ბრაზილიაში მდებარე Braunas Residence ორი ძმის ოჯახის საზაფხულო სახლს წარმოადგენს, რომელიც სოციალურ და კერძო სივრცეებს ერთ სართულზე აერთიანებს. ოჯახები მანამდე ხშირად იკრიბებოდნენ შაბათ-კვირას ერთად დასასვენებლად, ამიტომ ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც მათ თანაცხოვრებას უზრუნველყოფდა. სახლში პირად სივრცეებს წარმოადგენს წყვილების საძინებლები, ბავშვთა საძინებლებს კი ბიძაშვილები ინაწილებენ. ყველა სხვა ოთახი საერთო სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.
ბუნებრივი განათების ოპტიმიზაციისთვის სოციალური ზონები მოთავსდა გამჭვირვალე „ყუთში“ დიდი შუშის კარებით, რომლებიც წინა და უკანა მხარეს იხსნება და ხაზს უსვამს შიდა ეზოს, როგორც მთავარ აქცენტურ სივრცეს. ამგვარი წყობა აყალიბებს შიდა ატმოსფეროს, რომელიც დისტანციებს ამცირებს და მთელ სივრცეს მყუდროებას ანიჭებს. გამჭვირვალობის წყალობით, გარე გამწვანება სახლში აღწევს, ვიზუალურად ავსებს და აკავშირებს სივრცეებს. გარდა ამისა, ბუნებრივი ვენტილაცია და განათება საცხოვრებელს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
პროექტში გამოყენებულია როგორც ჩვეულებრივი ბეტონი, ასევე მეტალის კონსტრუქციები მეტი სიმსუბუქისთვის.
საერთო ჯამში, ფერები ძალიან მოკრძალებულია, შერჩეულია ნაცრისფრის ელფერები, რომლებიც ხაზს უსვამს ბაღს. ყველაზე წარმოსაშენი მოსაპირკეთებელი მასალებია გარე კედლებისთვის გამოყენებული უხეში თაბაშირი, ხის იატაკი და კარები, ასევე მეტალის კონსტრუქცია. სოციალური ზონების, ტერასისა და საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიის იატაკის მოსაპირკეთებლად რომაული ტრავერტინი გამოიყენეს. აბაზანისა და აუზის წყლის გასათბობად დამონტაჟებულია მზის პანელები, ამას გარდა შექმნილია სისტემა, რომლის წყალობით გროვდება წვიმის წყალი ხელახალი გამოყენებისა და მცენარეების მორწყვისთვის.
პროექტის ავტორი: Reinach Mendonça Arquitetos Associados
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”