ქეროლაინ ბოსი (Caroline Bos), რომელიც სტუდია UNStudio-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ქალაქმგეგმარებელია, 2024 წლის 11 ოქტომბერს SHARE Georgia-ს ფორუმს მომხსენებლის რანგში დაესწრება და აუდიტორიას საკუთარ ხედვებსა და საერთაშორისოდ ცნობილი სტუდიის წარმატებულ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს.
ქეროლაინ ბოსი არის ნიდერლანდებში არსებული სტუდიის — UNStudio-ს თანადამფუძნებელი და მთავარი ქალაქმგეგმარებელი. ის გახლავთ მელბურნის უნივერსიტეტის (University of Melbourne) არქიტექტურის, მშენებლობისა და გეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი. ასევე, როგორც მოწვეული ლექტორი, ასწავლიდა პრინსტონის უნივერსიტეტში (Princeton University), ბერლაგეს ინსტიტუტში (როტერდამი, Berlage Institute), ვენის ხელოვნების აკადემიასა (Academy of Fine Arts in Vienna) და არნემის არქიტექტურის აკადემიაში (Academy of Architecture in Arnhem).
ქეროლაინ ბოსი სწავლობდა ხელოვნების ისტორიას ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯში (Birkbeck College), ხოლო მაგისტრის ხარისხი ურბანული და რეგიონული დაგეგმარების მიმართულებით, გეომეცნიერებების ფაკულტეტზე, უტრეხტის უნივერსიტეტში (University of Utrecht) მიიღო. იგი ასევე იყო Forum-ის (1985-86) და ANY-ის პუბლიკაციის “Diagram Works”-ის (1998) თანარედაქტორი ბენ ვან ბერკელთან (Ben van Berkel) ერთად. ასევე ის თანაავტორია ისეთი მნიშვნელოვანი სააზროვნო და შთამაგონებელი ნაშრომებისა, როგორებიცაა: “Ben van Berkel Architect” (1992), “Delinquent Visionaries” (1990), “Mobile Forces” (1994), “Move” (1999), “Unfold” (2003), “Design Models” (2006).
თავდაპირველად ქეროლაინ ბოსი ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდა. შემდეგ მან ბენ ვან ბერკელთან ერთად, 1988 წელს არქიტექტურული კომპანია Van Berkel & Bos Architectuur Bureau დააფუძნა, სადაც პრაქტიკულ ნაწილს სრულად უზრუნველყოფდა და წერდა ყველაფერს — დასაქმების ხელშეკრულებებით დაწყებული, ესეებითა და დასაპროექტებელი ობიექტების აღწერილობებით დამთავრებული. კომპანია 1998 წელს ახალი სახელწოდებით - „UnStudio“ (United Net) გამოჩნდა. კომპანიის სახელწოდებაში დამფუძნებელთა სახელების გამოყენებაზე უარის თქმით, მათ განამტკიცეს რწმენა ერთობლივი თანამშრომლობის მიმართ. ამრიგად, UNStudio პოზიციონირებს როგორც არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტთა ერთობა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება ცოდნის გაზიარებასა და ერთობლივ იდეებზე აგებულ სამუშაო პრინციპებს.
UNStudio ამჟამად 300 წევრს აერთიანებს და საქმიანობს ამსტერდამში, შანხაიში, ჰონგ-კონგში, ფრანკფურტში, დუბაიში, მელბურნსა და ოსტინში, ტეხასში. კრიტიკოსების მიერ აღიარებულმა საერთაშორისო სტუდიამ შექმნა არაერთი ცნობილი დიზაინი, პროექტების უზარმაზარი და შთამბეჭდავი პორტფოლიო. მათი მიზანია მომავლის ქალაქების დაპროექტება და მათი ადამიანებისთვის გაცნობა. შესაბამისად, ისინი ჩართულნი არიან დიდ პროექტებში, რომლებსაც ძალუძთ ადამიანების საცხოვრებელი გარემოს შეცვლა. UNStudio-თვის არცერთი მასშტაბი არ ჩანს მიუწვდომელი და არცერთი გამოწვევა – გადაულახავი. მათი მისიაა, დადებითი წვლილი შეიტანონ ურბანიზაციის, კლიმატის ცვლილების, მოსახლეობის დაბერებისა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გამოწვევების დაძლევაში. სტუდიის მიზანია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქალაქებსა და ადამიანებზე, ხოლო გარემოზე მინიმალურად იმოქმედოს. UNStudio ერთგულია მდგრადი დიზაინის პრაქტიკის მიმართ და თითოეულ პროექტში ყოველთვის ითვალისწინებს სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობის საკითხებს. ამ მიზნით, მათ დანერგეს ახალი ტექნოლოგიური კომპონენტები და საფუძველი ჩაუყარეს კვლევას ახალ კულტურულ ფორმებზე, მეთოდებზე, მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რაც სამყაროს გარდაქმნის.
შეგახსენებთ, რომ SHARE Georgia-ს 2024 წლის საერთაშორისო არქიტექტურის ფორუმის პირველი მომხსენებლები იქნებიან: ქეროლაინ ბოსი ( Caroline Bos, „UNStudio“-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ქალაქმგეგმარებელი, ნიდერლანდები); მაურიციო მეოსი (Maurizio Meossi, „ZAHA HADID Architects“-ის ასოცირებული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); იან კნიკერი (Jan Knikker, „MVRDV“-ის პარტნიორი, ნიდერლანდები) რომან ქრისტესიაშვილი („UNStudio“, ნიდერლანდები); თომას ვილემეიტი (Thomas Willemeit, „GraftLab“-ის დამფუძნებელი, გერმანია); მაურიციო ტეორა (Maurizio Teora, „ARUP“-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); ანუკ ლეჟენდრი (Anouk Legendre, „XTU Architects“-ის დამფუძნებელი, საფრანგეთი); სანჯაი პური (Sanjay Puri, „SANJAY PURI ARCHITECTS“-ის დამფუძნებელი, ინდოეთი); ალირეზა თაღაბონი (Alireza Taghaboni, „NextOffice“-ის დამფუძნებელი, ირანი); გიორგი სულაბერიძე („ArtStudio Project“-ის დამფუძნებელი, საქართველო); გიორგი ხმალაძე („Giorgi Khmaladze Architects“-ის დამფუძნებელი, საქართველო); დავით ნიკურაძე („SPECTRUM“-ის დამფუძნებელი, საქართველო).
ღონისძიების სტანდარტული ბილეთის ღირებულება 25 ევროს შეადგენს (საფასური ითვალისწინებს SHARE Georgia-ს ფორუმის ყველა ლექციაზე დასწრებას, პროფესიული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობასა და ყავით შესვენებას). ბილეთების შეძენა კი ღონისძიების ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
პარტნიორის კონტენტი