დღესდღეისობით, როდესაც ახალ გზებს ვეძებთ თუ როგორ შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარება, აუცილებელი ხდება დავიწყოთ ბუნებასთან მჭიდრო თანაცხოვრება, შევისწავლოთ კლიმატური არქიტექტურა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღეს უკვე ადამიანისთვის კლიმატის კონტროლი რაღაც დონეზე შესაძლებელია და მხოლოდ კედელი არ არის შენობის ერთადერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
BIAS არის არქიტექტურული ოფისი, რომელიც ცდილობს შეისწავლოს არქიტექტურის დისციპლინის შესაძლებლობების ფართო სპექტრი. 2018 წელს, აგრარული ექსპოსთვის სტუდიამ შექმნა ექსპერიმენტალური პროექტი – სათბური როგორც სახლი. მათ კონცეფციაში, ადამიანების საცხოვრებელი სივრცე და მცენარეები ერთ ადგილშია მოქცეული და მათი მასალა და სტრუქტურა ისე არის შერჩეული, რომ კლიმატმა მათ არსებობას ხელი შეუწყოს. ტრადიციული არქიტექტურული სივრცეების მაგივრად, ამ შემთხვევაში გეგმარება დაყოფილია სხვადასხვა კლიმატურ ზონებად. საინჟინრო სისტემა და გადახურვა კი ისეა მოწყობილი, რომ მცენარეების განვითარებას ხელი შეუწყონ. ამ პროექტისთვის ჩატარდა მრავალი კვლევა, რათა ადამიანებმა სტუმრობისას განიცადონ კლიმატის, ლანდშაფტისა და სხვადასხვა აგრარული საქმიანობის ვარიაცია ერთ ჭერქვეშ.
შენობის პირველი ზონა უფრო ჩრდილიანი, ნოტიო და სუფთაა, აქ ვხვდებით ფოლადის ქსელში ჩამოკიდებულ გვიმრებს, რომლებიც ქმნიან ბუნდოვანი ტყის კედლების შთაბეჭდილებას. მეორე ზონა ნაკლებად ნოტიოა და მასპინძლობს შენობის ძირითად საქმიანობას – ამ სივრცეში განთავსებული მაგიდა კოლექტიური სადილის შესაძლებლობას იძლევა. მესამე ზონაში უფრო სტაბილურ კლიმატს ვხვდებით, სადაც სამზარეულოა ჰიდროპონიულ (მცენარეების ხელოვნური გაზრდის მეთოდი) მეურნეობის ნაწილთან ერთად. აქ ყოველდღე კრეფენ ნედლ ბოსტეულს და სტუმრებისთვის იქვე ამზადებენ. მეოთხე ზონა უფრო თბილი და მშრალია, რადგან ბოსტეულის გამოშრობას ემსახურება. მეხუთე, ბოლო ზონა კი ბნელი და ცხელია, რადგან იქ სოკოების ფერმა მდებარეობს, სენსორულ თეატრთან ერთად, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სინათლისა და ხმის წარმოდგენებს დაესწრონ.