in

რატომ მცირდება ტანსაცმლის ზომა რეცხვისა და გაშრობის პროცესში?

ტანსაცმლის სარეცხის მანქანაში გარეცხვის დროს ხშირად ხდება ისე, რომ ქსოვილი პატარავდება ან დეფორმირდება და ხანდახან ზომა იმდენად მცირდება, რომ ტანსაცმლის გამოყენება შეუძლებელი ხდება.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ რატომ მცირდება ქსოვილის ზომა გარეცხვის დროს და როგორ შეიძლება ამ უსიამოვნო პროცესის თავიდან არიდება.

რა იწვევს ტანსაცმლის დაპატარავებას?

ტანსაცმლის შეკუმშვას ორი აშკარა მიზეზი აქვს: გადაჭარბებული ტემპერატურა და სარეცხის მანქანის მაღალი სიჩქარე. თუმცა, მიზეზი შეიძლება ქსოვილის არასწორად შერჩეულ ტემპერატურაზე დაუთოებაც იყოს.

ტემპერატურის რეჟიმის დარღვევა შეიძლება რეცხვის, გაშრობისა და დაუთოების დროსაც კი მოხდეს. რეცხვის პროცესში ტემპერატურის გაზრდით ჩვენ ვცდილობთ დროის დაზოგვას, თუმცა, სხვადასხვა ქსოვილებს რეცხვის სხვადასხვა რეკომენდებული ტემპერატურა აქვთ და მათი ერთნაირად გარეცხვა არ შეიძლება.

ჩვენ ტემპერატურას ვუმატებთ მაშინაც, როდესაც გვსურს, რომ ქსოვილი მიკრობებისგან და ტოქსინებისგან გავწმინდოთ, რადგან მაღალი ტემპერატურა ბაქტერიების დახოცვას იწვევს.

ამ მიზეზების გარდა, ქსოვილის დაპატარავება შეიძლება სარეცხის მანქანის ან საშრობის ბრალი იყოს, რადგან, ზოგიერთი მათგანი თავად იწვევს ტანსაცმლის გადახურებას.

ბუნებრივი ქსოვილები მაშინ იკუმშება, როდესაც ისინი ცხელ წყალში პირველად ირეცხება, თუმცა, მეორე და მესამე გარეცხვის დროს ეს პრობლემა იშვიათად ჩნდება, იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ მოცემული ინსტრუქციები დეტალურად იქნება გათვალისწინებული.

სინთეტიკური ქსოვილები რეცხვის დროს ნაკლებად იკუმშება, თუმცა თუ მათ სპეციალურ საშრობში გააშრობთ, შესაძლოა, ქსოვილი დეფორმირდეს და დაპატარავდეს. საშრობში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ ხშირად შეიძლება 140 გრადუსსაც კი მიაღწიოს.

შალის ქსოვილებს აქვთ ბოჭკოს გარე ფენა, რომელიც ქსოვილში წყლის შეღწევას უწყობს ხელს. როდესაც წყლის ტემპერატურა ზედმეტად მაღალია და სარეცხი საშუალებები ქიმიურ ნაწილაკებს შეიცავენ, ბოჭკო შეიწოვს წყალს და ქსოვილი იკუმშება. თუმცა, წყლის აორთქლების შემდეგ ქსოვილი პირვანდელ მდგომარეობას არ უბრუნდება.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ნივთებს უყვართ წყალი და ისინი ძალიან ელასტიკურები არიან, ამიტომ მათი სარეცხის მანქანაში გარეცხვა რეკომენდებული არ არის. ამასთან, ცხოველური წარმოშობის ქსოვილისგან დამზადებული ქსოვილი უნდა გაშრეს ბრტყელ ზედაპირზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამ გზით ქსოვილი არ გაიჭიმება და შეინარჩუნებს პირვანდელ იერს.

სინთეტიკური ბოჭკოები ადვილად აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას, მაგრამ ბუნებრივი ქსოვილები პრაქტიკულად არ აღდგება.

რა ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ტანსაცმელი?

მცენარეული ქსოვილები კარგად იტანენ მაღალ ტემპერატურას. თეთრი ტანსაცმლის გარეცხვა შესაძლებელია 90-95 გრადუსზე და სარეცხის მანქანის მაქსიმალური სიჩქარით.

ბამბის ქსოვილების გარეცხვას გვირჩევენ 95 გრადუსზე, თუმცა, სჯობს ის შედარებით ნაკლებ, მაგალითად, 65 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხოთ.

სინთეზური წარმოშობის ქსოვილები არ უნდა გაირეცხოს 50 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და სარეცხის მანქანის მაქსიმალური ბრუნვა წამში 800-900 უნდა იყოს.

ცხოველური წარმოშობის ქსოვილების გარეცხვა რეკომენდებულია არაუმეტეს 40 გრადუს ტემპერატურაზე, 600ბრ/წმ-ში სიჩქარით.

რომელი ქსოვილი რა ტემპერატურაზე უნდა გავაუთოოთ?

ბამბის და თეთრეულის ქსოვილების დაუთოებას ექსპერტები 200 გრადუსზე გვირჩევენ, განსხვავებით მატყლის პროდუქტებისგან, რომლებიც 155 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა დაუთოვდეს.

ტემპერატურის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე სინთეტიკის და აბრეშუმის ქსოვილები არიან, რომლებიც 115 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა დავაუთოოთ.

ასე რომ, არასწორად გარეცხვის, გაშრობისა და დაუთოების შემთხვევაში ნებისმიერი ქსოვილი შეიძლება შემცირდეს ან დეფორმირდეს, არ აქვს მნიშვნელობა ის ბუნებრივი ქსოვილია თუ ხელოვნური. შესაბამისად, აუცილებელია მწარმოებლის მიერ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება და დაცვა.

ღუმელი თვითწმენდის ფუნქციით – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ვადენის ზღვის სანაპიროზე მდებარე სახლი, რომელიც მოქცევის დროს წყლით იფარება