in

შავი, თეთრი და მწვანე კარკასი – რა იგულისხმება ამ ტერმინების მიღმა

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ახალი ბინები მფლობელს, როგორც წესი, დასრულებული სახით ბარდება. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ახალმოსახლეს უწევს, ბინაში ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეტანაა. ამ მხრივ საკმაოდ განსხვავებული სიტუაცია გვხვდება საქართველოში. ქართველ მომხმარებელს, რომელზეც დეველოპერები ძირითად გათვლას აკეთებენ, ახალი ბინის გარემონტება საკუთარი გემოვნებითა და “ხელით” ურჩევნია. სწორედ ამიტომ, ჩვენს რეალობაში ახალაშენებული ბინები უმეტეს შემთხვევაში გასარემონტებელი სახით ბარდება. ასე დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე გადაცემული ბინის კონდიციის გამომხატველი ტერმინოლოგია, რომელსაც მართალია, კანონთან არანაირი შეხება არ აქვს, თუმცა ბინის მდგომარეობაზე საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას იძლევა.

ზოგადი განმარტების მიხედვით, შავი, თეთრი და მწვანე კარკასი სხვადასხვა კონდიციაში მყოფ, დაუსრულებელ ბინებს გულისხმობს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ცნებებს საქართველოში კანონი არ არეგულირებს, მათი გაგება სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში შესაძლოა, განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბინის შეძენამდე, აუცილებელია, გაირკვეს უშუალოდ დეველოპერთან, თუ რა მდგომარეობაში მყოფ ბინას გულისხმობს ის კონკრეტული ზემოხსენებული ტერმინის მიღმა.

დღევანდელ სტატიაში „ნამაი ვაკეს“ გუნდთან ერთად, სწორედ ამ ტერმინოლოგიაზე და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე გვსურს გესაუბროთ. ასევე გავარკვევთ, თუ როგორია „ნამაის სტანდარტით“ მომზადებული ბინა და დამკვიდრებული განსაზღვრებებიდან რომელს შეესაბამება ის.

თავდაპირველად, გავერკვეთ რას ნიშნავს ე.წ. “შავი კარკასი”, “თეთრი კარკასი”, “მწვანე კარკასი” და რა სხვაობაა მათ შორის.

  • “შავი კარკასის” კონდიციამდე მისულ ბინაში ამოყვანილია ტიხრები, შეკიდულია შემოსასვლელი რკინის კარი, კომუნიკაციები მიყვანილია შესასვლელ კართან, ბინის გარე პერიმეტრზე ჩასმულია კარ-ფანჯარა და დაგებულია ბეტონის ფილის იატაკი.
  • “თეთრი კარკასი” ჩამოთვლილი “შავი კარკასის” ყველა პირობასთან ერთად დამატებით შეიცავს: გაჯით შელესილ კედლებს, ბინაში შეყვანილ კომუნიკაციებს (გაზი, დენი, წყალი), მოჭიმულ იატაკს, კერამოგრანიტით მოპირკეთებულ აივანს.
  • “მწვანე კარკასი” ბინის “თეთრ კარკასზე” დაწინაურებული კონდიციაა და დამატებით შეიცავს: შებათქაშებულ და ერთი პირით გალესილ კედლებს, გათბობის მილებს, სანტექნიკურ მილგაყვანილობას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ კონტრაქტში მითითებულია „მწვანე კარკასი“, მას სამართლებრივი ძალა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მშენებლისგან უნდა მოითხოვოთ ჩასაბარებელი ბინის დეტალური აღწერა. შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული ტერმინები ერთგვარი “მარკეტინგული იარაღია”, რომელიც მომხმარებელს შეთავაზებულ უძრავ ქონებაზე გარკვეულ წარმოდგენას აძლევს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, რეალურ სურათს ვერ გადმოსცემს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ნამაი ვაკეს“ პრემიუმ კლასის კომპლექსს, აქ მომხმარებლის მოთხოვნილებები მაქსიმალურად გათვალისწინებულია. „ნამაის სტანდარტით“ გადაცემული ახალი ბინა, ეგრეთწოდებულ „მწვანე კარკასს“ გარკვეული სიკეთეებით უსწრებს. აქ მფლობელს „მწვანე კარკასისთვის“ დამახასიათებელი პირობების გარდა, დამატებით ევროპული ხარისხის თბილი იატაკი, გაგრილება-გათბობის სისტემა, თერმო რეგულატორი, ჰაერის გამწმენდი რეკუპერატორი, ინდუქციური ქურა, შემოსასვლელი კარის დომოფონი და სველ წერტილებში შეკიდული უნიტაზის ავზი დახვდება. ერთადერთი ძალისხმევა, რომელიც მფლობელმა უნდა გასწიოს ამ შემთხვევაში, იატაკის საფარისა და კედლების შპალერით ან საღებავით საბოლოო მოპირკეთებაა, რაც დაგვეთანხმებით, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესია.

#სადვიცხოვრო: მულტიკულტურული ელემენტებით დატვირთული ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

როგორ მოვაწყოთ სტუმრის საძინებელი ოთახი? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა