in

ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმრო ავლაბარში – სტუდია SAMI_-ის ნამუშევარი

სასტუმრო Hotel 21-ის ინტერიერის დიზაინი სტუდია SAMI_-ის კიდევ ერთი განხორციელებული პროექტია. ობიექტი თბილისში, ავლაბრის უბანში, კ. ერისთავის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 1680 კვადრატული მეტრია და ის 33 ნომერს მოიცავს.

დამკვეთის დავალება გულისხმობდა უკვე არსებული, კარკასის მდგომარეობაში მყოფი პროექტის ცვლილებების შეტანას ექსტერიერის ნაწილში და ინტერიერის დიზაინის მომზადებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დიზაინ პროექტის შექმნა, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმებოდა ავლაბრის ძველ თბილისურ უბანს როგორც სტილისტურად, ისე ფერთა გამით.

აღნიშნულ ობიექტზე მუშაობის მთავარ გამოწვევად SAMI_ სტუდიისთვის უკვე დაპროექტებულ მოცულობაზე მორგება აღმოჩნდა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს მოიცავდა და ბოლომდე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდა ავტორებს. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ნებისმიერი სირთულე კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შემოქმედებით პროცესს.

დიზაინერების თქმით, დასახული მიზნის მისაღწევად ექსტერიერის დიზაინის მარტივი გზა შეარჩიეს და მოსაპირკეთებლად ორი მსგავსი ტონის დეკორატიული ლესვა გამოიყენეს. ფანჯრებზე ლითონის ასიმეტრიული მოჩარჩოება გაკეთდა, რომელიც დღის და ღამის განმავლობაში, სხვადასხვა დროის მონაკვეთში განსხვავებულ ჩრდილებს იძლევა. ფასადს ერთ სეგმენტში, მთელს სიმაღლეზე ლითონის კონსტრუქციის ჩანართი აქვს, ხოლო ბოლო სართულზე, თითოეულ ფანჯარაზე დეკორატიული ელემენტის სახით, დარაბებია მოწყობილი. ამ გადაწყვეტილებით ნაგებობას ბევრად უფრო მიმზიდველი და თვალშისაცემი სახე მიეცა.

სასტუმროს ინტერიერის დიზაინის კონცეფცია მხოლოდ ოთხი მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენებაზეა აგებული. ესენია აგური, ხე, ლითონი და ერთი დომინანტური ფერი – მწვანე, რომელიც კედლებსა და ავეჯზე მეორდება.

შენობა ძირითადად ოთხ სართულიანია, ნახევრად სარდაფითა და სახურავით (Rooftop). ნახევრად სარდაფში განთავსებულია სასაუზმე სივრცე, სამზარეულო და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დამხმარე სათავსოები. პირველ სართულზე შესასვლელი (ლობი) და ოთხი ნომერია მოწყობილი. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე  სრულად სასტუმროს ნომრებია გადანაწილებული, ხოლო სახურავზე, საიდანაც თბილისზე არაჩვეულებრივი ხედები იშლება, ბარის დაპროექტებაა დაგეგმილი.

დიზაინერები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათთვის განსაკუთრებული დეტალები, რომლებიც ექსტერიერს მიმზიდველად წარმოაჩენს ლითონის მოაჯირები და ფანჯრების მოჩარჩოებაა, რომელიც თავისი გეომეტრიით უდავოდ საინტერესოს ხდის ფასადის გადაწყვეტას.

ინტერიერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დეტალს მაია სუმბაძის ნამუშევრები წარმოადგენს, რომლებსაც ლობიში ნაბეჭდ შპალერსა  და ნომრებში პოსტერების სახით ვხვდებით. პრინტები ძალიან საინტერესოდ ინტეგრირდა მთლიან კომპოზიციაში და მწვანე ფერთან კომბინაციით, განსაკუთრებული შთამბეჭდაობა შეიძინა.

თითოეული ოთახის მწვანე ტონალობაში გადაწყვეტამ, სივრცეს დამამშვიდებელი ეფექტი მიანიჭა, აგურის კონსტრუქციისა და ნარინჯისფერი დეტალების აქცენტირებით კი ინტერიერმა ფერადოვანი და პოზიტიური სახე მიიღო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასტუმროს ინტერიერის სხვა ზონებშიც კედლებზე დოზირებულად არის გამოყენებული დეკორატიული, ე.წ „ქართული“ აგური, იატაკის მოსაპირკეთებელ მასალად კი ლობიში ინდუსტრიულ იატაკს ვხვდებით. დერეფნებში რბილი იატაკი, ნომრებში კი ხის საფარია დაგებული, ხოლო სასაუზმე სივრცე და ოთახების აბაზანები კერამიკული ფილებითა და გეომეტრიული პრინტითაა მოპირკეთებული. სააბაზანო კუთხეებში სადა, ნეიტრალური, დახვეწილი გარემო იქმნება, რაც თეთრისა და შავის კომბინაციით მიიღწევა, ხის დეტალების გამოყენებით კი ოთახებს თბილი და სასიამოვნო იერსახე ეძლევა.

ხის მასალას ჭარბად ვხვდებით ავეჯის ელემენტებშიც, როგორებიცაა საწოლის საზურგეები, რომლებსაც მეტი ბუნებრიობა და გარე სამყაროსთან სიახლოვის შეგრძნება შემოაქვს ოთახებში. ასევე ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებულია ლითონის ელემენტები. ლითონის მასალისა და დომინანტური მწვანე ფერის კომბინაციით პროექტს ერთიანი, ჰარმონიული სახე ეძლევა. სიმყუდროვის, სიმშვიდისა და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად კი თითოეულ ზონაში დეკორატიული სანათებია განთავსებული. ისინი მუდმივი განათების უზრუნველყოფასთან ერთად, ესთეტიკურად ამდიდრებს სივრცეს.

სირთულეების მიუხედავად, დიზაინერებმა დამკვეთის დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და შედეგად, რეალიზებული პროექტი თავდაპირველ ჩანაფიქრს ზუსტად ესადაგება. SAMI_-ის გუნდის დამსახურებით, თბილისში კიდევ ერთი საინტერესო, ძალიან მყუდრო და რაც მთავარია, ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმრო შეიქმნა, რომელიც საკუთარ სტუმრებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე, ნიკუშა შონია

დიზაინ სტუდია: SAMI_

ავეჯი: HCG (Hotel Contract Georgia)

ფილები და აქსესუარები : VitrA Georgia

ინტერიერში გამოყენებული ნამუშევრები: მაია სუმბაძე

ექსტერიერსა და ინტერიერში გამოყენებული ლითონის ელემენტების დამუშავება: შაკო ხუცურაული

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ვილა ბელგიაში განათების, მასალებისა და ემოციის საინტერესო კომბინაციით

ძველი თბილისის სადარბაზოები, როგორც ქალაქის კოლორიტის განუყოფელი ნაწილი