როდესაც ეშლი ტისდეილმა თავისი შვილის საბავშვო ოთახი ინსტაგრამზე პირველად გამოაჩინა, სივრცე აშკარად მინიმალისტური იყო თეთრი კედლებით, თეთრი ხალიჩითა და Kalon Studios-ის მიერ დამზადებული ელეგანტური ხის საწოლით. სტელა მარია ბაერის უნიკალური ხელოვნების ნიმუში ეშლის ქალიშვილის ციურ სახელს – “იუპიტერს” შესანიშნავად ეხმიანება. მაგრამ ახლა, როდესაც იუპიტერი დედამიწას უკვე მთელი წლის განმავლობაში იკვლევდა, მისი გარემო, მუქი მწვანე საღებავისა და მოხატული ვარდისფერი ხალიჩის წყალობით, ძალიან განსხვავებულად გამოიყურება. „დავიწყე მისი გაცნობა და ვიფიქრე, რომ ხალისის შეგრძნების გაძლიერება იყო საჭირო, რადგან იგი მხიარული ხასიათის მქონეა“ – ამბობს ეშლი. ტისდეილი და მისი კომპოზიტორი ქმარი – კრისტოფერ ფრენჩი თავიანთ ამჟამინდელ სახლში საცხოვრებლად მაშინ გადავიდნენ, როდესაც ეშლი დაახლოებით 7 თვის ორსული იყო, რა დროსაც ის სახლის დეკორაციით დაკავდა. ნიჭიერი ტისდეილი ამ წამოწყებისთვის კარგად იყო მომზადებული, იმის გათვალისწინებით, რომ მან გასულ წელს თავისი დიზაინის პროექტი – Frenshe Interiors წამოიწყო.
ტისდეილს აქამდე მთელი სახლის ინტერიერი დამოუკიდებლად არასდროს მოუმზადებია. მიუხედავად ამისა, მან თავი გაართვა გამოწვევას მას შემდეგ, რაც თავის კონტრაქტორ მამასთან ერთად ლოს-ანჯელესში მდებარე სახლისთვის სამზარეულო გადააკეთა.
გარდა იმისა, რომ ახალი სახლი საცხოვრებლად მზად იყო, ტისდეილის ყურადღება მისმა აყვავებულმა გარემომ მიიპყრო. „ორსულად ვიყავი და ვგრძნობ, რომ იუპიტერი ამ სახლის არჩევის მონაწილე იყო, რადგან [ახლა] მას ძალიან უყვარს ბუნება და ხეების ყურება“ – ამბობს მომღერალი და მსახიობი. ოთახების ინტერიერი, განსაკუთრებით სამზარეულოსი, უფრო გამარტივებული და თანამედროვეა, ვიდრე ეშლის წარსულ საცხოვრებელ სახლში.
პანდემიამ ეშლის მიერ სახლის დაპროექტების პროცესზეც იმოქმედა. „მთელი სახლი ინსტაგრამის საშუალებით დავაპროექტე“ – ამბობს ის, „ჩვენ არ დავდიოდით საყიდლებზე, არ გავდიოდით გარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ორსულად ვიყავი, განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენდი.“
აპირებს თუ არა ეშლი ტისდეილი მომავალში დამოუკიდებლად მუშაობას? დიახ, მაგრამ ახლა მას საკუთარ ახალ სახლში დარჩენით ტკბობა სურს. მის მიერ შექმნილი გარემო არა მხოლოდ მშვენიერია, არამედ ზუსტად ისეთია, როგორიც მას წარმოედგინა. „მე ძალიან მიყვარს ეს სახლი, მიყვარს ყველა ის ნაწილი, რომელიც თავად შევქმენი და საკუთარი თავით ნამდვილად ვამაყობ.“