“(R)Evolution Is The Only Solution” – ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Seletti-ს სლოგანი მაშინვე გვახვედრებს, რომ კომპანია არ მისდევს დაწესებულ წესებს. სხვადასხვა მასალასთან, ფორმასთან და იდეასთან თამაშისა და ექსპერიმენტირების საფუძველზე Seletti 1964 წლიდან ახერხებს ინტერიერის დიზაინის ჭეშმარიტად უნიკალური, საოცარი აქსესუარების დამზადებას. იქნება ეს ავეჯი, სანათები, ნეონის ასოები, თეთრეული თუ ფაიფურის ჭურჭელი, Seletti-ის პროდუქცია გულგრილს არავის ტოვებს.
ბრენდის ფაიფურის ჭურჭლის “ჰიბრიდული კოლექცია” დასავლეთისა და აღმოსავლეთის, აზიისა და ევროპის კონცეპტუალური გაერთიანების იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა. აქამდე კოლექციაში ჩინური და ევროპული ფაიფურის დამზადების საუკუნოვანი ტრადიციის გამოყენებით იქმნებოდა ნიმუშები, ახლა კი Seletti-მ პროდუქციის წარმოების მასშტაბები გააფართოვა და ამ ორ კულტურასთან ერთად აფრიკული, ცენტრალური და ლათინოამერიკული და ასევე სამხრეთაზიული ესთეტიკით შთაგონებულ ჭურჭელსაც გვთავაზობს.