in

სარკე როგორც მრავალფუნქციური დიზაინერული ინსტრუმენტი ინტერიერში

გინახავთ სახლი სარკის გარეშე? სარკეები ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ მას ყოველდღიურად მოვიხმართ,  სარკე დეკორატიული ელემენტია. ინტერიერის დიზაინში მისი გამოყენება სხვადასხვა გზითა და დანიშნულებითაა შესაძლებელი.  დღეს მოგიყვებით  ინტერიერში სარკის მრავალფეროვან ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე – იმაზე, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სარკის ადგილმდებარეობა სწორად ისე, რომ მივიღოთ ბუნებრივი განათება და როგორ გავზარდოთ მისი დახმარებით პატარა სივრცე.

სახლში სარკის დამონტაჟების დროს  არსებობს ორი კრიტერიუმი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: შემოსასვლელი კარი პირდაპირ არ უნდა უყურებდეს სარკეს, ასევე, არ არის სასურველი საძინებელ სივრცეში სარკე ისე განვათავსოთ, რომ ის ადამიანს ძილის დროს ირეკლავდეს. ეს ორი რჩევა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არის ფენ-შუის მეცნიერებაში ხაზგასმული.

სარკის დახმარებით ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი სინათლის ელემენტის შეტანა. ამის ყველაზე აპრობირებული და ნაცადი მეთოდი ოთახში სარკის ფანჯრის გვერდით კედელზე, ან მოპირდაპირე მხარეს დაკიდებაა. ამ ხერხით ოთახში სივრცის აღქმა იზრდება, ასევე  ბუნებრივი განათების  ეფექტი ორმაგდება. რაც უფრო დიდია სარკე, მით მეტად ზრდის სინათლესა და სივრცეს.

ბუნებრივთან ერთად, სარკეების წყალობით სივრცეში ხელოვნური სინათლის გაზრდაცაა შესაძლებელი. მაგალითად, სარკის წინ სანათს თუ დავდგამთ, სივრცეს უფრო ნათელს გავხდით.

სარკის გამოყენება შესაძლებელია ისეთ ოთახში, რომელშიც სიცარიელის შევსება ავეჯის გარეშე გვსურს. ამი გაკეთება შესაძლებელია თუ სარკეს ისე დავკიდებთ, რომ ოთახის ავეჯი აირეკლოს. ამ მიდგომით  სივრცეს  ისე შევავსებთ, რომ არ გადავტვირთავთ  ინტერიერს. სარკის ჩარჩო, ზომა და მისი ფორმა დამატებითი დეტალია ინტერიერში, რომელიც იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუ რომელი ელემენტის დამატება გვსურს გარემოში.

თუ ოთახში ფანჯრები არასაკმარისი რაოდენობითაა, შესაძლებელია სარკე ინტერიერის ნაწილად ისე ვაქციოთ, რომ ფანჯრის ეფექტი მისი იმიტაციით მივიღოთ.  ასეთ დროს სარკის ფორმა, ზომა და ადგილი შენობაში არსებული ფანჯრის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ამ ხერხით, სარკე ინტერიერში ჩაჯდება, როგორც ფანჯარა –  ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც აღვნიშნეთ, სარკის დახმარებით სივრცის აღქმა იზრდება. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია მისი გამოყენება მცირე ზომის  სველ წერტილში.

სარკე დეკორაციის ფუნქციასთან ერთად შესაძლებელია პრაქტიკულად გამოვიყენოთ სივრცეში  და დამატებითი სათავსო შევქმნათ.  სველ წერტილში მოსახერხებელია ისეთი სარკის გაკეთება, რომლის შიგნით თაროებს მოვათავსებთ. ასევე პრაქტიკულია შემოსასვლელ სივრცეში არსებული სარკე-სათავსო, რომელსაც ფეხსაცმელების შესანახად გამოვიყენებთ.

იაპონური ხის სახლის პროექტი ბორცვზე

არასტანდარტული სახლი იაპონიის ტყეში