ბინა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს. მისი ფართობი 116 კვადრატული მეტრია და ის ორი ბინის გაერთიანებას წარმოადგენს. ბინა მირიან ჯუღელსა და ეკა ოძელაშვილს ეკუთვნით და აქ ისინი 2018 წელს გადმოვიდნენ.
მირიანი უკვე 10 წელია მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობს, ეკა კი პროფესიით არქიტექტორია, თუმცა, 7 წლის წინ ბავშვთა ფოტოსტუდია გახსნა და მას ჩაუდგა სათავეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკას პროფესიამ ერთგვარად თავი იჩინა ამ სახლშიც და აქაური ინტერიერი სრულად მას ეკუთვნის.
წყვილი ამ კორპუსში 2018 წელს გადმოვიდა. როგორც გვიამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სახლი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ზუსტად 3 წუთშია, ის შემაღლებულ გორაკზე, ე.წ. მხატვრების დასახლებაში დგას და მოწყვეტილია ცენტრალური გამზირის მტვერსა და ხმაურს.
“ბინას საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდით, კონკრეტული კრიტერიუმები გვქონდა: სივრცე და შესაბამისად, ჰაერი, ხედი, იზოლირებული ეზო, რომელიც ნამდვილად ეზო იქნებოდა და პარკინგი, რათა სახლში მოსულს მანქანის დასაყენებლად “ბრძოლა” არ დაგვჭირვებოდა. გარდა ამისა, ყველაფერი საბურთალოზე გვაქვს – ჩვენი შვილის სკოლა, ეკას ფოტოსტუდია, სავაჭრო ცენტრი, აგრარული ბაზარი და ა.შ. ამიტომაც ეს უბანი ძალიან მოგვწონს.”
როდესაც მომავალი საცხოვრებელი შეიძინეს, მათი სართული ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომაც გეგმარებაც, ოთახების თუ გათბობისა და სველი წერტილების განაწილებაც თავადვე დაგეგმეს. მწვანე კარკასამდე მიყვანილი ბინა დათქმულ დროს ჩაბარდათ და რემონტს მყისვე შეუდგნენ.
“მანამდეც აქვე ახლოს ვცხოვრობდით, ამიტომაც ყოველდღე ამოვდიოდით, ვაკვირდებოდით პროცესს და კორექტივები შეგვქონდა. ხშირად გვსმენია, რომ რემონტი საკმაოდ დამღლელი და ნერვიული პროცესია, თუმცა ჩვენ იმდენად გვსიამოვნებდა ის, რასაც ვუყურებდით და ვიცოდით, რა შედეგსაც მივიღებდით, რომ ეს წონიდა ყველა შესაძლო დისკომფორტს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, დაწყებამდე, დეტალურად გქონდეს წარმოდგენილი, რომელი ოთახი როგორი უნდა იყოს და სად რა უნდა იდგეს.”
წყვილმა ყველაზე დიდი დრო ინტერიერს და ბინის ფუნქციურ გადანაწილებას დაუთმო. მათთვის სახლი ის სივრცეა, სადაც თავი მშვიდად და კომფორტულად უნდა იგრძნონ, ამიტომაც მირიანსა და ეკას სურდათ დიდი სამზარეულო, რადგანაც კულინარია ორივეს უყვარს, დიდი მისაღები ოთახი, სადაც შვილებიც, თავადაც და სტუმრებიც კომფორტულად შეძლებდნენ ფილმის ყურებას, ვახშამს, თამაშს და ა.შ. აბაზანა, რომელშიც საკმარისზე მეტი სივრცეა. და რადგან ორივეს ძალიან უყვარს მუსიკა, ამიტომ ცალკე გააკეთეს ფირსაკრავის და ფირფიტების სივრცე, სადაც უკვე 500-ზე მეტი ფირფიტა მოგროვდა, მათ შორის, უდიდესი ნაწილი ქართული ფირფიტებია, რომლებიც აღარ გამოდის.
