in

ფერთა 9 კომბინაცია საზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად

დიზაინერები ხშირად იყენებენ ფერთა ისეთ კომბინაციებს, რომლებიც არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ნათელ და თბილ ელფერს აღძრავს ინტერიერში. ასეთი ტონებით მოწყობილი სახლები მუდამ ძალიან მხიარული და ელეგანტურია, ორიენტირებულია ძვირფას დეტალებზე, ნეიტრალურ ტონებსა და მიწიერ შეგრძნებაზე, რაც ნებისმიერი მყუდრო და კომფორტული ინტერიერისთვის სასურველი თვისებაა.

საზაფხულო პალიტრაში ხვდება ისეთი ფერები, როგორებიცაა თბილი ყვითელი, ღია მწვანე, ლავანდისფერი, მშვიდი ნაცრისფერი და სხვა. თითოეული მათგანი ოთახს მზის სხივების შეგრძნებით ავსებს. დღეს კი ფერთა ცხრა კომბინაციას გაგიზიარებთ, რომლებიც, ინტერიერის დიზაინერების აზრით, აუცილებლად უნდა სცადოთ თუ სახლში საზაფხულო ხასიათის გაღვიძება გსურთ.

თეთრი, მწვანე და ყავისფერი

ამ სამი ფერის კომბინაცია სივრცეში მიწერ ფერთა პალიტრას ქმნის. სამივე მათგანი ქმნის გამორჩეულ, მშვიდ და ვიზუალურად მოწესრიგებულ ინტერიერს. ამასთან, მათი სადა შეფერილობის წყალობით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმისა და ტექსტურის დამატება, რაც დამატებით ესთეტიკასა და ხიბლს აღძრავს. მასალის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ რატანი, ბუნებრივი ქვა, მარმარილო და სხვა მსგავსი, ბუნებრივი შეფერილობის მქონე დეტალები.

ვარდისფერი და წითელი

ვარდისფერი საკმაოდ მარტივი და თბილი ფერია, განსაკუთრებით კი ზაფხულის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ ის საზაფხულო ფერებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს ფერი უფრო რბილია ვიდრე თეთრი და უფრო ამაღელვებელი, ვიდრე ნაცრისფერი, მაგრამ არ არის დამღლელი ან გამაღიზიანებელი. კონტრასტი ვარდისფერსა და წითელს შორის ერთი შეხედვით თამამი და ექსპერიმენტულია, მაგრამ შესაბამისი ჩრდილების პოვნის შემთხვევაში, ეს ორი ფერი სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს მიანიჭებს. სცადეთ ვარდისფრის ჟოლოსფერ წითელთან დაბალანსება, ან წითლის ისეთ ტონებთან შერწყმა, რომლებიც შედარებით თბილი და მშვიდია.

მუქი ნაცრისფერი და ხისფერი

ინტერიერში სინათლისა და ჰაეროვნების ჩართვა ნებისმიერი საზაფხულო ფერთა პალიტრის გასაღებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ღია ფერების გამოყენებას. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩართოთ ნაცრისფერი დეტალები, კარადებისა და კედლების სახით, ავეჯისთვის კი შეარჩიოთ თბილი, ხისფერი ტონები. კონტრასტისთვის შესაძლებელია მკვეთრი აქცენტების დამატება კედლის დეკორაციების, ნახატებისა და ქსოვილების სახით.

ლურჯი, მდოგვისფერი და იისფერი

სამივე ფერი ღრმა ტონსა და მდიდარ ჩრდილებს ქმნის, რომლებიც, რაღაც მხრივ, ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ სამივე მათგანს აქვს მსგავსი ინტენსივობა, რაც საოცრად დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერის შექმნას განაპირობებს. ეს ფერები შთაგონებულია ზაფხულის ენერგიით სავსეა მხიარული და დახვეწილი აქცენტებით. კედლებისთვის შეგიძლიათ შედარებით ღია ფონის გამოყენება, მუქი ტონები კი დაამატეთ ცენტრში, ავეჯისა და ქსოვილის სახით.

მკვეთრი ფერები და თეთრი

კლასიკური საზაფხულო ფერთა სისტემისთვის მნიშვნელოვანია მკვეთრი ფერების გამოყენება, როგორებიცაა ყვითელი და ლურჯი, მაგრამ ხშირად ისინი საკმაოდ გამაღიზიანებელ სივრცეს ქმნის, რის გამოც ადამიანები ერიდებიან მათ გამოყენებას. ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები გთავაზობენ, რომ თითოეული ეს ფერი სურვილისამებრ ჩართოთ ინტერიერში, მათ „დასამშვიდებლად“ კი თეთრი ფონი გამოიყენოთ, კედლების სახით. ასეთი მიდგომით შეძლებთ ხავერდოვანი ლურჯის, მუქი წითლისა და სხვა სასურველი ტონების გამოყენებას ისე, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს და შეინარჩუნოს მშვიდი, კომფორტული განწყობა.

ყავისფერი და კრემისფერი

ზაფხულის ფერთა პალიტრებისადმი უფრო მინიმალისტური მიდგომის გათვალისწინებით, ყავისფერი და კრემისფერი შესანიშნავი ფერებია ნეიტრალური და სადა ინტერიერის მოსაწყობად. თითოეული მათგანი ქმნის სანაპიროსა და ზღვასთან სიახლოვის შთაბეჭდილებას. სწორედ ამიტომ, ასეთი ნაზი ფერების გამოყენებით შეძლებთ სუფთა და ჰაეროვანი საცხოვრებლის შექმნას. დამატებით, გამოიყენეთ დიდი რაოდენობით ბუნებრივი განათება და ღია სივრცეები. ამგვარ ინტერიერს ძალიან უხდება ხისფერი აქცენტებიც, რაც ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

იასამნისფერი და ხისფერი

ნეიტრალური ფერთა სისტემის მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასურველი კომბინაცია ხის, განსაკუთრებით კი მუხის და იასამნისფრის ერთიანობაა. ასეთი ბალანსი ქმნის ერთგვარ კონტრასტს, თუმცა ფოკუსირებულია მშვიდი და საზაფხულო ინტერიერის შექმნაზე. შედეგად, იქმნება ძალიან კომფორტული და მყუდრო სივრცე, რომელიც მდიდარია პიგმენტებით და, ამავდროულად, საკმაოდ ნათელია.

მუქი მწვანე და იასამნისფერი

მუქი მწვანე, ერთი შეხედვით, ძალიან დრამატული ფერია, მაგრამ ის ინტერიერს გაცოცხლებაში ეხმარება და შთაგონებას სწორედ ზაფხულიდან იღებს. იასამნისფრის და მწვანე ჩრდილების კომბინაცია დაგეხმარებათ ბუნებრივი და მიწიერი ხასიათის შექმნაში, რაც ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

მუქი მწვანე და სპილენძისფერი

ამ შემთხვევაში, მწვანე შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც საწყისი წერტილი, რომლის ირგვლივაც იქმნება ფერთა შესაბამისი სქემა. სპილენძისფერ აქცენტებს კი შეუძლიათ სივრცეში სითბოს და ზაფხულის ხასიათის დამატება, რაც მთლიანობაში შესანიშნავ ბალანსს ქმნის. ავეჯი, საგნები და სხვადასხვა დეკორაციები შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში კონტრასტული წერტილების დასამატებლად.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა მკვეთრი აქცენტებით – რამდენიმე პროექტი საქართველოდან

როგორ შევარჩიო რბილი ავეჯი სახლისთვის — რამდენიმე საინტერესო რჩევა დიზაინერებისგან