შენობა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, 2024 წელს აშენდა ავსტრალიაში და მას ძირითადად სასტუმროს დანიშნულება აქვს. პროექტის საერთო ფართობი 288 კვადრატული მეტრია. იგი მდებარეობს სნუგის ბორცვზე, აყვავებულ ტყეში, ცენტრიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე. საკურორტო სახლიდან სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ პლაჟის, კუნძულისა და ნახევარკუნძულის პანორამული ხედებით.
შენობა შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ დამოუკიდებელი ნაწილისგან. პირველი მათგანი 190 კვადრატული მეტრია, მეორე – 98. დიზაინი მაქსიმალურად ერგება ბუნებასა და რელიეფს. ორივე ნაწილს წინა მხარე აღმოსავლეთისკენ აქვს, რაც მზის ამოსვლის ხედს უზრუნველყოფს. მზის შუქი შეუფერხებლად აღწევს ინტერიერში და ლამაზად ირეკლავს მიმდებარედ არსებულ კლდეებს.
ორივე ნაწილს აქვს იატაკიდან ჭერამდე დამონტაჟებული ფანჯრები. მთავარ ოთახებს აქვს გრძელი, დაბალი ფანჯრები, რომლებსაც შეუძლია შუადღის მზის შუქის გაფილტვრა და ოთახში მხოლოდ საჭირო რაოდენობით გატარება. აქვეა მთის ქარებისგან დასაცავად შექმნილი სპეციალური სივრცეც, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ კლდეების პეიზაჟებით.
სასტუმროში შესვლისას მინიმალისტური, მაგრამ კომფორტული ინტერიერი იშლება. ხისა და ბუნებრივი ტონების ერთიანობა ქმნის თბილ და ჰარმონიულ ატმოსფეროს. მისაღები ოთახი და საძინებლები მორთულია თეთრი და ნახშირისფერი ქსოვილებით. სამზარეულოში, სასადილოსა და აბაზანაში გამოყენებულია ალაბასტრის დახვეწილი ქვა. გარე და შიდა სივრცეს შორის სასიამოვნო გადასვლის შესაქმნელად არჩევანი ფოლადის პანელებზე გაკეთდა. შენობა აღჭურვილია იატაკქვეშა გათბობით, კონდიციონერით, ორმაგის ჭურჭლის სარეცხი მანქანებით და სხვა თანამედროვე და აუცილებელი ელემენტებით.
ფართო მისაღებ ოთახს აქვს ელეგანტური ბუხარი, რომელიც სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს. თითოეულ საძინებელს აქვს აბაზანა ზღვის ხედით. მთლიანად ბუნებით გარშემორტყმული სასტუმრო-სახლი სტუმრებს მშვიდ და დასასვენებელ გარემოს სთავაზობს ქალაქის ხმაურისა და აურზაურისგან მოშორებით, სადაც შეუძლიათ დატკბნენ უნიკალური რელიეფით. უნიკალური ბუნება, დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა და ექსტერიერისა და ლანდშაფტის ურთიერთობა შესანიშნავ ადგილს ქმნის დასვენებისა და დაუვიწყარი გამოცდილებისათვის.
არქიტექტურული სტუდია: IAPA design
ფოტოები: Jing Qiu
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”