“ძალიან გვინდოდა, რომ სახლში ბევრი ბუნებრივი დეტალი ყოფილიყო, ამიტომაც ნავთლუღის ბაზარში ვიყიდეთ 100 წლის წინანდელი დამპალი მუხის კოჭები, რომლისგანაც მაგიდა გავაკეთეთ, ერთ-ერთი ძველი სახლის დაშლიდან ქართული აგური წამოვიღეთ, სამზარეულოს ზედაპირიც ხის გავაკეთეთ, ჭერზე ბეტონი დავტოვეთ, ოთახებს შორის ტიხარი რკინის მასალით გავაკეთეთ, ბევრი მცენარე მოვიტანეთ და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, სართული ჯერ არ იყო აშენებული, ჩვენ ორი ბინა შევიძინეთ და გავაერთიანეთ, ამიტომაც ტიხრები და განაწილებები ჩვენით დავგეგმეთ. ბინას 5 აივანი აქვს, რომლიდანაც ქალაქის ნებისმიერ მხარეს შეგიძლია გაიხედო.”
როგორც ეკა და მირიანი გვიამბობენ, რემონტის დასაწყისში, რამდენიმე სტილის ინტერიერს განიხილავდნენ, ყველა ოთახზე ჰქონდათ რაღაც ჩანახატი გაკეთებული. საბოლოო ჯამში კი, მიიღეს რამდენიმე სტილის შერწყმა – მისაღები ოთახი გამოვიდა ლოფტისა და ბოჰოს სტილში, ისევე, როგორც აბაზანა, სამზარეული იტალიურ-სკანდინავიური, შემოსასვლელიც სკანდინავიური, ხოლო საძინებლები – კლასიკური.
მისაღებ ოთახში ჩანს ლოფტისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი მასალის შერწყმა – ეს არის ბეტონი, აგური და ლითონი. მოსაპირკეთებლად გამოიყენეს ძველი ქართული აგური, რომლითაც ორივე მხარე მოაპირკეთეს, რათა ისეთი შთბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს ეს აგურის კედელი აქ თავიდანვე ასე იყო. ამ აგურის კედელს აქვს ასევე ფუნქციური დანიშნულებაც, ის ერთგვარად ყოფს ბინას ორ ზონად – კედლის უკან უფრო წყნარი ზონაა (საძინებლები), რომელიც ასევე გამოირჩევა უფრო მშვიდი ფერებით, მეორე მხარეს კი – უფრო აქტიური ზონა გვხვდება, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ოჯახი, უსმენენ მუსიკას და იღებენ სტუმრებს.
“პროცესში ბევრ რამეს ვამატებდით, მაგალითად, აგურის კედლიდან დარჩენილი აგურით სამზარეულოში გადავწყვიტეთ შახტის კედელიც მოგვეპირკეთებინა. ასევე, სამზარეულოს ჭერზე უშნოდ ჩანდა ბევრი რიგელი, მაგრამ სიმაღლის შემცირება არ გვსურდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ჭერი ხის კოჭებით შეგვევსო, რომლებმაც სულ სხვა იერი მისცეს და შეკრეს ეს სივრცე. თავიდან, სანამ ბინა შეივსებოდა ავეჯით, ძალიან უხალოსო ჩანდა, რადგან ძირითადი კედლის ფერები იყო თეთრი და ნაცრისფერი. თუმცა, ეს თავიდანვე ასე ჩავიფიქრეთ, რადგან გვინდოდა აქცენტი უფრო ავეჯზე და სხვა ფერად ელემენტებზე გადაგვეტანა და ამით გაგვეხალისებინა ბინა. თითქმის ყველგან სხვადასხვა ფერის ავეჯია, მაგრამ ყველა კუთხე ერთმანეთს კრავს და ერთიანი ორგანიზმი გამოდის.”
კითხვაზე, თუ რომელია ოჯახის საყვარელი კუთხე, უჭირთ რომელიმეს გამოყოფა, ბინა ისე დაგეგმეს, რომ ყველგან კომფორტულად ეგრძნოთ თავი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკა ძალიან უყვართ, ყველაზე მეტ დროს მისაღებში ატარებენ.
“ჩვენი სახლი არის ჩვენი იდენტობა, ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაბედნიერებს: ბავშვები, მეგობრებთან ერთად გვიანობამდე საუბარი, მუსიკა, კულინარია და ა.შ. ახლა სხვა სახლი შევიძინეთ, ქალაქგარეთ, სადაც მომავალ წელს დავიწყებთ რემონტს და წლის ბოლოს გადავალთ, ამიტომაც ამ ბინასთან განშორება უკვე გვიჭირს.”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე