in

„SHARE Georgia”-ს 2024 წლის ფორუმის მომხსენებელი „XTU Architects“-ის თანადამფუძნებელი, არქიტექტორი ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre) იქნება

არქიტექტორი ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre), რომელიც არქიტექტურული სტუდია — „XTU Architects“-ის (პარიზი) თანადამფუძნებელია, ნიკოლას დესმაზიერთან ერთად (Nicolas Desmazieres), „SHARE Georgia”-ს პირველი ფორუმის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იქნება, რომელიც 2024 წლის 11 ოქტომბრის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას მომხსენებლის რანგში და აუდიტორიას არქიტექტურისადმი განსაკუთრებულ ხედვასა და ინოვაციურ მიდგომას გაუზიარებს.

გარდა არქიტექტურული მოღვაწეობისა, ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre) „l’Académie d’architecture“-ის აკადემიკოსი გახლავთ. ამასთანავე, ის იკავებს უაღრესად მნიშვნელოვან ადგილს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში და გამოირჩევა აღმოჩენებით, ინოვაციური, ნოვატორული კვლევებით, კრეატიულობითა და თამამი არქიტექტურული მიდგომებით.

მისმა ნამუშევრებმა გლობალური გავლენა იქონია არქიტექტურის, მეცნიერებისა და ბუნების ურთიერთკავშირზე. „XTU“-ის გუნდთან ერთად, ის ჩართულია ურბანული აგროკულტურისა და ექსპერიმენტულ კვლევებში, რომლებიც ბიომეცნიერებას, ეკოლოგიას, არქიტექტურასა და ურბანულ განვითარებას ეხება. „XTU Architects“-ის გუნდს მიაჩნია, რომ ცოცხალი ორგანიზმები და ბიოტექნოლოგიური გარდაქმნა მომავლის რევოლუციას განაპირობებს. „XTU Architects“-ის პროფესიონალები აქტიურად არიან ჩართულნი ბიონიური  და ფოტოსინთეზური არქიტექტურის მიმართულებით ბიო ფასადების განვითარებასა და ახალი არქიტექტურული ეკოსისტემებს შექმნაში.

„XTU“-ის არქიტექტორების მსოფლმხედველობა მათი საქმიანობის ყოველ დეტალში ვლინდება, მათ შორის თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც, სადაც „X“ წარმოადგენს უცნობ მათემატიკურ ცვლადს, ხოლო „TU“ მათ მიერ განხორციელებული ნამუშევრების გეოგრაფიისა და ლანდშაფტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

არქიტექტურულ პროექტებში გამოყენებული ფორმების ენა მათი მიდგომის ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა. შემოქმედებით გუნდს სჯერა, რომ ფორმათა დიმანიკურობა სამყაროს სტრუქტურას ქმნის. მსგავსად ისლანდიის მთებისა და მყინვარებისა, რომელთა დაკვირვებისას მკვეთრ კიდეებს შორის მოულოდნელად ჩნდება მრუდები. როგორც „XTU“-ის არქიტექტორები  აცხადებენ: „ისლანდიის ლანდშაფტი ქმნის პროექტის ახლებურად გააზრების საფუძველს, რომელიც აერთიანებს ანთროპოლოგიურ, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ქრონოლოგიურ მიმართულებებს“. ამ მიმართულებების გარდა კი არქიტექტურული რესურსები ბუნებრივ და ცოცხალ სამყაროს ეფუძნება.

მსგავსი მიდგომით, მათი არქიტექტურა და შემოქმედება მოქნილი დინამიკის, თავისუფალი, ორგანული ფორმებისა და რთული გეომეტრიული ფიგურების გამოვლინების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, იდეალურად ერწყმის პარამეტრულ დიზაინს და ირგვლივ არსებულ ურბანულ კონტექსტსა და ლანდშაფტს. აღსანიშნავია ისიც, რომ „XTU“-ის შემოქმედებითი გუნდი შენობას დამოუკიდებელ ორგანიზმად განიხილავს, ხოლო ფასადებს ამ სისტემის „ორგანოებად“ მიიჩნევს (რომლებსაც მაგალითად, მიკროწყალმცენარეების ზრდის ხელშეწყობა შეუძლია).

