in

SHARE Georgia-ს 2024 წლის ფორუმის კიდევ ერთი მომხსენებელი არქიტექტორი Sanjay Puri იქნება

სანჯაი პური (Sanjay Puri), რომელიც არქიტექტორი და სტუდია Sanjay Puri Architects-ის დამფუძნებელია 11 ოქტომბერს დაგეგმილ SHARE Georgia-ს 2024 წლის ფორუმის მომხსენებელი იქნება. 

Sanjay Puri Architects-ი 1992 წელს დააარსდა. სტუდია საკმაოდ პროდუქტიულ საქმიანობას ეწევა და განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავს 32 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს: 600-ზე მეტი პროექტი, რომელიც საერთო ჯამში, 60 მილიონ კვადრატულ ფუტს შეადგენს. აღნიშნული პროექტების დამსახურებით სტუდიამ 450-მდე საერთაშორისო და ეროვნული ჯილდო მოიპოვა.  მათ შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია „The World Architecture Festival“-ის  ჯილდო წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტის ნომინაციაში (2018 წ. ამსტერდამი) და მსოფლიოს საუკეთესო საცხოვრებელი შენობის პრიზი LEAF Awards-ზე (ლონდონი).

Sanjay Puri Architects-მა თავისი პოზიცია არქიტექტურის სფეროში გაიმყარა იმით, რომ მსოფლიოში 100 საუკეთესო არქიტექტურულ სტუდიას შორის მოხვდა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Architizer New York, Archello, Archdaily, WA100 UK. მათი პორტფოლიო მოიცავს დიზაინის ფართო სპექტრს. ამჟამად ისინი მუშაობენ 100-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის პროექტზე, მათ შორის — საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, ოფისებზე, აპარტამენტებზე, ურბანული დაგეგმარებაზე, სასტუმროებსა და კურორტებზე. ასევე კულტურული, რელიგიური და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე.

Sanjay Puri Architects-ის დიზაინ გადაწყვეტილებები  ინოვაციური და ამავდროულად კონტექსტურია, ღრმად დაკავშირებულია და ერგება იმ ადგილს, სადაც ისინი შენდება. მუშაობის პროცესში კომპანია იყენებს ადგილობრივ ხელმისაწვდომ მასალებს, პატივს სცემს ტრადიციულ სამშენებლო მეთოდებსა და ხელობას და წინასწარ არსებული შენობების ტიპებს თანამედროვე და ორიგინალური გზით გადაამუშავებს. მათი პროექტები კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით იქმნება, ასევე დიდ ყურადღება ექცევა მდგრად მიდგომებსაც. Sanjay Puri Architects-ში მტკიცედ სწამთ, რომ არქიტექტურას გარემოსადმი რეაგირება და ადაპტაცია შეუძლია. ხოლო პრაქტიკულ გამოცდილებაში ბუნებრივად წარმოქმნილი ცვლილებები და მოულოდნელი გამოწვევები დაბრკოლებები კი არ არის, არამედ სტიმულის მომცემი და შემოქმედებითი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია. გარდა სამუშაო ადგილის, სივრცის და გარემოს საფუძვლიანი გააზრებისა, სტუდია  მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის ფაქტორსაც და დიდ ყურადღებას უთმობს არქიტექტურის მიზანს, რომელიც ადამიანის ფიზიკური და ემოციური გარემოს ფორმირებას გულისხმობს. არქიტექტურული ენის თვალსაზრისით, მათი პროექტები ხასიათდება მკვეთრი ფორმებით, გეომეტრიული ჟესტებით, ჰაპტიკური ტექსტურებით, მოულოდნელი პატერნებით, სინათლისა და ჩრდილის თამაშით.

სანჯაი პურიმ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიის დაარსებამდე, 1988 წელს მუმბაის არქიტექტურის აკადემია დაამთავრა. 1983-1988 წლებში იგი  მუშაობდა Architect Hafeez Contractor-ში, 1988 წელს ის კომპანიის ასოცირებულ წევრად დანიშნეს, ამის შედეგ კი 4 წელი უფროს ასოცირებულ წევრად მუშაობდა (Senior Associate).  მომხსენებლის რანგში, სანჯაი პურის, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო არქიტექტურულ ღონისძიებაზე, მათ შორის LEAF & WAF-ზე. ასევე კითხულობდა ლექციებს ბარსელონაში, ბელგრადში, მილანში, ამსტერდამსა და სინგაპურში, ბუქარესტში, ვენეციაში, ბერლინსა და ლონდონში. ის ასევე, როგორც ჟიურის წევრი, მონაწილეობას იღებდა არაერთ არქიტექტურულ კონკურსში, როგორებიცაა: World Architecture Festival და Dezeen Awards 2023. სანჯაი პური საკუთარ თავს პოეტურად აღწერს, როგორც „სივრცეების სკულპტორი, მოცულობების მხატვარი, განვითარებადი, ცვალებადი აღქმების არქიტექტორი“,  ხოლო საკუთარ პრაქტიკას ახასიათებს, როგორც „კვლევითი, მუდმივად განვითარებადი სივრცეების შექმნის პროცესს“.

შეგახსენებთ, რომ SHARE Georgia-ს 2024 წლის საერთაშორისო არქიტექტურის ფორუმის პირველი მომხსენებლები იქნებიან: კაროლინ ბოსი ( Caroline Bos, „UNStudio“-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ქალაქმგეგმარებელი, ნიდერლანდები); მაურიციო მეოსი (Maurizio Meossi,  „ZAHA HADID Architects“-ის ასოცირებული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); იან კნიკერი (Jan Knikker,  „MVRDV“-ის პარტნიორი, ნიდერლანდები) რომან ქრისტესიაშვილი („UNStudio“, ნიდერლანდები);  თომას ვილემეიტი (Thomas Willemeit,  „GraftLab“-ის დამფუძნებელი, გერმანია); მაურიციო ტეორა (Maurizio Teora, „ARUP“-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); ანუკ ლეჟენდრი (Anouk Legendre, „XTU Architects“-ის დამფუძნებელი, საფრანგეთი); სანჯაი პური (Sanjay Puri, „SANJAY PURI ARCHITECTS“-ის დამფუძნებელი, ინდოეთი); ალირეზა თაღაბონი (Alireza Taghaboni, „NextOffice“-ის დამფუძნებელი, ირანი); გიორგი სულაბერიძე („ArtStudio Project“-ის დამფუძნებელი, საქართველო); გიორგი ხმალაძე („Giorgi Khmaladze Architects“-ის დამფუძნებელი, საქართველო); დავით ნიკურაძე („SPECTRUM“-ის დამფუძნებელი, საქართველო).

ღონისძიების სტანდარტული ბილეთის ღირებულება 25 ევროს შეადგენს (საფასური ითვალისწინებს SHARE Georgia-ს ფორუმის ყველა ლექციაზე დასწრებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და ყავით შესვენებას). ბილეთების შეძენა კი ღონისძიების ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

პარტნიორის კონტენტი

ეკლექტური ინტერიერი ბარსელონაში

ბუნების ხედებით შთაგონებული კოტეჯი ინდოეთში – Dev Desai Architects & Associates-ის ნამუშევარი