად განმავითარა. ახლა ჩემს პარტნიორთან, ვატო ზესაშვილთან ერთად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ.

სასტუმრო “Blueberry Nights”

რას ფიქრობთ თქვენს პროფესიაზე, როგორ დაახასიათებდით XXI საუკუნის არქიტექტორს?

არქიტექტურა საკმაოდ კომპლექსური პროფესიაა, ბევრ სფეროს მოიცავს: ისტორიას, ფსიქოლოგიას, მათემატიკას… რთულია მისი მოკლედ აღწერა. XXI საუკუნის არქიტექტურაში განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ექცევა. ამ კონცეფციაზე დგას თანამედროვე არქიტექტურა. სტილი დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. XX საუკუნის მოდერნიზმისა და “Hi-tech”-ისგან განსხვავებით, დღევანდელ სამყაროში კონკრეტულ მიმდინარეობას ნაკლები ყურადღება ექცევა. უფრო მეტად საინტერესოა ეკომეგობრული, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცეების შექმნა.

თავად როგორი არქიტექტურა მოგწონთ?  

ჩემთვის გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრები საკმაოდ მარტივი და, შეიძლება ითქვას, ბევრისთვის ბანალურია. მაგალითად, ვფიქრობ, შთამბეჭდავია ეიფელის კოშკი, იბარაკი კასუგაოკას ტაძარი, “Farnsworth house”-ი, “Casa Barragan”-ი…

იბარაკი კასუგაოკას ტაძარი
Farnsworth house
Casa Barragan

რას გვეტყოდით თანამედროვე ქართულ არქიტექტურაზე, რა ძირითადი ტენდენციები შეიმჩნევა ამ სფეროში?

ვფიქრობ,  ქართული არქიტექტორული სივრცე დაუშნოებულია, რაც, დიდწილად, კორუფციის „დამსახურებაა“. ეს ცუდად აისახება ზოგად იერსახეზეც. რა თქმა უნდა, არსებობენ ძალიან საინტერესო არქიტექტორები, რომლებიც ფასეულ, გამორჩეულად კარგ პროექტებს ქმნიან, თუმცა, მაინც მგონია, რომ ამჟამად ქართული არქიტექტურა საფრთხის წინაშეა და შეძლებისდაგვარად უნდა მოვახერხოთ ამის გამოსწორება. მიმაჩნია, რომ საქართველო და მით უმეტეს თბილისი, ძალიან „ტრენდულია“, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სტილზე. ეს ეხება არა მარტო არქიტექტურას, არამედ – ყველა მიმართულებას: ჩაცმულობას, მუსიკას და ა. შ. ეს პირადად ჩემთვის ძალიან მოსაწყენია. არ მომწონს ასეთი აკვიატებები და ინდივიდუალიზმის შენარჩუნების მომხრე ვარ, რომლისთვისაც, უბრალოდ გულწრფელობაა საჭირო შენს საქმეში.

რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

რადგან ეს სფერო სივრცის დიზაინის გულისხმობს, ანუ ნამუშევარი ქაღალდზე არ რჩება, ახალგაზრდა არქიტექტორებს ვურჩევდი, მეტი იფიქრონ ადამიანის შეგრძნებებზე – სმენაზე, ყნოსვაზე… მოკლედ, ყველაფერზე, რაც აკუსტიკით, სუნით, შეხებითაა განპირობებული.

პროექტზე მუშაობისას შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი და უფრო საინტერესო ალბათ მაინც პროცესია, რომელიც  ყველაზე მთავარს –  ფიქრს მოითხოვს. ბევრი ფიქრი და არაცნობიერის ცნობიერთან დაკავშირება ჯადოსნური აზრების დაბადების საწინდარია.

გვესაუბრეთ თქვენს შემოქმედებაზე. რომელიმე პროექტს ხომ ვერ გამოარჩევდით?

შემოქმედებით პროცესში ყველაფრიდან ვიღებ შთაგონებას – დაწყებული მეცნიერებით, მათემატიკით, დამთავრებული მუსიკითა და სიზმრებით. ეს უკანასკნელი ჩემზე საინტერესო გავლენას ახდენს, ხშირად მეხმარება საკუთარი თავის გამოხატვაში.

ჩემი ნამუშევრებიდან ალბათ სასტუმრო “Blueberry Nights”-ს გამოვყოფდი, რადგან ჩემი სასტუმროა და, შემოქმედებითი თვალსაზრისით, სრული თავისუფლება მქონდა. “Blueberry Nights”-ი რეჟისორ ვონგ კარ-ვაის იმავე სახელწოდების ფილმითაა შთაგონებული და მნახველს კინოს სამყაროში ამოგზაურებს.

ეს პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ჟურნალში, Dezeen-ში გამოქვეყნდა, გვიამბეთ ამის შესახებ. 

როგორც გითხარით, “Dezeen”-ში გამოქვეყნებული “Blueberry Nights”-ი ფილმით შთაგონებული პროექტია და სახელწოდებაც აქედან მოდის. ჩემი მიზანი იყო, აქ მოხვედრილ ადამიანს თავი ფილმში წარმოედგინა. თავადაც მიყვარს ხოლმე, როცა ეს შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში მეუფლება. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე მიმართული განათებები, მუქი ლურჯი, რბილი იატაკი და კედლები; ასევე – მარტივი, გეომეტრიული ფორმები, პატარა, ოთხკუთხედი დიზაინის კერამიკული ფილები, დაბალი საწოლები, რომლებსაც იაპონური სტილის ხასიათი აქვს. პროექტში ვხვდებით ხის გამყოფ ტიხრებსა და თაროებსაც, “Noguchi”-ს განათებებს, “Pierre jeanneret”-ის სავარძლებსა და სკამებს, რომელთა დიზაინი 50-იან წლებშია გაკეთებული. ყველა ოთახში, ტელევიზორის ნაცვლად, პროექტორია. იქვეა ფირფიტის საკრავი ფირფიტებით, რომლებიც სპეციალურად ამ სასტუმროსთვის შევარჩიე. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მისტიკური, სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნას.

Tongass Ledge — მეპატრონის პიროვნებით გაჟღენთილი სახლი ალასკას სანაპიროზე

საგარდერობო ოთახის ორგანიზება — ხრიკები, რომლებიც უნდა იცოდეთ