in

6 ეფექტური გზა სტუდიოს ტიპის ბინაში საჭმლის სუნთან საბრძოლველად

სახლიდან საჭმლის სუნის განდევნა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბინა სტუდიოს ტიპისაა. თუმცა, პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ხერხი არსებობს, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრებთ.

გააღეთ ფანჯარა კერძების მომზადების პროცესში და შემდეგ.

სტუდიოს ტიპის ბინაში საჭმლის სუნი სწრაფად ვრცელდება, მაშინაც კი, თუ კარგი გამწოვი გაქვთ. ამიტომ კერძების მომზადების დროს და ჭამის დასრულებისთანავე ფანჯარა გააღეთ და ოთახი გაანიავეთ. იდეალურ შემთხვევაში, შექმენით ორპირი – ფანჯარასთან ერთად, 10-15 წამით კარიც გააღეთ. რეგულარული განიავების გარეშე ქსოვილები და შპალერი საჭმლის სუნით გაიჟღინთება, რაც სახლში ყოფნის დროს ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა მაშინვე იგრძნობა ქუჩიდან ბინაში შესვლისას.

შეამცირეთ ქსოვილების რაოდენობა.

ქსოვილები სუნს კარგად იწოვს. ამიტომ, უმჯობესია, სტუდიოს ტიპის ბინაში უარი თქვათ ქურთუკების საკიდის დამონტაჟებაზე. ასევე, სასურველია, ტრადიციული ფარდები ჟალუზებით ჩაანაცვლოთ, რომლებიც ჩვეულებრივი ღრუბლით მარტივად იწმინდება. გარდა ამისა, გირჩევთ, თავი აარიდოთ ხალიჩის გამოყენებასაც. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ, მომცრო ვარიანტი შეარჩიეთ.

რეგულარულად გაწმინდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ზეთი სუნს გამოყოფს საჭმლის მომზადების დასრულების შემდეგაც კი. დასუფთავებაზე დიდი დრო რომ არ დახარჯოთ, შეიძინეთ სამზარეულოს ზედაპირებისა და ტექნიკისთვის განკუთვნილი საწმენდი სითხე. ამ მეთოდით დასუფთავებისთვის რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, სამზარეულოში კი ჰაერი შესამჩნევად გაჯანსაღდება. გაითვალისწინეთ, რომ სუნს გამოყოფს გამწოვში დაგროვილი მტვერიც, ასე რომ, არ დაგავიწყდეთ დანადგარის პერიოდულად გაწმენდა.

გამოიყენეთ ინტერიერის სუნამოები.

სანამ კერძის მზადებას შეუდგებით, ჩართეთ არომატის დიფუზორი ან დასასვენებელ ზონაში ინტერიერის სუნამო შეაფრქვიეთ. თუ ყველა ზემოჩამოთვლილ პუნქტს დაიცავთ, ბინაში საკვების სუნი საგრძნობლად შემცირდება. თუ უპირატესობას ბუნებრივ მეთოდებს ანიჭებთ, თქვენს საწოლთან ახლოს, კომოდზე, მსხვილი მარილით სავსე რამდენიმე პატარა თასი მოათავსეთ. მარილი სუნს კარგად შთანთქავს. თუ მასში ფორთოხლის ან ლიმონის წვენსაც გაურევთ, ჰაერი მსუბუქი, ბუნებრივი არომატით გაიჟღინთება. თასებში ახლად დაფქული ყავის ან მისი მარცვლების ჩაყრაც შეგიძლიათ. ყავა უსიამოვნო სუნს ბლოკავს და სახლს გამამხნევებელი არომატით ავსებს.

ყოველ სეზონზე გაწმინდეთ კედლები.

სუნი კედლებში ჯდება, ამიტომ მათი გაწმენდაც საჭიროა. საკმარისია, ეს 3-4 თვეში ერთხელ გააკეთოთ. აუცილებელია, წინასწარ გაარკვიოთ, დასუფთავების რომელი მეთოდია შესაფერისი თქვენს სახლში გამოყენებული მოპირკეთებისთვის. როგორც წესი, საფარის გახეხვა არ შეიძლება. შეგიძლიათ მხოლოდ საპნის ხსნარი და რბილი ღრუბელი გამოიყენოთ.

ხშირად დაასუფთავეთ სივრცე.

მტვერი არა მხოლოდ ჯანმრთელობას ვნებს, არამედ საკვების სუნსაც იწოვს. ამიტომაც, არ დაგავიწყდეთ ნესტიანი ქსოვილით ზედაპირების რეგულარულად წმენდა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღუმელის გარშემო არსებულ ზედაპირებს; არ გამოგრჩეთ პლინტუსები, დეკორატიული დეტალები და კარნიზები. სასურველია, თითოეულ სეზონზე კარადებისა და მაცივრის თავიც გაწმინდოთ.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სახლი, რომელიც გარემოს ნაწილად იქცა — 35:35 Slope House

#რაშენდება: „Hilside Estate“-ი საგურამოს მიმდებარედ