ქაოსური ადამიანი ხართ? წესრიგი თქვენთვის არც თუ ისე ახლობელია? გიყვართ ტანსაცმლის სკამზე გადაკიდება და ფეხსაცმელების შემოსასვლელში დატოვება? ან იქნებ გამოყენებულ ყავის ჭიქებს თქვენი ლოგინის გვერდით დღეების განმავლობაში ტოვებთ? თუ ასეა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, მარტივად დაამყაროთ წესრიგი სახლში.
გამოიყენეთ კალათები
იმისათვის, რომ მიმობნეული ნივთების აკრეფა არ დაგეზაროთ, დიზაინერები დეკორატიული კალათების იდეას გვიზიარებენ. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ თითო-თითო კალათა ოჯახის თითოეული წევრისთვის ან მხოლოდ ერთი მთლიანი სახლისთვის, რომელშიც დღის განმავლობაში თითოეულ ადამიანს შეეძლება ესა თუ ის ნივთი ჩააგდოს. ასე მარტივად აირიდებთ აქეთ-იქით მიმოყრილ ნივთებს და ქაოსს.
შემოსასვლელის სისტემა
თუ თქვენ იმ ტიპის ადამიანი ხართ, რომელიც სახლში მიდის და ჩანთას სკამზე აგდებს, მაშინ შემოსასვლელის სისტემა არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა უფრო ორგანიზებული გახდეთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ შესასვლელში დასადგამი კარადა, რომელიც ბუნებრივადაა დაყოფილი ზონებად. ასეთ კარადას აქვს საკიდები და შეგეძლებათ დაკიდოთ ჩანთა, გასაღები, ჟაკეტი.. ქვემოთ კი ფეხსაცმელების დასაწყობი ზონაა და აღარ მოგიწევთ, შემოსასვლელში დატოვოთ ისინი. მისი მეშვეობით შეძლებთ, დიდხანს აღარ გაჩერდეთ კართან და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.
გახადეთ თქვენი ყავის მაგიდა ელეგანტური
თუ თქვენს ყავის მაგიდაზე ყოველთვის ქაოსი და უწესრიგობაა, გირჩევთ, ლანგარი გამოიყენოთ. მისი მეშვეობით მარტივად შეძლებთ, წესრიგი წამში დაამყაროთ.
იქონიეთ დეკორატიული კიბე
პლედები სახლის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, თუკი, მაგალითად, ნეტფლიქსის ყურება და მყუდრო გარემოს შექმნა გსიამოვნებთ. თუმცა, სიმყუდროვე სწორედ მაშინ ირღვევა, როცა ეს პლედები აქა-იქ მიმოფანტულია ხოლმე. ამიტომაც, გირჩევთ, იქონიოთ ხის კიბე, რომელზეც ჩამოკიდებთ პლედებს. გარდა იმისა, რომ ის თავის ფუნქციას პირნათლად შეასრულებს, ის ასევე დეკორატიულ როლსაც შეითავსებს.
ორგანიზებული უჯრა
არეულობა მარტივი მისაღწევია მაშინ, როცა ნივთებისთვის ადგილი სრულიადაც არაა გამოყოფილი. უჯრის ჩანართები დაგეხმარებათ ეს უწესრიგობა მარტივად მოაგვაროთ. ისინი არამარტო სამკაულების ან სათვალეების ორგანიზებაში გვეხმარება, არამედ ასევე ხელს უწყობს დავკეცოთ პატარა ზომის ნივთები, როგორიცაა მაგალითად, საცვლები, წინდები და ა.შ
შეარჩიეთ ორგანიზების მარტივი გეგმა
თუკი წესრიგი არ გიყვართ, ორგანიზების რთულმა გეგმამ შესაძლოა, უფრო გაგაღიზიანოთ. ამიტომაც, გამოიყენეთ ყველაზე მარტივი საშუალება – სახლის ბევრ ნაწილში მოათავსეთ კალათისმაგვარი მოწნული სათავსოები. შეეცადეთ, აარჩიოთ ისეთები, რომლებიც თქვენი სახლის დიზაინს მოუხდება. მსგავსი ტიპის სათავსოები ორგანიზების მარტივი ხერხია და თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
გამოიყენეთ ნამცხვრის დასადები
ნამცხვრის ლანგარი იდეალური ხერხია იმისთვის, რომ სამზარეულოს საჭირო ნივთები ორგანიზებულად დააწყოთ. გარდა ამისა, ამ ხერხით ისინი ყოველთვის გამოსაჩენ ადგილზე იქნებიან და ყოველ ჯერზე მათი ძებნა აღარ მოგიწევთ.