ზამთრის პერიოდი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაკუთრებული გამოწვევებით არის აღსავსე. ბუნებრივი პირობები, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ძლიერი ქარი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამშენებლო პროცესებზე, რაც ძირითადად ნოემბრიდან მარტამდეა. თუკი სამშენებლო სამუშაოების ზამთარში დასრულებას აპირებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს გარკვეული შეფერხებები, რომლებსაც მშენებლები ამ პერიოდში აწყდებიან.
განვიხილოთ ზამთრის სამუშაოების სირთულეები:
ამინდის ზემოქმედება სამშენებლო მასალებზე
ზამთრის თვეებში ამინდი უფრო ცივია და ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამშენებლო მასალებზე. ცივმა ამინდმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხესთან მუშაობაზე, საღებავზე, გაყვანილობაზე, სანტექნიკაზე და იატაკზეც კი. ამ პერიოდში უფრო დიდი დრო სჭირდება სხვადასხვა მასალას გასაშრობად, მაგალითად: კედლის გაფითხნა, რომლის გაშრობასაც ზამთარში უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ზაფხულში. დაბალ ტემპერატურაზე ასევე ვერ ხერხდება ბეტონის საჭირო გამაგრება.
შეზღუდული დღის სინათლე
ზამთარი არის ის პერიოდი, როდესაც დღის საათები გაცილებით ნაკლებია. ეს ნიშნავს ყოველკვირეულად 10-12 საათით ნაკლებ მუშაობას სამშენებლო პროექტზე. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ზამთრის სამშენებლო პროექტებს მეტი დრო სჭირდება განსახორციელებლად.
სამუშაოების შეფერხება
ცუდი ამინდის პირობებმა შეიძლება თითქმის შეუძლებელი გახადოს ნებისმიერი სამშენებლო პროექტის დასრულება.
პროექტები, რომლებიც არ უნდა დაგეგმოთ ზამთარში:
გადახურვა
სახურავის შეკეთება რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ზედაპირის მოყინვის დიდი ალბათობაა.
შპალერის გაკრა, გაჯით ლესვა
ახლად გაკრული შპალერი და გაჯით შელესილი კედლები ზამთარში გვიან შრება, რაც იწვევს კედლის დაზიანებას.
ასფალტის დაგება
ამ პერიოდში მიწა ტენიანია და ცივია, შესაბამისად, ასფალტს უჭირს სათანადოდ გამაგრება.
ექსტერიერის მოპირკეთება
სპეციალისტები თავს არიდებენ მინის დაყენებასა და კედლების გალესვას, რადგან კედელი ნესტიანი და ცივია, რაც პროცესს ართულებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესების განსახორციელებლად 5-6 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა რეკომენდებული არ არის.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებისა, ზამთარში გარკვეული ამოცანების წარმატებით შესრულება შესაძლებელია სწორი დაგეგმვის, შესაბამისი აღჭურვილობისა და ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, თუმცა, პრიორიტეტი მუშაკთა უსაფრთხოება და შედეგების ხარისხი უნდა იყოს.