“Shabby chic” სტილი ინტერიერში არც ისე დიდი ხნის წინ, 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მის დამაარსებელად ინგლისელი დიზაინერი, რეიჩელ ეშველი (Rachel Ashwell) ითვლება, რომელმაც ძველი ავეჯის დეკორირება და მისთვის შესატყვისი ინტერიერის შექმნა დაიწყო. მიმართულების სახელწოდება ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „გაცრეცილი ფუფუნება“ და ასეთი სახელწოდება მის არსს სავსებით შეესაბამება.
აღნიშნული სტილის მსუბუქი ატმოსფერო, რომანტიულობა და ოცნება ცოტა ვინმეს თუ დატოვებს გულგრილს. “Shabby chic”-ის მთავარ განმასხვავებელ ელემენტებად გაცრეცილი ზედაპირები, ბზარები და უსწორმასწორობები ითვლება, ანუ ყველაფერი ის, რაც დროის ეფექტს ელეგანტურად გამოხატავს.
“shabby chic” სტილში ინტერიერის ძირითადი ობიექტია მდიდრული, ძველებური ავეჯი მისი ყველა ნაკლოვანებით, რომელიც ხანგრძლივი მოხმარების შედეგად გაჩნდა. ამ სტილთან ჰარმონირებს ავეჯი ბაროკოსა და როკოკოს სტილში კვეთისა და დეკორის სიუხვით. ეს შეიძლება ნამდვილი ანტიკვარიატი ან ხელოვნურად დაძველებული თანამედროვე ობიექტი იყოს.
ავეჯის ფერების შერჩევისას უპირატესობა თეთრ ფერს, ასევე ყველა პასტელურ ტონსა და ელფერს ენიჭება. ნათელ და ნაზ ელემენტებს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სიძველის ბურჟუაზიული სული მატებს. გამორჩეულ ფუფუნებას ავეჯს დაძველებული მოოქროვება ანიჭებს, რომლითაც დეკორატიული ელემენტებია მოპირკეთებული.
რა თქმა უნდა, ავეჯთან ერთად, ამ სტილის მთელი შიდა ინტერიერიც ნაზ, პასტელურ ფერთა გამაშია შესრულებული.
“shabby chic” სტილში მიღებულია მრავალფეროვანი დეტალები და დეკორი. ეს შეიძლება იყოს კარნიზისა და მოლდინგების ლამაზი ჩუქურთმები ან თაბაშირისა და ხის ნაკვეთი ორნამენტები. მიღებულია კედლებისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვა, რათა ინტერიერს რომანტიული და დაუსრულებული სახე მიეცეს.
რაც შეეხება “shabby chic”-ის საერთო სტილისტიკას, რომლის ქვაკუთხედს რომანტიზმი და სახლის სიმყუდროვე წარმოადგენს, მასში ტექსტილის ნატურალური და დახვეწილი ნაჭრების – აბრეშუმის, ატლასის, სელისა და ტილოს გამოყენება აუცილებელია. ფარდები ყოველთვის ლამაზადაა “დავარდნილი”, ბალიშები დამშვენებულია სხვადასხვაგვარი რულონებითა და ლენტებით. ტილოების ელფერი აუცილებრად პასტელური და ჰაეროვანი უნდა იყოს, ხოლო ნახატები – ჰაეროვანი და ნაზი.
ყველაზე ხშირად “shabby chic” სტილის ინტერიერში ყვავილოვანი და რომანტიული ნახატები გამოიყენება. მაგალითად: პატარა ვარდები, ფოთლები და ანგელოზები.
ამ სტილში მნიშვნელოვან როლს დეკორი ასრულებს, რომელსაც იგივე გაცრეცილობა, ბაროკოს ლამაზი დეკორატიულობა, ნაზი ელფერები და თვალისთვის სასიამოვნო ორნამენტულობა ახასიათებს. ძალიან ხშირად ინტერიერში იყენებენ მდიდრულად შემკულ განათების ელემენტებს, ძველებურ საათებს, ზარდახშებს, ვაზებს, ნახატების მოხდენილ ჩარჩოებსა და ა.შ. გარდა ამისა, “shabby chic” სტილის დამახასიათებელია დეკორი ანგელოზის, ჩიტების, თოჯინების და ასევე ბევრი ვარდის სახით.
რომ შევაჯამოთ, “shabby chic” სტილი მიესადაგება მათ, ვისაც მშვიდი და დახვეწილი უბრალოება უყვართ, აფასებენ სითბოსა და სახლის სიმყუდროვეს. ეს არის სტილი რომანტიული და მეოცნებე ბუნების მქონდე ადამიანებისთვის.