„XTU“-ს ნამუშევრები მრავალ ინოვაციურ პროექტს აერთიანებს, რომლებიც აკადემიურ სპეციალიზაციასა და გარემოსდაცვით კვლევებს სცდება და  საცხოვრებელ თუ კულტურულ ნაგებობებს მოიცავს, მათ შორის რამდენიმე მუზეუმის პროექტს — „Jeongok Prehistory Museum“-ს სამხრეთ კორეაში;  „Museum of Civilizations“-ს რეუნიონის კუნძულზე და  „Cite du Vin Museum“-ს ბორდოში. სტუდიამ ასევე იმუშავა საფრანგეთის პავილიონზე 2015 წლის მილანის გამოფენაზე.

მათი ნამუშევრები საერთაშორისოდაა აღიარებული და არაერთი ჯილდოს მფლობელია. დაჯილდოებულ პროექტებს შორისაა: „Jeongok Prehistory Museum“ სამხრეთ კორეაში (კორეის არქიტექტურის აკადემიის ჯილდო – „Korean Academy of Architecture“); საფრანგეთის პავილიონი 2015 წლის მილანის საერთაშორისო გამოფენაზე ( არქიტექტურისა და ლანდშაფტის ოქროს მედალი – Architecture and Landscape Gold Medal, in the “Pavilions above 2000 m²“ section, from the Bureau International des Expositions); „Cité du Vin“ ბორდოში, საფრანგეთი (Honourable Mention in the National Prize for Wooden Construction 2017) და მრავალი სხვა.

„XTU Architects“-ის მიერ შესრულებულ ერთ-ერთ შთამბეჭდავ პროექტად ითვლება „La Cité du Vin“ ქალაქ ბორდოში. ღირსშესანიშნავი ნაგებობა, რომელიც მოქნილი, მოხდენილი ფორმებით გამოირჩევა, რაც ღვინის თხევად ბუნებას გამოხატავს – „უწყვეტ სიმრგვალეს, ხელშეუხებლობას და გრძნობადობას“.

სენსორული მიდგომა და არქიტექტურის ყოვლისმომცველ იმერსიულ გამოცდილებად გარდაქმნის სურვილი, რომელსაც შეგრძნებათა მთელი რიგის გამოწვევა შეუძლია, ყოველ დიზაინერულ გადაწყვეტილებაში იგრძნობა. „La Cité du Vin“-ის სივრცითი ფორმა იდენტობის სიმბოლოებს გამოხატავს — დაგრეხილი ვაზის ტოტი, ჭიქაში მბრუნავი ღვინო, მდინარე გარონის მორევები. ნაგებობის არქიტექტურაში გაერთიანებულია კარგი ღვინისა და არქიტექტურის ინოვაციური იდეა.

შეგახსენებთ, რომ „SHARE Georgia”-ს 2024 წლის საერთაშორისო არქიტექტურის ფორუმის პირველი მომხსენებლები იქნებიან:

მაურიციო მეოსი (Maurizio Meossi,  „ZAHA HADID Architects“-ის ასოცირებული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); იან კნიკერი (Jan Knikker,  „MVRDV“-ის პარტნიორი, ნიდერლანდები) რომან ქრისტესიაშვილი („UNStudio“, ნიდერლანდები);  თომას ვილემეიტი (Thomas Willemeit,  „GraftLab“-ის დამფუძნებელი, გერმანია); მაურიციო ტეორა (Maurizio Teora, „ARUP“-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); ანუკ ლეჟენდრი (Anouk Legendre, „XTU Architects“-ის დამფუძნებელი, საფრანგეთი); სანჯაი პური (Sanjay Puri, „SANJAY PURI ARCHITECTS“-ის დამფუძნებელი, ინდოეთი); ალირეზა თაღაბონი (Alireza Taghaboni, „NextOffice“-ის დამფუძნებელი, ირანი); გიორგი სულაბერიძე („ArtStudio Project“-ის დამფუძნებელი, საქართველო); გიორგი ხმალაძე („Giorgi Khmaladze Architects“-ის დამფუძნებელი, საქართველო); დავით ნიკურაძე („SPECTRUM“-ის დამფუძნებელი, საქართველო); მიშა ბალიაშვილი ( „BAUdesign“-ის დამფუძნებელი, საქართველო).

ღონისძიების სტანდარტული ბილეთის ღირებულება 25 ევროს შეადგენს (საფასური ითვალისწინებს „SHARE Georgia”-ს ფორუმის ყველა ლექციაზე დასწრებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და ყავით შესვენებას). ბილეთების შეძენა კი ღონისძიების ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

პარტნიორის კონტენტი

თანამედროვე მინიმალიზმით შექმნილი ინტერიერი ვაკეში — სტუდია „Due“-ს ნამუშევარი

ბინა მკვეთრი აქცენტებით – რამდენიმე პროექტი საქართველოდან