ელექტროგაყვანილობის მონტაჟი სარემონტო სამუშაოების ერთ-ერთი პირველი, უმნიშვნელოვანესი საფეხურია. მისი სწორად დაგეგმარება სივრცეს ელექტრობით უზრუნველყოფს და ცხოვრებისათვის საჭირო პირობებს ქმნის. თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის გარეშე ადამიანის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, რადგან ის მყუდრო, მარტივი და მოსახერხებელი სივრცის გარანტიაა.
სწორად დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ გართულებებს და, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. არასწორი გაყვანილობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომაც საწყის ეტაპზევე ელექტროგაყვანილობის გეგმის შემუშავება და ხარისხიანი მასალის შერჩევა უმნიშვნელოვანესია.
რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტროგაყვანილობის მონტაჟის დაწყებამდე?
1. ხარისხიანი მასალის შერჩევა
ელექტროგაყვანილობის მონტაჟის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი, სწორი მასალის შერჩევას, რომელიც დანიშნულების წერტილამდე ელექტროენერგიის მიწოდებას უსაფრთხოდ უზრუნველყოფს. ელექტროგაყვანილობისთვის დაგჭირდებათ: სადენები, ჩამრთველები, როზეტები, გამანაწილებელი ყუთები, გამანაწილებელი ძირითადი ფარები, დამცველები, ამომრთველები, სკოპები (ბრტყელი სადენის სამაგრი), საიზოლაციო ლენტები, ცალუღები (ხამუთი), დუბელები და სხვა მრავალი დამხმარე სამონტაჟო მასალა. საჭიროა, ისინი სწორად შეარჩიოთ, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს მდგრადობა და ადვილად არ დაზიანდეს.
2. ელექტროგაყვანილობის წინასწარი გეგმის შედგენა
რემონტის მიმდინარეობისას აუცილებელია, წინასწარ შეადგინოთ ელექტროგაყვანილობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ზუსტად განსაზღვრავთ სადენების, განათების, ჩამრთველების, როზეტებისა და ელექტროდანადგარების განთავსების სქემას და მხოლოდ შემდგომ დაიწყებთ სამონტაჟო პროცესს.
3. ელექტროგაყვანილობის მონტაჟის თავისებურების გათვალისწინება
ელექტროგაყვანილობის მონტაჟისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სადენებისა და მათი მონტაჟის თავისებურების ცოდნაც, რადგან კონკრეტულ ზონაზე განსხვავებული რაოდენობის კვეთისა და წვერის სადენების გამოყენებაა საჭირო.
ვინაიდან ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, უპირველესად, შესაბამისი სადენების შერჩევაა საჭირო, საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთ გამოცდილ, სადენებისა და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებული პროდუქტების მწარმოებელ მსხვილ ქართულ კომპანიას “საქკაბელს” მივმართეთ.
„საქკაბელის“ექსპერტი გვიხსნის, რომ სადენის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებლის ტიპს, რადგან სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული სახეობის სადენებია საჭირო:
„კორპუსის ბინაში ელექტროენერგია შეგვყავს სადარბაზოში დამონტაჟებული დენის წყაროდან, რა დროსაც გამოიყენება ძალოვანი სადენი სპილენძის ძარღვით ( NYIFY კაბელი, ე. წ. თელასის კაბელი 2*10+1*16). აღნიშნული მოდელი აღჭურვილია პოლივინილქლორიდის იზოლაციით და პოლივინილქლორიდის ბრტყელი გარსაცმით. ძალოვანი სადენი ერთმაგად ჩაწყობისას არ ავრცელებს წვას და მდგრადია ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მიმართ (+35 °C–ზე). კერძო სახლს დენი მიეწოდება გარეთ განთავსებული სპეციალური ანძიდან, ამ შემთხვევაში გამოიყენება თვითმზიდი სადენი ( მაგ. ABC კაბელი 2*16). ამ ტიპის სადენის იზოლაცია ტემპერატურისა და სინათლის მიმართ მდგრადია, ასევე, მტკიცეა ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ოზონის ზემოქმედებისადმი, რაც მის მედეგობას განაპირობებს”.
სახლის სხვადასხვა ნაწილში, მოხმარების სიხშირიდან გამომდინარე, განსხვავებული რაოდენობის ელექტროწერტილებია საჭირო, შესაბამისად, დარგის სპეციალისტი რამდენიმე ტიპის სადენს უწევს რეკომენდაციას:
„ელექტროდაქსელვისას მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა გამოიყენოს H05VVH2-F (მრავალწვერა, მოქნილი კაბელი) და H05VVH2-U (ხისტი, მოუქნელი კაბელი) სამონტაჟო სადენები სპილენძის შიგთავსით, რომლებიც უსაფრთხო, მდგრადი მასალისგანაა დამზადებული. ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, მოხმარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, სხვადასხვა ზონაში განსხვავებული რაოდენობის წვერისა და კვეთის სადენებს გამოიყენებს. მაგალითად, განათებისთვის უმჯობესია 3*1.5 / 2*1.5 / 2*0.75, როზეტებისა და ჩამრთველებისთვის – 3*2.5 / 2*2.5, ხოლო კონდიციონერისთვის კი – 3*4 კვეთის სადენები“.
მომხმარებელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ სადენების მექანიკური დაზიანების გამოსარიცხად აუცილებელია გოფრირებული მილის გამოყენება 20 ან 16 მმ-იანი დიამეტრით. დაქსელვისას მაქსიმალური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ბინაში ცენტრალურ ავტომატურ ამომრთველად მონტაჟდება 2P (პოლუსი) 63A (ამპერი) ავტომატური ამომრთველი, ხოლო ოთახებში კი, რაოდენობის მიხედვით, 1-პოლუსიანი 6- 25 ამპერიანი ავტომატური ამომრთველები. ამგვარი ამომრთველები დაგეხმარებათ, სადენები გადახურებისგან, გადატვირთვისა და მოკლე ჩართვისგან დაიცვათ. ელექტროენერგიის გაჟონვისგან და მასთან დაკავშირებული ფატალური შედეგისგან თავის ასარიდებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ამპერაჟის მქონე დიფერენციალური გაჟონვის ავტომატის ან რელეს გამოყენება.
ელექტროენერგიის გაყვანისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩამრთველებისა და როზეტების სწორად შერჩევას. ამისათვის თავდაპირველად უნდა განისაზღვროს მათი განლაგება, ხოლო შემდეგ – რაოდენობა და გარეგნული მახასიათებლები.
„როზეტებისა და ჩამრთველების შეძენამდე უნდა განსაზღვროთ, რამდენი დენის წყარო გექნებათ საცხოვრებელში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეარჩიოთ სასურველი დიზაინი, ფერი და რაოდენობა. ამასთან ერთად, ევროპული სტანდარტის მიხედვით, როზეტის შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება დამიწებასაც (დამიწება, გაჟონვის ავტომატთან ერთად წარმოადგენს ელექტროენერგიის გაჟონვისგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას)“, – აღნიშნავს ექსპერტი.
რემონტის დაწყებამდე საჭიროა ელექტროენერგიის გაყვანილობის დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია საპროექტო გეგმის წინასწარ შედგენა და ხარისხიანი მასალების მოძიება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორი და ხარისხიანი სადენების შერჩევას, რომლებიც ერთმანეთისგან წვერებისა და კვეთების რაოდენობით განსხვავდება. უსაფრთხოების ნორმების დასაცავად კი, სასურველია, საცხოვრებელი დამატებითი ელექტროაქსესუარებით აღჭურვოთ, მაგალითად, ავტომატური ამომრთველებითა და დიფერენციალური გაჟონვის რელეთი.