ბინა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ თბილისში, მარუხის გმირების ქუჩაზე მდებარეობს და მისმა მფლობელმა ის 7 წლის წინ შეიძინა. ერთი შეხედვით, დაუჯერებელია, რომ ამ სახლში ინტერიერის დიზაინერის ხელი არ ურევია, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, მსგავსი იდენტობის მქონე სახლები, როგორც წესი, სწორედ რომ მათივე მფლობელების ავტორობის ქვეშ იქმნება. ასეთ სახლებს ერთი თვისება აქვთ – ისინი სწორედ ისე გამოიყურებიან, როგორც უნდა გამოიყურებოდნენ – აქ ვერც ერთ ზედმეტ ნივთს ვერ შეხვდებით და არც არაფერი დაგაკლდებათ თვალში.
სახლის ინტერიერზე საუბარი მისი ბაზიდან – ანუ რემონტიდან იწყება და ამ მხრივ, ამ სახლზე ძალიან ცოტა გვაქვს მოსაყოლი, რადგანაც მისი კედლები, იატაკი, ჭერი და სხვა დეტალები ძალიან სადად არის შესრულებული. მფლობელმა, როგორც ჩანს, სახლისთვის მსგავსი ტონები იმიტომ შეარჩია, რომ ფერადი ნივთებისთვის და ავეჯისთვის მეტი ადგილი დაეთმო.
ბინას ბევრი და მრავალფეროვანი სივრცე აქვს – აქ არაფერია ტიპური და ბანალური, არც საძინებელი, არც მისაღები, არც აივანი და არც სამზარეულო. რაღაც დონეზე ეს სახლს სტუდიის თუ გალერეის იერს სძენს.
ბინის ერთ-ერთი ღირსებაა დიდი ვერანდა, რომელიც ძალიან ცოცხალ და მწვანე ზონას აყალიბებს. მაგიდა მეტროს ფილებით, დიდი ზომის დივანი, ხის კარადა და დეკორის ფერადი ელემენტები მშვენიერ მოსასვენებელ გარემოს ქმნის სუფთა ჰაერზე.
აივნიდან პირდაპირ გრძელ ჰოლში გავდივართ, რომელიც სავსეა ხელოვნების ნიმუშებით, ისევე, როგორც მთელი სახლი. ჰოლი უკავშირდება ოთახს, სადაც განთავსებულია პინგ პონგის მაგიდა და სახლის ერთ-ერთი მთავარი დეტალი – ულამაზესი ხავერდის ლურჯი კარი.
სახლის ყველაზე დიდ ოთახში კი განთავსებულია მისაღები და სასადილო სივრცეები. აქვე ვხვდებით ძველებურ ბუხარს, ლეოპარდის ხალიჩას, ერთი შეხედვით დაუდევრად დაკიდებულ განათებებსა და ძალიან ბევრ მაღალ მცენარეს.
სახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სივრცე, რომელიც თითქოს მისაღებ ოთახს ჰგავს, თუმცა, ის უბრალოდ ოჯახის მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ლურჯ ფერში შექმნილი ეს ოთახი თავისი სიმყუდროვით ერთგვარ კონტრასტს ქმნის მთლიანი ბინის ინტერიერთან.
რაც შეეხება სამზარეულოს, ის აბსოლუტურად რელევანტურია სახლში გამეფებული სტილისა – ბინის მეპატრონემ ზუსტად შეარჩია სამზარეულო მეტალის სათავსოებით, რომელიც ძალიან კარგად ერწყმის ბეტონის იატაკსა და თეთრ კედლებს. აქვე ვხვდებით ბეტონის მაგიდას, რომელიც თითქოს პატარა კუნძულის როლსაც კი თამაშობს ინტერიერში. მისივე პარალელურად კი განთავსებულია ხის მასიური სასადილო მაგიდა.
როგორც ბინის მეპატრონე გვიამბობს, საკუთარი საცხოვრებლის ინტერიერის შექმნა მისთვის სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო. ყველაფერი ეს კი ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ბინა სრულ თანხვედრაშია მის მფლობელთან და ის სხვებისგან განსხვავებულ და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ იდენტობას ატარებს.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე