ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის დაფინანსებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია „GOPA Intec“-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც 2021 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების გასატარებლად და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მიმართულებით. დღევანდელ სტატიაში GESRP პროგრამის („საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“) მენეჯერი — ვახტანგ ბეგაშვილი პროექტის ტექნიკურ მხარეზე, სამუშაო პროცესზე, მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება და პროგრამის მნიშვნელობასა და შედეგებზე მსჯელობს.
პირველ რიგში, გვიამბეთ რას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“?
„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“ ევროკავშირის დაფინანსებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და გერმანული საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec“-თან თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, რომელთა განხორციელებაშიც თავად ეხმარება. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განსახორციელებლად და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რაც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება. პროექტს აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება — ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის გახსნა. ხოლო მეხუთე მიმართულება აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციაა. პროექტი 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა სავარაუდოდ, პროცესი გახანგრძლივდება და 2026 წლამდე გაგრძელდება.
საინტერესოა, როგორ ჩაეყარა საფუძველი აღნიშნულ პროგრამას და როგორ მოხდა ევროდირექტივების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში?
როგორც აღვნიშნე, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. ამ ვალდებულებების , ევროპული კანონმდებლობის ტრანსპოზიციასა და ქართულ რეალობასთან სინქრონიზაციაში კი თავად ევროკავშირია ჩართული, რომელმაც სპეციალური გრანტი – 8.4 მილიონი ევრო გამოყო. შეიძლება ითქვას, ევროდირექტივა არის ერთგვარი ჩარჩო, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს, თუმცა აუცილებელია, მისი ადაპტაცია ადგილობრივ რეალობასთან და კანონმდებლობასთან მოხდეს. საქართველოშიც ეს პროცესი მიმდინარეობას. „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ განხორციელებაში საქართველოს მთავრობას ექსპერტებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი ეხმარება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების შემადგენლობით, რომლებიც ბევრს ვმსჯელობთ კონკრეტულ საკითხებზე, ვისმენთ სხვადასხვა მოსაზრებასა და შეთავაზებებს და საბოლოოდ, საერთო კონსენსუსამდე მივდივართ, რათა მოხდეს კანონმდებარე აქტების შემუშავება, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და სისტემის გამართვა, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ეკონომიკას და შესაბამისი სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გვიამბეთ იმ გზასა და სამუშაო პროცესზე, რომელმაც „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა“ განსაზღვრა?
„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამამდე“, 2020 წელს, მიღებული იყო ორი კანონი — ენერგოეფექტურობასა და შენობების ენერგოეფექტურობაზე, ხოლო ჩვენ, ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ მეორადი კანონმდებლობის, კანონმდებარე აქტების შემუშავება. დაახლოებით 30-მდე კანონმდებარე აქტზე მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა, რომელთაგან ყველაზე დიდი გამოხმაურების მქონე შენობების მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნილებების რეგულაციაა, რომელიც შარშან შევიდა ძალაში. კანონი დეველოპერებს სამშენებლოდ დაგეგმილი შენობა- ნაგებობის ენერგოეფექტურობის მოთხოვნილებებთან შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.
ამას გარდა, ვმუშაობთ შენობების ენერგო ინსპექტირების წესის დამტკიცებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შენობები ექსპლუატაციაში შესვლისას გაივლიან ენერგოსერთიფიცირებას და მიენიჭებათ ენერგოეფექტურობის შესაბამისი კლასი — A,B,C,D,E და F. D კლასი ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ხოლო E და F კლასის შენობები არა. შესაბამისად, მომავალში მათზე ნებართვა არ გაიცემა. პროექტის ფარგლებში ძველ შენობებსაც ჩაუტარდებათ სერტიფიცირება და მათაც კლასი მიენიჭებათ. კლასიფიცირების კანონმდებარე აქტის მიღება, სავარაუდოდ, მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება და შემდეგ დარგის სპეციალისტების გადამზადება და ამ წესის განხორციელების პროცესი დაიწყება.
როგორც უკვე აღნიშნეთ, პროგრამის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შენობებში მინიმალური მოთხოვნების წესის დაკმაყოფილებას. გვიამებთ ამ კუთხით კანონში რა ცვლილებები შევიდა და როგორ მიმდინარეობს მისი განხორციელების პროცესი?
