in

სასადილო ოთახის დიზაინი – 7 გამორჩეული პროექტი საქართველოდან

სასადილო ოთახი სახლის ცენტრია, რომელსაც ყველაზე დიდი როლი ეკისრება ოჯახისა თუ სტუმრების გაერთიანებასა და მათთვის კომფორტული ატმოსფეროს შექმნაში. როგორც წესი, სახლის ეს ნაწილი გამოირჩევა არა მხოლოდ ფუნქციური მახასიათებლით, არამედ დახვეწილი დიზაინითა და სტილით. სასადილო ზონა შეიძლება წარმოადგენდეს როგორც იზოლირებულ ოთახს, ასევე სამზარეულოს გაფართოებას ღია გეგმარების შემთხვევაში. თითოეულ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია განათების, განლაგებისა და სხვა საკითხების ყურადღებით მოწყობა, რათა შედეგი მაქსიმალურად მყუდრო და სასიამოვნო იყოს. დღევანდელ სტატიაში 7 სასადილო ოთახს გაგიზიარებთ საქართველოში რეალიზებული პროექტებიდან, რომლებიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

სახლი კაკლებში

ინტერიერში სასადილოსა და სამზარეულოს ნაწილი გაერთიანებულია და საინტერესო სტილის შესაქმნელად ძირითადად ხის მასალაა გამოყენებული. დიდი ვიტრაჟების დახმარებით, ოთახი მუდმივად ივსება ბუნებრივი შუქით. სივრცეს გამორჩეულ ხიბლს სძენს დიდი ბუნებრივი მცენარეებიც, რაც თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიტრაჟებიდან გამწვანებული ეზო მოჩანს, რაც სადილის დროს შთამბეჭდავ ხედს უზრუნველყოფს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი სოლოლაკში

პროექტის ავტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ოთახი ბუნებრივად ნათელი და მიმზიდველი ყოფილიყო, რაც ყველაზე უკეთ სწორედ სასადილო ზონაში იგრძნობა. ხის მაგიდას რამდენიმე დიდი ზომის ფანჯარა მიუყვება, საიდანაც ინტერიერში შუქი უხვი რაოდენობით შემოდის. მწვანე მცენარეების მრავალფეროვნება და აგურის ტექსტურა კი ბუნებასთან ურთიერთობის მკაფიო შეგრძნებას ტოვებს. ცალკე უნდა აღინიშნოს ჭერის დიზაინიც, რომელიც მთლიანად ხისაა და ინტერიერში ცოცხალ აქცენტებს ამატებს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი კიკეთში

ამ სახლის მეპატრონეებს სურდათ, სივრცე გარემოსთან მაქსიმალურ ჰარმონიაში ყოფილიყო და ირგვლივ არსებულ ბუნებასთან კავშირი არ დაეკარგა. სასურველ ეფექტს მათ დიდი რაოდენობით მცენარეებისა და ხის დეტალების გამოყენებით მიაღწიეს. გარდა ამისა, სასადილო ოთახის ერთი ნაწილი მთლიანად მინის გამოყენებით არის შექმნილი, რაც სადილის დროს სასიამოვნო ხედს უზრუნველყოფს ეზოზე, რომელიც სიმწვანეშია ჩაფლული. პროექტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხის ფაქტურა, განსაკუთრებით კი ხის მაგიდა და სკამები, რომლებიც ბუნებასთან სასიამოვნო ბალანსს ქმნიან.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა შატბერაშვილის ქუჩაზე

ამ ინტერიერის შექმნის პროცესში შთაგონების წყარო იტალია იყო, რაც მთელს ბინაში იგრძნობა. იტალიის სახასიათო შტრიხები სივრცეში ფერებისა და სხვა დეტალების სახითაა დამატებული და საკმაოდ მომხიბვლელ ატმოსფეროს ქმნის. უშუალოდ სასადილო ზონა მისაღებთანაა გაერთიანებული და ის ხის მასალის გამოყენებითაა შექმნილი. ხის მაგიდა და სკამები შესანიშნავადაა დაბალანსებული იატაკის საფართან, გამწვანება კი სივრცეს უფრო მიმზიდველსა და მყუდროს ხდის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

სახლი დიღომში

ამ შემთხვევაში სასადილო სივრცე სამზარეულოს გასწვრივ არის განლაგებული და მასში ხის ტექსტურა დომინირებს. ორივე ზონის მოზრდილი ვიტრაჟებიდან მწვანე ეზო და ქალაქის ურბანული გარემო ჩანს. ფერებისა და სტილის საინტერესო ბალანსი ინტერიერი ერთ უწყვეტ სივრცეს ქმნის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა მარჯანიშვილის ქუჩაზე

ბინის მეპატრონისთვის მთავარი სურვილი თანამედროვე და მყუდრო საცხოვრებლის შექმნა იყო, რის გამოც დიზაინერებმა მხოლოდ ნატურალურ მასალებს მიანიჭეს უპირატესობა. სასადილო ზონა მათ სამზარეულოსთან გააერთიანეს და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვეს, მცირეოდენი კონტრასტისთვის კი კერამიკული ფილები, ფერადი დეკორაციები და მარმარილოს ტექსტურა გამოიყენეს. ხის მაგიდა მაღალი ხარისხის მუხის ხისგან დამზადდა, რაც ინტერიერში ბუნებრივ და დახვეწილ განწყობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ჭაღის დიზაინიც, რომელიც შესანიშნავად ერგება ოთახის საერთო ესთეტიკას.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა თამარაშვილის ქუჩაზე

ამ შემთხვევაში პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს სასადილოსა და სამზარეულოს სივრცე, რომელიც საერთო ოთახისაგან იზოლირებულია ვიტრაჟით, რამაც მისაღები ოთახი კიდევ უფრო დიდი და გახსნილი გახადა. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, საერთო ოთახისა და სასადილო ოთახის გაერთიანება მარტივადაა შესაძლებელი. სასადილო ნაწილი გამორჩეულია ხისფერი და ნაცრისფერი ფერების სასიამოვნო ბალანსით, რასაც ემატება მწვანე მცენარეები და მოლურჯო აქცენტები, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. კონტრასტისთვის გამოყენებულია ნახატები და სხვადასხვა დეკორაციები, რომელთა ფონზეც სივრცე კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ჩანს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

homeis.gathering-ის სპიკერების ვინაობა ცნობილია

ესპანური ტრადიციებით აგებული თანამედროვე ვილა კოსტა დელ სოლში