2023 წლის 1 ივლისს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის #354 დადგენილება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომელიც იმ კერძო და საჯარო ნაგებობებს ეხება, რომელთა ფართობი 50 მ2-ზე მეტია. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო გახდა სპეციალური დეკლარაციის წარდგენა, სადაც მითითებული იქნება შენობის გარე კონსტრუქციული ელემენტების – სახურავის, კედლების, ჭერისა და კარ-ფანჯრების მახასიათებლები, რომლებიც ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
აღნიშნული პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად შემუშავდა შენობებში მინიმალური მოთხოვნილებების კანონმდებარე აქტი, შემდეგ კი სექტორის გადამზადება დაიწყო, რომელშიც ათასზე მეტმა არქიტექტორმა და დარგის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, მოხერხდა ეროვნული პროგრამული უზრუნველყოფა. შეიქმნა სპეციალური პროგრამა, სადაც დეკლარაციის დაგენერირება განხორციელდა. დღეისათვის აღნიშნულ პროგრამაზე დაახლოებით 1200-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული და 13.000 დეკლარაცია გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც ამ პროგრამის გამოყენება და დეკლარაციის გამართვა შეუძლიათ. ამასთანავე, ჩვენ ტრენინგები ჩავატარეთ შენობების ენერგოეფექტურ დაგეგმარებაზე. არქიტექტორების ცოდნა ამ საკითხში მწირი გახლდათ. ტრენინგების ვიდეო ჩაწერა განხორციელდა და შემდგომ მასალა Youtube-ის პლატფორმაზე აიტვირთა, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
აღნიშნული რეფორმის შედეგად შეიქმნა საერთო ბაზისი, დაწესდა მინიმალური ზღვარი, რომელსაც ყოველი ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, შენობების ხარისხი უმჯობესდება და ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო ყალიბდება სამშენებლო სექტორში. ენერგოკლასიფიცირების შემოღების შემდეგ კი D კლასზე დაბალი ენერგოეფექტურობის შენონები მომავალში აღარ აშენდება, რაც სასიკეთო შედეგს გამოიღებს. შეიძლება ითქვას, აღნიშნული პროგრამით, ჩვენ მთავრობას ვეხმარებით კანონმდებლობის შემუშავებაში, სექტორს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, შემდეგ კი სისტემა თავისით იწყებს ფუნქციონირებას.
ენერგო სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში დიდი ყურადღება ექცევა ენერგოეფექტურობის, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვიამბეთ იმ მნიშვნელოვანი და საინტერესო კამპანიების შესახებ, რომლებიც საზოგადოებასა და სხვადასხვა სექტორში ამ კუთხით ხორციელდება?
შარშან ჩავატარეთ კამპანია — „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“, რომელშიც თბილისის 10 სკოლიდან 150-ზე მეტი მოსწავლე და 15 მასწავლებელი მონაწილეობდა. კამპანიის მიზანი იყო სკოლებში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკების შემოღება და ენერგოეფექტურობის წახალისება. ასევე, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ თემის პოპულარიზაციას. საბოლოოდ, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომელთა დაჯილდოება საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღეს მოხდა, ღონისძიება კი კონცერტით აღინიშნა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
ამჟამად გვაქვს მიმდინარე კამპანია ვიზუალური ხელოვნების შესახებ, რომლის მიზანია, ვიზუალური ხელოვნების საშუალებით, კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილება და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
ასევე, რეგიონების კუთხითაც ვგეგმავთ მუშაობას. მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, სადაც ცხრა მუნიციპალიტეტს შევარჩევთ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას ჩავატარებთ.
ამავდროულად ვმუშაობთ მედიაში ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. ჟურნალისტებთან ჩავატარეთ სამ დღიანი სესიები განახლებად ენერგიებსა და ენერგოეფექტურობაზე. ვხვდებით სხვადასხვა სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, აქტიურად მიმდინარეობს ექსპერტების გადამზადებაც. ამგვარად, ჩვენ ვფარავთ თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიას და სხვადასხვა სექტორს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს ენერგოეფექტურობის შესახებ.
გვესაუბრეთ ევროკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული პროგრამა სექტორის განვითარების?
ევროკავშირში ენერგოეფექტურობის საკითხებზე მუშაობა ნავთობის კრიზისის დროს, 60-იან წლებში დაიწყო, მშენებლობის სექტორში რეფორმების გატარება კი 70-იან წლებში. თითქმის 45 წელია ენერგოეფექტურობის მიმართულებით რეფორმები არ ჩერდება. წარმოიდგინეთ, ამ წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას ევროკავშირი გვიზიარებს და ფინანსურად გვეხმარება. ამიტომ მისი როლი ძალიან დიდია.
„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ შედეგად, სექტორის განვითარებასთან ერთად, პროდუქტის ხარისხი გაიზრდება, რადგან სისტემა გამართული იქნება, იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, ჩატარდება მონიტორინგი და ეს ყველაფერი სამშენებლო თუ ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვას გამოიწვევს. ენერგოეფექტურობის მიმართულების გარდა, პროექტი საქართველოს მთავრობას ეხმარება განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართულებითაც. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერით შემუშავდა CFD აუქციონები (გამომუშავებული ელექტროენერგიის მრავალწლიანი შესყიდვის პროექტი, სადაც CFD ტარიფების ხელშეკრულებების შედეგად, განახლებადი ენერგიის ინვესტორებს შეუძლიათ გარანტირებული ფასი მიიღონ 15 წლის განმავლობაში), შემუშავდა მწვანე წყალბადის სტრატეგია და ექსპერტები შენობების გრძელვადიანი განახლების სტრატეგიაზე ინტენსიურად მუშაობენ. ამასთანავე, ბათუმის და ფოთის პორტების ანალიზს ვაკეთებთ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი კი პოზიტიურ შედეგს მოუტანს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ქვეყანაში ევროპული სტრატეგიების დამკვიდრებას და მდგრადი, უსაფრთხო, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.